ერევანში ევრაზიის კავშირის ყველა წევრი ქვეყნის მეთაურები ჩავიდნენ
2019 წელს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში თავმჯდომარეობა სომხეთს გადაეცა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორის საბჭოში მონაწილეობის მისაღებად ერევანში ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ჩავიდნენ. კავშირში შედის სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და რუსეთი.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს. ორგანიზაცია თავისი წევრი ქვეყნებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
წინა დღეს სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი არაფორმალურ ვითარებაში რუს კოლეგას დმიტრი მედვედევს შეხვდა.
ოფიციალური მხარე
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იყო, და პირველი ორი საათის განმავლობაში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მედია იუწყებოდა, რომ განიხილებოდა 13 საკითხი. ეს საკითხები კავშირის შიდა ბაზარზე არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრას, ინტეგრაციული პროცესების, სამრეწველო კოოპერაციის, ვაჭრობის, საბაჟო თანამშრომლობისა და ეკონომიკის განვითარებას ეხებოდა.
სხდომის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ციფრულ დღის წესრიგს დაუთმეს. განიხილებოდა ინტერნეტ-ვაჭრობის პერსპექტივები და შიდაეკონომიკური საქმიანობის რეგულირების სისტემაში „საერთო ფანჯრის“ მოდელი.
რაზე ილაპარაკა ფაშინიანმა
გაფართოებული სხდომის დროს, რომელიც უკვე გახსნილი რეჟიმით მიმდინარეობდა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. ეს განცხადებები პრაქტიკულად ყველა სფეროში ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასამართლო სისტემის გამყარებას და ახლანდელი მთავრობის მიზნებს ეხებოდა. ფაშინიანის თქმით, მთავარ მიზანს კონკურენტუნარიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული ეკონომიკის შექმნა წარმოადგენს:
„ჩვენ მოვახერხეთ, რომ ხელოვნური მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების საქმიანობა მინიმუმამდე დაგვეყვანა. დღეს სომხეთში თავისი პოლიტიკური გავლენითა და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად ზეგავლენის ბერკეტებით ვერავინ მანიპულირებს. ამან, თავის მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო გააჯანსაღა და, არ მოვერიდები იმის თქმასაც, რომ გააჯანსაღა მთლიანად საზოგადოებაში არსებული მორალური კლიმატიც“.
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთი დაახასიათა როგორც დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა, რომელიც პოლიტიკური სტაბილურობითა და პროგნოზირებადობით გამოირჩევა:
„დღეს ჩვენს მთავრობას ლეგიტიმურობის უმაღლესი ხარისხი და საზოგადოებრივი ნდობის უპრეცედენტო დონე გააჩნია, ეს ძალიან გვავალდებულებს, თუმცა ამავდროულად ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ თამამი ნაბიჯების გადადგმისა და თავგანწირული შრომის შთამაგონებელიცაა“.
რაზე ილაპარაკა მედვედევმა
რუსეთის მთავრობის მეთაურმა დმიტრი მედვედევმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში თავისუფალი ვაჭრობისთვის არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
ამ საქმეში ერთ-ერთ მთავარ საკითხს საბაჟო გადასახადებთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს. მაგრამ, დმიტრი მედვედევის თქმით, იმპორტის გადასახადების მხრივ, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ჯერ ვერ მოხერხდა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიგნით სანქციების დაწესების თავიდან აცილებისკენ მიისწრაფვის. ეს, კერძოდ, რძის პროდუქციას ეხება:
„ჩვენ იმაზე შევთანხმდით, რომ ყველა საკითხი, რაც რძესთან დაკავშირებით არსებობს, ყველა იმ საწარმოსთვის, რომლებიც ახლა რუსულ ბაზარზე საკუთარ პროდუქციას ვერ ყიდიან – დროებით შეზღუდვებს დავაწესებთ“.
წინა დღეს – შეხვედრა ჰალსტუხების გარეშე
სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს რუსეთის ხელისუფლების მეთაურის პირველი ვიზიტია. ცხადია, რომ ორმხრივ ფორმატში მედვედევი და ფაშინიანი სომხეთისა და რუსეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდნენ.
ნიკოლ ფაშინიანმა თავის მეუღლესთან ანა აკოპიანთან ერთად რუსეთის პრემიერი ჩამოსვლისთანავე სამთავრობო სასახლეში მიიღო, სადაც ისინი ცხოვრობენ. სომხეთის პრემიერმა მედვედევს უთხრა, რომ სომხეთში ასეა მიღებული, „ყველაზე ძვირფას სტუმრებს შინ იწვევენ“:
„ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენს ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. დარწმუნებული ვარ, რომ პესიმისტების აზრის სპირისპიროდ, ჩვენი ურთერთობა ახალ დონეს მიაღწევს. და ჩვენ, რასაკვირველია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ სომხეთის პრემიერს, მის რეზიდენციაში არაფორმალურ ვითარებაში ურთიერთობისთვის მიწვევის გამო, მადლობა გადაუხადა:
„ეს ყოველთვის დასაფასებელია, ეს ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობაა, არაფორმალურ ვითარებაში ორმხრივი ურთერთობის სხვადასხვა ასპექტზე საუბარი… ეს შეხვედრა – კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ორმხრივი ურთერთობის განსახილველად … მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის – ძალიან რთულისაც“.
პრემიერების ორმხრივი შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის.