საქართველო - განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანა. დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იხურება
ფოტო: რადიო თავისუფლება
რა წერია რეზოლუციაში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში თბილისი მასპინძლობდა, დღეს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებით დასრულდება.
19-პუნქტიან რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ამავე დროს, რეზოლუცია კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ალიანსის წევრ ქვეყნებს და რუსეთსაც.
ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტარებსა და მთავრობებს რეზოლუცია მოუწოდებს უზრუნველყონ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, გადადგან საქართველოსთვის მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები და გაზარდონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის.
საქართველოს შესახებ გამოცემულ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ უნდა შემცირდეს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, გაძლიერდეს სასამართლო, შენარჩუნდეს მედიაპლურალიზმი.
რუსეთს კი ასამბლეა მოუწოდებს ოკუპირებული რეგიონებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ.
საქართველო – გამონაკლისი
ოთხი დღით თბილისი ნატოს პოლიტიკური ცენტრად იქცა: ქვეყანაში 600-მდე სტუმარი, ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტარები იმყოფებოდნენ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში, ეს მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არაწევრ ქვეყანაში იმართება. ის ოთხი არაწევრი სახელმწიფო, რომლებმაც თავის დროზე ასამბლეას უმასპინძლეს, უკვე ნატოს წევრები არიან.
ასევე არც ისაა ჩვეულებრივი, რომ ასამბლეა არაწევრ ქვეყანაში მართავს სესიებს, აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ. „ეს ჩვენთვის გამონაკლისია… მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამას ვაკეთებთ და ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას საქართველოს მხარდაჭერის შესახებ”, – აღნიშნა მან.
ასამბლეის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა:
ალიანსის კარი საქართველოსთვის ღიაა
ასამბლეაზე ცალსახად და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსის კარი საქართველოსთვის ღიაა.
ნატოსს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტუმიულერიმ, ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანაა და ალიანსი აღიარებს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში აჩვენა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით.
“ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს ალიანსისთვის. აქ ვახსენეთ ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტი. 35 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ გაიღეს უდიდესი საფასური, მაგრამ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ შეიარაღებული ძალები გარკვეული ინსტიტუციური სტრუქტურის დონეზე აიყვანოს. არის რეფორმები, რომლებიც უნდა გატარდეს,” – განაცხადა როუზ გოტემოლერიმ.
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის შეძლებს ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს, გოტემოლერის თქმით, ამგვარი პროგნოზის გაკეთება ძნელია: “მაგრამ ვხედავ სტიმულს და ტრაექტორიას და ორივეს მიმართულება პოზიტიურია”.
რუსეთი საფრთხეა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ისაუბრეს იმაზეც, თუ რა გამოწვვების წინაშე დგას საქართველო. მწვავე განცხადებები გაკეთდა რუსეთის მისამართით:
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “რუსეთი უნდა დაუბრუნდეს მის ოფიციალურ საზღვრებს”.
ასამბლეის ვიც-პრეზიდენტისა და ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელის, რასა იუკნევიჩიენესის განცხადებით, რუსეთი არა მხოლოდ სამეზობლოს უქმნის საფრთხეს, არამედ დასავლურ დემოკრატიებსაც.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარე, ფილიპ ვიტელი ამბობს, რომ რუსული საფრთხის შესახებ საკითხი რეგულარული განხილვის ფორმატში ზის და ეს ყველას აშფოთებს.
ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
27 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და წევრები დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში გაემგზავრნენ. ოძისი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართანაა და ბოლო სოფელია, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებს. იმ ადგილიდან, სადაც დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ, კარგად ჩანს რუსული სამხედრო ბაზები.
“ჩვენი მხრიდან დღეს აქ მოსვლა სიმბოლურია. ჩვენი თვალით ვხედავთ, რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვხედავთ, რომ სიტუაცია, რეალურად დრამატულია. ცხადია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები აქვს და საფრთხის ქვეშ ცხოვრობს,” – განაცხადა ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.
მისი თქმით, „ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აქაა, საქართველოში, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან და რომ ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
- ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანი სესიები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო და 29 მაისამდე გაგრძელდა.