საქართველო და თურქეთი ისტორიული ძეგლების აღდგენაზე შეთანხმდნენ
23 მაისს საქართველოსა და თურქეთს შორის ხელშეკრულება კულტურის საკითხებში თანამშრომლობის შესახებაც გაფორმდა.
ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრებმა მოაწერეს ხელი, 2017-2021 წლებში ორმა ქვეყანამ თეატრის, კინოს, ლიტერატურის და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში უნდა ითანამშრომლონ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება კულტურულ ძეგლებს ეხება. დოკუმენტის მიხედვით, მხარეებმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უნდა შექმნან, რომელიც ერთობლივ სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. ძეგლების გამოკვლევის შემდეგ კი მათი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.
როგორც გადაწყდა, საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ხოლო თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა აღადგინონ.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
პირველი ეტაპი გულისხმობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი რღვევა ან ჩამოშლა; ამ ძეგლების შეფასება ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.
მეორე ეტაპი ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას ითვალისწინებს, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებულ სამუშაოების მიმართ მხარეებს გააჩნიათ გარკვეული შენიშვნები.
მესამე ეტაპის მიხედვით კი, უნდა აღირიცხოდ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში.
ორი ქვეყნის წარმომადგენლები ასევე შეთანხმდნენ თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს, თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში. საუბარია ფოტოსურათების, გრავიურების, რუქების გადაცემაზე.
თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ხუროთმოძღვრების სხვადასხვა ძეგლია, მათ შორისაა: ხახული, ოშკი, პარხალი, ბანა, ხანძთა, ოთხთა, შატბერდი, ტბეთი.
წინა წლებში მოლაპარაკებების შემდეგ, ქართულმა და თურქულმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს შეთანხმებას ორი მათგანის – ოშკისა და იშხანის აღდგენის შესახებ. რის შემდეგაც ქართული საზოგადოება კვლავ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან სხვა კულტურული ძეგლების გადარჩენისათვის შეთანხმებას თურქეთის რესპუბლიკასთან. ამისათვის სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჯგუფიც კი შეიქმნა “გადავარჩინოთ ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლები”.