დაჯგუფებამ იარაღი დაყარა
17 ივლისს შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორია დაიკავა და ერთი თვის წინათ დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება მოითხოვა. “დამფუძნებელი პარლამენტის” ლიდერი, ჟირაირ სეფილიანი იარაღის უკანონოდ შეძენის, გადატანისა და შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.
17 ივლისს დაჯგუფება “სასნა ცრერის” (ითარგმნება, როგორც “შლეგები სასუნიდან”) წევრები მოითხოვდნენ, რომ მათთან მიეყვანათ სეფილიანი და განაცხადეს, რომ მხოლოდ ჟირაირის ბრძანებებს დამორჩილდებოდნენ. დაჯგუფების წევრები ასევე მოითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომასაც. დაჯგუფებისა და მათი მოთხოვნების მხარდაჭერა გადაიქცა მოძრაობად, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი ჯერ კიდევ არ ჰყავს.
31.07.2016 21.20
დაახლოებით 20:00-ზე დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრმა, ვარუჟან ავეტისიანმა ინტერნეტგამოცემა 1in.am -ის ოფისში დარეკა და განაცხადა, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა, ძალოვანებს დანებდეს. ამბოხებულებ აპირებენ, მოწინააღმდეგეს სამხედრო ტყვეებად ჩაბარდნენ. ავეტისიანის თქმით, ბოლო დღეებში პოლიციამ რამდენიმე მებრძოლი დაჭრა. ზოგიერთ ამბოხებულს ფეხი აქვს დაზიანებული; დღეს კი დაჯგუფების ერთი წევრი მკერდში დაიჭრა. ამჟამად პოლკის ტერიტორიაზე 20 ამბოხებული იმყოფება. ვარუჟან ავეტისიანმა ისიც აღნიშნა, რომ წინა ღამით გარკვეული მიზეზების გამო, მოლაპარაკებები დაიწყეს.
ავეტისიანის თქმით, მათ ორი გზა რჩებათ – ან პოლიციასთან უნდა დაიწყონ ბრძოლა და რეჟიმთან ნაკლებად დაკავშირებული ადამიანების სისხლი დაღვარონ, ან უარი თქვან სისხლისღვრაზე და “სამხედრო ტყვეების სტატუსი” მიიღონ. ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ, მაგრამ მაინც ეს გზა აირჩიეს.
ავეტისიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის და მისი თანამებრძოლები მათზე დაკისრებულ მისიას შესრულებულად მიიჩნევენ. ეროვნული პროტესტი დაიწყო.
პირველი არხის ეთერში უკვე გაისმა ოფიციალური განცხადება – დაჯგუფებამ იარაღი დაყარა.
ქრონიკა 2016 წლის 30 ივლისის 14:00-დან 2016 წლის 31 ივლისის 14:00-მდე
დროის ეს მონაკვეთი რეპლიკების სიუხვით გამოირჩეოდა. უკანასკნელი განცხადება 31 ივლისის დილით, საპროტესტო მოძრაობის მაკოორდინირებელი ანტიკრიზისული საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ალბერტ ბაღდასარიანმა გააკეთა. მან თავის “ფეისბუკგვერდზე” დაწერა: “საბჭო წყვეტს მუშაობას, რადგან მისი წევრების უდიდესი ნაწილი დაკავებულია, დაპატიმრებულია, ან სხვა მიზეზებით ვერ ახერხებს მოძრაობის კოორდინირებას.”
ბაღდასარიანი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან საბჭოს სახელით დამოუკიდებლად მოქმედება უაზრო და არაფექტიანი იქნებოდა. ამ პასუხისმგებლობას იგი იმ ადამიანებს გადასცემს, რომლებიც ხალხის ნდობით სარგებლობენ და პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს, სათავეში ჩაუდგნენ მოძრაობას, რომელიც დაჯგუფება “სასნა ცრერმა” დაიწყო. ბაღდასარიანი ითხოვს, რომ მოქალაქეებმა ამბოხებულები მარტო არ დატოვონ.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა 30 ივლისს ანტიკრიზისული საინიციატივო საბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 29 ივლისს პოლიციამ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ უხეში ძალა გამოიყენა და საბჭოს წევრების დაკავება და დაპატიმრება დაიწყო, რითაც ამ ორგანოს მუშაობის პარალიზება მოახდინა. გაისმა მოწოდება არაგულგრილი მოქალაქეების მიმართ, “თვითორგანიზებაზე” გადასულიყვნენ და ბრძოლა, დაუმრჩილებლობის აქცია გაეგრძელებინათ.
ამავე დროს, ეროვნული უშიშროების სამსახურმა გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ამბოხებულების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე შეღწევის ნებისმიერი მცდელობა ფასდებოდა და შეფასდება ტერაქტში თანამონაწილეობად, და ამის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ – მიუხედავად მათი მდგომარეობისა
ეროვნული უშიშროების სამსახურმა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, პოლკის ტერიტორიაზე დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი მებრძოლის, არტურ მელქონიანის ჩვენების ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა. მელქონიანის ნათქვამის მიხედვით, პოლიციის პოლკის ტერიტორიის დაკავებამდე ამბოხებულთა ნაწილმა არ იცოდა, სად და რატომ მიემართებოდა.
პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, არ წამოგებოდნენ ავანტიურებს, არ დაეწყოთ მსვლელობები სახიფათო გადაკეტილ ზონაში და სამართალდამცავი ორგანოებისთვის დამატებითი სირთულეები არ შეექმნათ.
თავად ჟირაირ სეფილიანმა, რომელიც ვარდაშენის საპატიმროში იმყოფება, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღიშნულია, რომ უკვე 14 დღეა, რაც მისი მეგობრები ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ სისტემას, რომ ეროვნული ამბოხება დაიწყოს; და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ამ ადამიანების თავგანწირვის მიზანი თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოა.
“ძალიან მიჭირდა დუმილის შენარჩუნება, მაგრამ თავს ვიკავებდი, სისხლისღვრა რომ აღმეკვეთა და მოლაპარაკებებითვის ხელი არ შემეშალა. თუმცა, სერჟ სარგსიანი პრობლემის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას არ აპირებს. მან ამბოხებული ბიჭების ფსიქოლოგიური დაძაბუნებისა და ფიზიკური განადგურების სისხლიანი გზა აირჩია… სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას ცოცხალი ფარი, რომელიც საპატრულო-საპოსტო სამსახურის [დაჯგუფების მიერ დაკავებულ] ტერიტორიასა და პოლიციას შორის იდგება.
რა თქმა უნდა, ამისათვის ადამიანთა დიდი რაოდენობაა საჭირო. მხოლოდ ასე შეიძლება ვაიძულოთ რეჟიმი, მიიღოს ხალხის დიქტატი და დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა გამოინახოს ოქროს შუალედი, რომელიც გამარჯვებებსა და დამარცხებებს არ იგულისხმებს.”
გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა 29 ივლისს, საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის [ამბოხებულების მიერ დაკავებული] მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით. საუბარი იყო იმაზეც, რომ ამ საკითხზე გენპროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
საპასუხო განცხადებით გამოვიდა 11 ჟურნალისტური ორგანიზაცია. აღნიშნულმა მედიაორგანიზაციებმა პოლიციის მიერ დადებულ პირობას (იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხევა გამოძიებულ იქნება) “კურიოზული” უწოდეს.
მათ აღნიშნეს, რომ თავად ხშირად გამოდიოდნენ განცხადებებითა და მოწოდებებით, შეწყვეტილიყო ფიზიკური ძალადობა და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ხელი არავის შეეშალა. თუმცა, ჟურნალისტების მოთხოვნები დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ “პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურებისაგან რაიმეს მოთხოვნას აზრი არ აქვს” და იტოვებენ უფლებას, მიიღონ სხვა კანონიერი ზომები ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად.
30 ივლისს ეროვნული უშიშროების სამსახურმა მორიგად მიმართა დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრებს და ამბოხებულებს მოსთხოვა, რომ 17:00-მდე წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებებულიყვნენ.
მაგრამ დაჯგუფების წევრები არათუ დანებდნენ, არამედ თავად გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც პოლიციელი, 1986 წელს დაბადებული იურა ტეფანოსიანი დაიღუპა. არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მომხდარის მიზეზებსა და აზრს მოჰფენდა ნათელს. პოლკის ტერიტორიიდან სნაიპერმა გაისროლა 350-400 მეტრით დაშორებული ავტომობილის მისამართით, რომელშიც დაღუპული პოლიციელი იჯდა.
მოგვიანებით გავრცელდა დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრის, ვარუჟან ავეტისიანის განცხადება: “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პოლიციელი ჩვენი გასროლით არ მომკვდარა.”
17 ივლისამდე ასეთი შემთხვევა დიდი ხნით მიიპყრობდა საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ ამჯერად შეუმჩნევლად ჩაიარა. რევოლუციური განწყობა და ცვლილებების შესაძლებლობები იმ დონემდე მივიდა, რომ ადამიანებს არც ლიდერების არარსებობა აწუხებთ, არც იმ ადამიანების განსხვავებული მოსაზრებები, ვინც ჯერ კიდევ ცდილობს მოძრაობის კოორდინირებას, და არც მკაფიო მიზნების არარსებობა. მსვლელობის მარშრუტის გეგმაც კი არ არსებობს უახლოესი საღამოსთვის.
30 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართული ტრადიციული მიტინგის დროს ანტიკრიზისული საინიციატივო საბჭოს წევრმა, ალბერტ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, იგეგმება დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრების განეიტრალება. მისი თქმით, ხელისუფლება ადამიანის მოშორების საბჭოური პრინციპით (“არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა”) მოქმედებს.
მიტინგში საბჭოს მხოლოდ ორი წევრი იღებდა მონაწილეობას. კიდევ ერთხელ გაისმა მოწოდებები პარლამენტარების მიმართ, რომელთაც მიკროფონთან მისვლასა და მოძრაობის სადავეების ხელში აღებას სთხოვდნენ. თავისუფლების მოედანზე ორი დეპუტატი იმყოფებოდა, რომლებმაც ეს წინადადება უპასუხოდ დატოვეს.
დემონსტრანტები დიდხანს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მარშრუტით უნდა წარმართულიყო მსვლელობა. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ გზები გადაეკეტათ და დედაქალაქის ცენტრში მოძრაობის პარალიზება მოეხდინათ – იმის დასამტკიცებლად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეშინდათ იმ უხეში ძალის, რომელიც 29 ივლისს პოლიციამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა.
მსვლელობამ მშვიდად ჩაიარა. გაისმა ჩვეული მოწოდებები მოსახლეობის მიმართ. დემონსტრანტები მოქალაქეებს სთხოვდნენ, შეერთებოდნენ მოძრაობას და რეჟიმი უსისხლოდ გაენადგურებინათ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტოს ამბოხებულების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება. პოლიცია დემონსტრანტების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფდა, მაგრამ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო.
აქციის მონაწილები იმ ადგილას გაჩერდნენ, სადაც ერთი წლის წინათ ელექტროენერგის ტარიფების გაზრდის წინააღმდეგ დაწყებული მჯდომარე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ეს ადგილი ახალი ტალღის, საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლის ახალი ეტაპის სიმბოლო გახდა.
დემონსტრაციას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. აქციის ერთ-ერეთი მონაწილე შეეცადა, პროტესტის ნიშნად, თავი დაეწვა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს. დემონსტრანტებმა ცეცხლი ერთობლივი ძალებით ჩააქრეს.
“თვითორგანიზებული” ბრძოლა გრძელდება. ლიდერობის მსურველი ჯერჯერობით არ ჩანს.
სოციალურ ქსელებში
პირველი ტენდენცია: პრეზიდენტი ადრე თუ გვიან გადადგება
“მაინტერესებს რა შემადგენლობით განიხილავს სომხური ელიტა სერჟ სარგსიანის “ჩაბარების” ვარიანტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი განიხილება. ისიც ზუსტად ვიცი, რომ სერჟ სარგსიანმა ეს იცის.”
მეორე ტენდენცია: მხარი უნდა დავუჭიროთ იმ პირებს, რომლებიც 29 ივლისს პოლიციის ქმედებების შედეგად დაზარალდა
“ვინ იხდის იმ ადამიანების მკურნალობის ხარჯებს, რომლებსაც პოლიციამ და კრიმინალებმა სასტიკად სცემეს? მკრნალობის კურსს სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში გადიან, თუ ჯანმრთელობის აღდგენა საკუთარი სახსრებით უნდა შეძლონ? და რა ბედი ეწევათ დაზარალებლ ბავშვებს? ხალხის დაზიანებულ ქონებას? არსებობს თუ არა სამართლებრივი მექანიზმები იმისთვის, რომ ის, ვინც ადამიანის ჯანმრთელობას დააზიანებს, დაზარალებულის მკურნალობის ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან იხდიდეს? ან იქნებ ეს ფლი პოლიციის ბიუჯეტს დავუკავოთ?”
“ბიჭი, რომელმაც თვალი დაკარგა, ხვალ თავის დანგრეულ სლიერ საყაროსთან პირისპირ დარჩება. იგი მარტო იქნება და, სავარაუდოდ, გაბოროტდება. დამწვარი სახლის მფლობელი საკუთარი პრობლემების ამარა დარჩება. ისიც მარტო იქნება და, სავარაუდოდ, აჯანყების, ამბოხების სურვილი ექნება. პოლიციის მიერ დაშინებული ბავშვების მამამ, შესაძლოა, ძალოვან სტრუქტურებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ვერ აპატიოს და გადაწყვიტოს, რომ გამოსავალი იარაღის ხელში აღებაა.”
ექსპერტის მოსაზრება
ანალიტიკოსმა იგორ მურადიანმა ინტერნეტგამოცემა Lragir.am-ის საშუალებით თავისი აზრი გამოთქვა:
“ვარუჟან ავეტისიანმა [იგულისხმება ამბოხებული დაჯგუფება “სასნა ცრერის” ერთ-ერთი წევრი] განაცხადა, რომ რუსეთს ამ ამბოხებასთან უშუალო კავშირი აქვს. თუმცა, ამ მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტები არ მოუყვანია.
მაგრამ, მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ ამ ამბოხებას, შესაძლოა, უფრო ფართო დიაპაზონი ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუკი აჯანყებულები რუსეთთან ურთიერთობის გადახედვას (რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების შეწყვეტას, სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა და ევრაზიულ კავშირში ყოფნაზე უარის თქმასა და საჰაერო თავდაცვის შეთანხმების გაუქმებას) მოითხოვდნენ. ყველაზე მთავარი, რაც დასავლურ საზოგადოებას აღელვებს, არის გიუმრის სამხედრო ბაზა, რომელიც ყველას თვალში ეჩხირება.
ცხადია, სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსებს მიიჩნევს მოღალატე და საეჭვო ნაციად, რომელიც საერთოდ აღარ იმსახურებს ნდობას, მაგრამ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არასდროს ყოფნის ნება და გამბედაობა იმისთვის, რომ ამის შესახებ განაცხადოს. რუსებმა გადაწყვიტეს, რომ სომხეთი კოლონიაა და ამიტომ ჩვენი ქვეყნისათვის მავნე ბაქტერიებად იქცნენ.
სომხეთი სიღატაკისა და გაპარტახების პირასაა მისული. ქვეყანას მოსახლეობის საბოლოო დეპორტაციის ტალღამ გადაუარა. ამდენი დანებებული ადამიანის ხელში კი ფეხზე ვერც დადგება. კაპიტულანტი პარლამენტის წევრები თავიანთ უწმინდურ პირებს აღებენ და ყარაბაღის პროვინციის ტერიტორიების დათმობისკენ მოუწოდებენ ხალხს; თანაც, ამ ტერიტორიების რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემაზეა ლაპარაკი…
ეს აჯანყების დასაწყისშივე რომ მომხდარიყო, სომხეთი მეორე დღეს სხვანაირად გაიღვიძებდა, სულ სხვა აზრებით… ნუთუ ვიდრე ამ ომში საბოლოოდ არ დავმარცხდებით, ვერ მივხვდებით, რომ სომხეთის მტერი რუსეთია?”
გამოქვეყნდა: 31.07.2016