ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.
ეს მოულოდნელი გადაწვეტილება დღეს “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილიც.
ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივანი იქნება და ის ამ პოსტზე დეპუტატ გია ვოლსკის შეცვლის.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწვეტილება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი კრიზისშია. დამკვირვებლების აზრით, ღარიბაშვილის მისიაა დაშლის პირას მყოფი მმართველი გუნდის გადარჩენა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი. ეს ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
ღარიბაშვილის მოკლე დოსიე
ირაკლი ღარიბაშვილი სამ წელიწადზე მეტია საჯარო სივრცეში თითქმის არ გამოჩენილა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორწლიანი მუშაობის შემდეგ, 2015 წლის 23 დეკემბერს ამ თანამდებობიდან ის სრულიად მოულოდნელად გადადგა.
2016 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა მისალოცი ბარათებიც კი გაუგზავნა ჟურნალისტებს, სადაც ოჯახთან ერთად ყველას დამდეგ წელს ულოცავდა, როგორც ქვეყნის პრემიერი.
თავისი გადადგომის შესახებ ღარიბაშვილმა ხალხს წინასწარ ჩაწერილი ხუთწუთიანი სატელევიზიო მიმართვით შეატყობინა. მიმართვაში მან მიღწეულ „ისტორიულ შედეგებზე“ ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს გადადგომის მიზეზებზე.
• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
„თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა მან.
მოგვიანებით, ივანიშვილმაც აღიარა, რომ გადაწყვეტილება ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ მასთან კონსულტაციების შედეგი იყო.
ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2013 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც მან ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ერთი წლის განმავლობაში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
ღარიბაშვილი პოლიტიკაში ივანიშვილთან ერთად 2011 წლის ბოლოს ჩაერთო, მას შემდეგ, რაც რვა წლის განმავლობაში პირადად მასთან მუშაობდა.
ღარიბაშვილი ერთადერთი გადამდგარი მაღალი რანგის ჩინოვნიკია, რომელსაც ივანიშვილი გადადგომის შემდეგაც პოზიტიურად მოიხსენიებდა. (განსხვავებით ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილისა და ყოფილი პრეზიდენტის მარგველაშვილისგან. მათ ივანიშვილი მკვეთრად აკრიტიკებს)
კრიზისი ქართულ ოცნებაში
უკანასკნელი ერთი თვეა, მმართველი პარტიის რიგებში აშკარა კრიზისია და ღარიბაშვილის დაბრუნებასაც პოლიტიკური დამკვირვებლები ამ კრიზისის გამოხმაურებად აფასებენ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა “ქართული ოცნება” შვიდმა დეპუტატმა დატოვა. კიდევ რამდენიმე დეპუტატი ასევე გამოთქვამს მზაობას, რომ “ოცნების” რიგები დატოვოს.
• მამუკა ხაზარაძე: შს მინისტრმა მუქარის წერილი გამომიგზავნა
• უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების საქმე და განხეთქილება უმრავლესობაში
განხეთქილების მიზეზი საეჭვო რეპუტაციის ათი მოსამართლე გახდა, რომელთა უვადოდ დანიშვნას პარლამენტი უზენაეს სასამართლოში აპირებდა. ამ მოსამართლეების დანიშვნას “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილი შეეწინააღმდეგა. მათ გუნდის დატოვება მოუხდათ.
პარალელურად, 2019 წელს “ქართული ოცნება” კიდევ ერთ მნიშვნელოვან სკანდალს უმკლავდება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკის – თიბისი ბანკის გარშემო ვითარდება.
ამ სკანდალმა უკვე ახალი კონტურები შეიძინა – თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ღიად დაადანაშაულა შს მინისტრი მუქარაში.