ბანაკში - ომის შემდეგ
15 წლის ერიკის თვალებში აშკარად ჩანს ბოლო დროს დაგროვილი სევდა. მის წარმოსახვაში ჯერ კიდევ ცხადადაა შემორჩენილი მოგონებები მშობლიურ სოფელში საბრძოლო მოქმედებების შესახებ. ვერც იმას მალავს, რომ თალიშში სურს დაბრუნება – იქ, სადაც მთელი ბავშვობა აქვს გატარებული და სადაც ჯერ კიდევ ხედავს საკუთარ მომავალს.
“ჩვენ ყოველთვის გვესროდნენ და უკვე აღარ გვეშინოდა. მაგრამ იმ დღეს თავზარი დაგვეცა. სროლის ხმამ გაგვაღვიძა; სარდაფში ჩავირბინეთ და ღამის სამ საათამდე იქ ვისხედით. შემდეგ გამოვედით, სოფლის ადმინისტრაციის შენობამდე ვიარეთ, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. ადამიანები მანქანებით გადაჰყავდათ. სარდაფში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა… მაგრამ თუკი ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, პირველები ვიქნებით მათ შორის, ვინც სოფელში დაბრუნდება,”- ამბობს ერიკ სარგსიანი.
ერიკი მთიანი ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ თალიშიდანაა. ამჟამად მისი ოჯახი სომხეთში, სოფელ ჩერენცავანში ცხოვრობს.
თალიშის მოსახლეობის (500 ადამიანის) ევაკუაცია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 2 აპრილს დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებების შემდეგ მოხდა. თალიშელები სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სხვადასხვა ქალაქში განათავსეს.
14 წლის დავიდ პეტროსიანიც თალიშიდანაა. მისი ოჯახი, ისევე როგორც ბევრი სხვა, ჩერენცავანში გადაიყვანეს. 2 აპრილს მომხდარი მოვლენებიდან მხოლოდ ის ახსოვს, რომ, “ომის ხმების” ჩასახშობად ძალიან ძლიერად იჭერდა ყურებზე ხელებს.
“იქ ბევრი მეგობარი მყავდა, ახლა კი სხვადასხვა ადგილებში აღმოვჩნდით – ჩერენცავანში, რაზდანში, აბოვიანში… ერთმანეთი გვენატრება, მაგრამ ვერაფერს გააწყობ. იმ ღამით დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა და გადავრჩებოდით. ახლა კი აქ ვართ და ახალ მეგობრებს ვიჩენთ. აქ ყველას აქვს გამოვლილი ომი და ეს ერთგვარად გვაერთიანებს,” – ამბობს დავიდი და მთელი ძალით ეხუტება თავის ძმას, ვაჰეს.
რვა თალიშელმა მოზარდმა, მათზე ადრე ერაყიდან და სირიიდან სომხეთში გადმოსულ 32 სხვა თინეიჯერთან ერთად, ზაფხულის ბოლო დღეები ვანაძორში, არამიანის მოზარდთა ქრისტიანული ორგანიზაციის ბანაკში (YMCA) გაატარა. ეს ადგილი ერევნიდან 150 კილომეტრში მდებარეობს.
სირიელი სომხების მხარდასაჭერი პროგრამის ხელმძღვანელის, ორგანიზაცია Save the children-ის ხელმძღვანელის, სირანუშ ვარდანიანის თქმით, პროექტს, რომელიც ვანაძორში, არამიანის ბანაკში ხორციელდება, ერთი მიზანი აქვს – სტრესული მდგომარეობიდან უნდა გამოვიდნენ ის ბავშვები, რომელთაც სხვადასხვა დროს ომის საშინელება აქვთ გავლილი. მისი აზრით, YMCA-ს ბანაკში ამისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა იმ დაფინანსების წყალობით, რომელიც გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესმა კომისარმა გამოყო.
“სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი ბავშვები და ახალგაზრდები არიან, რომელთაც ომი გადაიტანეს. მათ თვალწინ ნაღმები და ბომბები ფეთქდებოდა. მათ ეს ყველაფერი ნახეს, მაგრამ აქ ისინი ამ სტრესიდან გამოსვლას ცდილობენ. ჩვენი მოხალისე ლიდერები ერაყელი და სირიელი სომხები არიან, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ თავად ჩამოვიდნენ სომხეთში. მათ იგივე გზა გაიარეს, რომელსაც ამჟამად მათზე ოდნავ უმცროსი ბავშვები გადიან,”- ამბობს სირანუშ ვარდანიანი.
თითოეულ ლიდერის რაზმში ოთხი წევრია. ბანაკში 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები ცხოვრობენ. არამიანის ბანაკ YMCA-ში არ არის ინტერნეტი და ბავშვები არც მობილურ ტელეფონებს იყენებენ. ეს არც შემთხვევითობაა, და არც პროექტის განხორციელებისას შექმნილი ხარვეზი; უბრალოდ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესის დაგეგმვისას ასეთი მიდგომის გამოყენება გადაწყვიტეს.
გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის კოორდინატორი, ანაით ჰაირაპეტიანი აღნიშნავს:
“აქ ყველას საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა აქვს. აქ ჟღერს დასავლურსომხურიც [ამ დიალექტზე უცხოეთში მცხოვრები სომხები საუბრობენ], და აღმოსავლურსომხურიც [რომელზეც სომხეთში საუბრობენ]. ამ ჯგუფში არიან ბავშვები, რომლებიც სულ მცირე ხნის წინათ ჩამოვიდნენ სომხეთში; ზოგიერთი, უკვე საკმაო ხანია, რაც აქ არის და არიან დიდი ხნის წინათ გადმოსულებიც. და თითოეულ მათგანს სულიერი ტრავმა აქვს. ზოგიერთს უფრო ღრმა ჭრილობები აქვს, სხვებს კი იარები, ასე თუ ისე, შეუხორცდათ. ისეთებიც არიან, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს და ყველა მათგანს ესმის ერთმანეთის,”- ამბობს ჰაირაპეტიანი.
14 წლის ნანორ აბელიანი ალეპოდან სომხეთში ერთი წლის წინათ ჩამოვიდა. ამბობს, რომ სახლში დაბრუნება არ სურს. ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ბანაკში მყოფი ადამიანები ერთმანეთს, დიდი ხანია, იცნობენ.
“ჩვენ შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. უბრალოდ თალიშელი სომხები ოდნავ განსხვავებულად ლაპარაკობენ. ყველა სომხები ვართ. ყველას გვაერთიანებს ის, რომ ომი გვაქვს ნანახი. ერაყელმა სომხებმა სხვებზე ადრე ნახეს ომი, შემდეგ ჩვენ ვნახეთ, ჩვენს შემდეგ კი – თალიშელებმა. მაგრამ ჩვენ აქ ამ თემაზე არც კი ვსაუბრობთ. ჩემთვის ეს სიზმარივითაა და ეს ჩვენი სამშობლოა.”
დღისით რაზმების უფროსები ჯგუფებთან მუშაობენ – ზოგი ცეკვავს, ზოგი მღერის, სხვები კი მეგობრობაზე, მშვიდობასა და პატიოსნებაზე საუბრობენ, ლიდერობის საფუძვლებს ითვისებენ.
20 წლის შანტ სარგის ავადისი, რომელიც ერაყიდან სომხეთში 10 წლის წინ ჩავიდა, გაეროს ლტოლვილთა საკითხის ოფისის მოხალისეა. თითოეულ თალიშელ მოზარდში იგი 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს ხედავს.
“ეს ყველაფერი გამოცდილი გვაქვს და ვცდილობთ, მთელი ეს უბედურება მათი გონებიდან გავაქროთ. მათ თვალებში საკუთარ თავს ვხედავ. უბრალოდ წარმოუდგენელია ის, რისი ნახვაც მომიხდა – აფეთქებული მანქანები, ჰაერში მფრინავი თავ-ფეხი… დედაჩემი იქ მოკლეს, მამაჩემი, ჩემი და და მე კი სომხეთში ჩამოვედით. ეს ჩვენთვის, რაზმების ლიდერებისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ბანაკი ახალ მეგობრებსა და მათ ისტორიებს გვაძლევს, ახალ ხასიათს გვმატებს.”
ბანაკი ლორეს რეგიონისათვის დამახასიათებელ ხშირ ტყეებშია ჩამალული. ყოველ დილით აქ მზის ამოსვლას ეგებებიან, დღე კი კოცონის გარშემო გამართული საუბრებით სრულდება ხოლმე.
ერთ-ერთი რაზმის ოცი წლის ხელმძღვანელი, ნუბარ ნალბანდიანიც ალეპოდანაა: “ღამით ფსიქოლოგიური საუბრები გვაქვს ხოლმე ნდობისა და პასუხისმგებლობის შესახებ. მათ მოსაზრებებს ვისმენთ. ომზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ვმუშაობთ, რომ ომისშემდგომი პერიოდის გადალახვაში დავეხმაროთ.”
გაეროს ბავშვთა ფონდის ფსიქოლოგ-კონსულტანტი, მარიან სარგსიანიც ამ მოზარდებთან მუშაობს. მისი თქმით, თალიშელი ბავშვები ჯერ კიდევ ომისშემდგომი ტრავმის ფაზაში იმყოფებიან. სირიელ მოზარდებს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, ერევანში ცხოვრობენ, უკვე გაუჩნდათ უსაფრთხოების განცდა, მაგრამ ისინი სხვა ტიპის სირთულეებს წააწყდნენ, რომლებსაც პოსტმიგრაციული ადაპტაციის პრობლემებს უწოდებენ.
“ერაყელი ბავშვები უკვე გაიზარდნენ და აქ რაზმების ლიდერები არიან. ყურადსაღებია, რომ მათ სწორედ ამ ასაკში იტვირთეს ისეთი როლი, რომელიც გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. როდესაც ადამიანი სხვებზეა პასუხისმგებელი, აქტიურდება შინაგანი ძალის მექანიზმი, რაც მათთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, გაარკვიონ, თუ სად გადის მათი შესაძლებლობების ზღვარი და საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახერხონ. აქ ისეთი ლიდერები გვყავს, რომელთაც შეუძლიათ, ბავშვებისათვის იდეალურ მისაბაძ მაგალითებად იქცნენ,” – ამბობს ფსიქოლოგი
აქაური სამზარეულოც კი ისეა გათვლილი, რომ ყველას მოეწონოს. ბანაკის დირექტორის, კარინე ბოიაჯიანის თქმით, მენიუ ისეა შედგენილი, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს:
“თალიშელების გამო ვღელავდი ოდნავ. მეგონა, რომ მათ არ მოეწონებოდათ, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ სირიული სამზარეულო ყველას მოსწონს.”
პროგრამის პასუხისმგებელი პირები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებული კულტურული განსხვავებულობა მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება ყველასთვის.
ფსიქოლოგი მარიამ სარგსიანი აღნიშნავს: – თითოეული მათგანი გრძნობს, რომ მათ ერთი და იგივე გზა გამოიარეს, ბევრმა მათგანმა კი უკვე მოახერხა სირთულეების დაძლევა:
“მათ უკვე შეუძლიათ, გარკვეული დასკვნები გამოიტანონ საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით; შეუძლიათ, ინსპირაციას დაექვემდებარონ და საკუთარი მომავალი წარმოიდგინონ. რაც უფრო მრავალფეროვანი წარმოდგენები არსებობს მომავალზე, რაც უფრო მეტი ალტერნატიული ვარიანტია, მით უფრო მოქნილები ხდებიან მოზარდები და უფრო მარტივად ადაპტირდებიან. ამ მხრივ, გამოცდილების გაზიარება მათზე დადებითად აისახება.”
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 02.09.2016