2017 წლის 2 მაისს იური ხაჩატუროვი ოფიციალურად შეუდგება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას და ორგანიზაციას სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1992 წელს, სსრკ-ის დაშლის შემდეგ შეიქმნა. საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა ძალიან მალე დატოვეს მისი რიგები. ახლა ორგანიზაციაში ექვსი წევრია – სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
იური ხაჩატუროვის კანდიდატურა კოლექტიური უსფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ლიდერებმა ბიშკეკში გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაზე ერთხმად მიიღეს.
გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი სომხეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსის და სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებდა. 2016 წელს ის სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნეს.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა სომხეთის წარმომადგენელს, როტაციის შესაბამისად, ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაეკავებინა. თუმცა, საკითხი არაერთხელ გადაიდო. თავიდან – 2016 წლის ოქტომბერში – ერევანში გამართულ ორგანიზაციის სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის არყოფნის გამო; შემდეგ კი, დეკემბერში – ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების სესიაზე სანკტ-პეტერბურგში – ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს არგამოცხადების გამო.
სომეხმა ექსპერტებმა ეს ყაზახეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების მხრიდან დემარშად აღიქვეს. მათი აზრით, ეს იმას უკავშირდებოდა, რომ სომეხი გენერლის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დანიშვნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანი გამოთქვამდა უკმაყოფილებას.