ხალხმრავალი მსვლელობა სომხეთში, რომელიც 1 მარტის ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გამართა მასობრივი მსვლელობა, რომელიც, მისი თქმით, სომხეთის მოქალაქის მიერ ძალადობასთან, კორუფციასა და უკანონობასთან ბრძოლას ეძღვნება. მსვლელობა 1 მარტის ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა. თერთმეტი წლის წინ ამ დღეს, დემონსტრაციის დარბევის დროს საბრძოლო იარაღი გამოიყენეს. დაიღუპა ათი ადამიანი.
• სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი „1 მარტის“ საქმეზე დააპატიმრეს
• სომხეთის მეორე პრეზიდენტს ახალი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება
• სომხეთის ექს-პრეზიდენტის ვაჟს ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
როგორ იხსენებენ ერევანში „1 მარტის“ მსხვერპლებს
2019 წლის 1 მარტს ადამიანები დილიდან მიემართებოდნენ მიასნიკიანის ძეგლისკენ, სადაც 11 წლის წინათ ტრაგიკული მოვლენები განვითარდა. ადამიანებს იქ ყვავილები და სანთლები მიჰქონდათ.
დილით პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხალხისადმი საგანგებო მიმართვით გამოვიდა:
„სახელმწიფოს სახელით 1 მარტის ყველა მსხვერპლს ბოდიშს ვუხდი, სახელმწიფოს სახელით ბოდიშს ვუხდი დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში მომხდარი ყველა პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლს, ბოდიშს ვუხდი პოლიტიკური დევნას დაქვემდებარებულ ადამიანებს. ამიერიდან ძალადობის გზით საკითხების გადაწყვეტის ფურცელი დახურულია“.
ფაშინიანმა 11 წლის წინ მომხდარი შეაფასა. მისი თქმით, იმ დროს მოქმედი ხელისუფლების მთავარ და ერთადერთ სამიზნეს სომხეთის მოქალაქე წარმოადგენდა.
„ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ უკანონო ძალა გამოიყენა, რის გამოც, სომხეთის 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ ორი იმ დღეს მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა“.
რა ხდებოდა 2008 წლის 1 მარტს ერევნის ქუჩებში
1 მარტის ტრაგიკულ მოვლენებს წინ საპრეზიდენტო არჩევნები უძღოდა.
იმ მომენტისთვის მოქმედი პრეზიდენტი იყო რობერტ კოჩარიანი, რომელიც თავის მეორე ვადას ასრულებდა. კანონმდებლობის თანახმად, მას საკუთარი კანდიდატურის თავიდან წამოყენების უფლება აღარ ჰქონდა.
2008 წლის 19 თებერვალს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, მან ამომრჩევლების ხმათა 52% დააგროვა, მისმა მთავარმა მეტოქემ კი, სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა – 21,5%.
წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან მალევე ქვეყანაში მღელვარება დაიწყო. პოლიტიკური ბლოკის მომხრეები, რომელსაც სათავეში ტერ-პტროსიანი ედგა, ირწმუნებოდნენ, რომ მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა და არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ.
ზედიზედ ათი დღის განმავლობაში ადამიანები თავისუფლების მოედანს არ ტოვებდნენ და სადღეღამისო დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ.
1 მარტს, გამთენიას, საპროტესტო აქციის მონაწილეები მოედნიდან ძალის გამოყენებით გაყარეს. მოგვიანებით ქალაქის სხვა ნაწილში – მიასნიკიანის ძეგლის მახლობლად – დემონსტრაციის დარბევის დროს გამოყენებული იყო საბრძოლო იარაღი. შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.
ვინ არის ბრალდებული „1 მარტის“ საქმეზე
მხოლოდ 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ, ანუ 10 წლის გასვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ახალ ხელისუფლებას „1 მარტის“ საქმის გახსნის პოლიტიკური ნება ჰქონდა. სომხეთის საგანგებო საგამოძიებო ჯგუფმა ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი ჯერ მოწმის სახით დაკითხა, შემდეგ კი მას „საკონსტიტუციო წყობის დამხობის“ მუხლით ბრალდება წარუდგინა.
რობერტ კოჩარიანი დაპატიმრებულია. მისი ადვოკატების მრავალრიცხოვანმა შუამდგომლობამ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლისა და ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე შედეგი არ გამოიღო.
საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში ჯარი მონაწილეობდა. მტკიცებულების სახით, მოყვანილია 0038 -ე საიდუმლო ბრძანების ტექსტი. ბრძანების თანახმად, ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაში იქნა მოყვანილი.
„1 მარტის“ საქმეზე, სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის გარდა, საქმე ეხებათ:
- სეირან ოგანიანს, რომელიც 2008 წელს შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა;
- იური ხაჩატუროვს, რომელიც იმ დროს ერევნის გარნიზონის უფროსი იყო;
- არმენ გევორგიანს – ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს;
- მიკელ არუთიუნიანს – სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელიც აქამდე ძებნაშია.
ექს-პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მას პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნევს.
რატომ მიაჩნია კოჩარიანს მისი დაპატიმრება პოლიტიკურ დაკვეთად
სომხეთის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატ ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ის არჩევნების შედეგების გამოცხადების გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. 1 მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი, მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდების გამო, ერთი წლითა და ოთხი თვით იატაკქვეშეთში გაუჩინარდა.
2010 წლის 1 ივლისს ფაშინიანი პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ერთი წლისა და 11 თვის შემდეგ მას შეეხო ამნისტია, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს მიეძღვნა. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლით გადადგა.