აფხაზეთში მაინინგი აკრძალეს
მიზეზი – ელექტროენერგიის დეფიციტი და პროცესის უკონტროლობა
აფხაზეთში მაინინგი და კრიპტოვალუტის მოპოვება დროებით აკრძალეს.
მთავარი მიზეზი – ამ პროცესში იხარჯება ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგია, რომელიც ისედაც არ ჰყოფნის აფხაზეთს. ხელისუფლების სპეციალურ დადგენილებაში ნათქვამია, რომ „პრიორიტეტი მოსახლეობის, სოციალური და სამრეწველო ობიექტების ელექტროენერგიით მომარაგება უნდა იყოს“.
• კრიპტოვალუტის ბუმი საქართველოში
• რითი განსხვავდება აფხაზეთი შვეიცარიისგან
• აფხაზეთში აქტივისტები მომაკვდავი პალმების გადარჩენას ცდილობენ
რა არის მაინინგი
მაინინგი – ეს არის ელექტრონული ვალუტების, Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით მოპოვება. ეს ხდება უამრავი ერთმანეთთან კავშირის არმქონე კომპიუტერის დახმარებით, რომლებიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით სხვადასხვა მათემატიკურ გამოთვლით ამოცანას ასრულებენ.
ამ ფულის მოპოვება კომპიუტერის მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუმცა, ეფექტური გახდა ე.წ. ფერმები – აღჭურვილობები, რომლებიც აკავშირებს ძლიერ ვიდეოკარტებსა და მაინინგის სპეციალურ აღჭურვილობებს.
ასეთი „ფერმები“ უფრო მეტი ეფექტისთვის ერთიანდებიან პულებში, როგორიცაა, მაგალითად, Minegate. პულებში ათობით და ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. ასეთი პულის მონაწილე იღებს მისი მაინინგის სიმძლავრის შესაბამის ჯილდოს.
მოპოვებული ბიტკიონები არა მხოლოდ ქსელის შიგნით იცვლება სხვადასხვა საქონელსა და ნივთებში, არამედ, გარდაიქმნება ნამდვილ ფულადაც.
მაინინგის მთავარი თავისებურებები
აქ არ არის ცენტრალური მმართველობა. ამიტომ, მოპოვების პროცესის დაბლოკვა ან დამორჩილება შეუძლებელია. სისტემა მთლიანად ანონიმურია. არ არის აუცილებელი, მომხმარებლებმა ოფიციალური პერსონალური მონაცემები მიუთითონ. ამის წყალობით, ნებისმიერი ტრანზაქციისთვის თვალის მიდევნება შეუძლებელია.
კრიპტოვალუტა და მისი კურსი არანაირად არაა დამოკიდებული სახელმწიფოსა და ხელისუფლებაზე.
აფხაზეთში მაინინგის აკრძალვის მეორე მიზეზი – პროცესის უკონტროლობა
აფხაზეთში დღესდღეობით, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული მაინინგის „ფერმა“ მოქმედებს. ახლა ყველა ისინი კანონგარეშე აღმოჩნდნენ. პოტენციური კანონდამრღვევების ძებნას დაიწყებს არა მხოლოდ მთავარი ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მაინინგის 15 ფერმა უკვე გამორთეს ელექტრომომარაგების სისტემიდან. მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სიმძლავრის ჯამი, მთლიანად სოხუმის რაიონის მიერ მოხმარებულის ტოლია.
აფხაზეთში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული სიტუაციაა. მთავარი მიმწოდებელი – ენგურჰესია, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია და მისი პროდუქტიულობა ყოველწლიურად მცირდება.
ენგურჰესის აღდგენა – კიდევ უფრო რთული ამოცანაა, ვინაიდან 1990-იანების აფხაზეთის ომის შემდეგ, ის პირდაპირ კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდა: თვითონ სადგური აფხაზურ მხარეს, კაშხალი – ქართულ. ნებისმიერი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება მოითხოვს რთულ და არა ყოველთვის წარმატებულ შეთანხმებას მხარეებს შორის.
თუმცა, ელექტროენერგიის დეფიციტი – მაინინგის აკრძალვის მხოლოდ ერთი მიზეზია. მეორეა – ასეთი ტიპის ბიზნესის შესაბამისი კანონმდებლობის არქონა. მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მაინინგის ფერმები მუშაობდნენ, აფხაზეთის ბიუჯეტს გადასახადის სახით არანაირი თანხა არ მიუღია.
აკრძალვის ორივე მიზეზის მოგვარების სირთულის გათვალისწინებით, ის დიდი ხნის განმავლობაში იმოქმედებს.