აზერბაიჯანში ორმა გოგონამ თავი მოიკლა - საზოგადოება მშობლებს ადანაშაულებს
აზერბაიჯანში ერთი კვირის განმავლობაში 17 წლის ორმა გოგონამ მოიკლა თავი. წინასწარი ვერსიით, ისინი ასე იმის გამო მოიქცნენ, რომ მშობლებს მათი იძულებით გათხოვება სურდათ. ამან საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია და ადამიანები ისევ ადრეულ, იძულებით ქორწინებებზე აალაპარაკა.
• ქორწილი გამოსაშვები საღამოს ნაცვლად: აზერბაიჯანში ბევრს მიაჩნია, რომ ქალს სწავლა არ სჭირდება
• სეკულარული განათლება საქართველოში: ვინ არის იმის წინააღმდეგი, რომ სკოლებში სიტყვა „სექსი“ ისმოდეს
ორი ერთნაირი თვითმკვლელობა
პირველი შემთხვევა 30 ივლისს სოფელ ალიაბადში, ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. 17 წლის გიულიარ ისამილოვამ საკუთარი სახლის ეზოში, ბოსელში თავი ჩამოიხრჩო.
6 ივლისს ზუსტად ასეთივე თვითმკვლელობა მოხდა აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სოფელ ალიგასიმლინაში. იქ 17 წლის აისუნ გაჯიევამ ჩამოიხრჩო თავი.
ორივე შემთხვევაში, პროკურატურამ საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით აღძრა. თუკი დადასტურდება, რომ გოგონებმა თავი იძულებითი ქორწინების საფრთხის გამო მოიკლეს, მშობლებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ტრადიციული პრობლემა თუ პრობლემური ტრადიცია
აზერბაიჯანში დაქორწინების ოფიციალურ ასაკად 18 წელი მიიჩნევა. მაგრამ, სინამდვილეში ბევრი გოგონა (განსაკუთრებით სამხრეთის პროვინციებში) უკვე 15-17 წლის ასაკში თხოვდება, და ხშირად – საკუთარი ნების წინააღმდეგ.
როგორც წესი, ასეთ ქორწინებებს ოფიციალურად არ არეგისტრირებენ, და მხოლოდ ქორწილით კმაყოფილდებიან.
ადრეული იძულებითი ქორწინებები – აზერბაიჯანში გავრცელებული პრობლემაა, რაც პატრიარქალური დოგმებით არის განპირობებული. ის არამხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც ეხებათ – ამის შესახებ შესაძლებელია JAMnews-ის სტატიის წაკითხვა.
ადგილობრივი, ქალთა პრობლემებით დაკავებული ორგანიზაციები ამას ებრძვიან, თუმცა ჯერჯერობით – განსაკუთრებული შედეგების გარეშე.
ექსპერტების მოსაზრება
პირველმა თვითმკვლელობამ საზოგადოებაში გამოხმაურება გამოიწვია, რამაც მეორე სუიციდის შემდეგ კიდევ უფრო იმატა.
გაეროს ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციის კომიტეტის წევრი ელგიუნ საფაროვი შეგვახსენებს, რომ ეს შემთხვევები ასევე შეესაბამება მუხლს „ქალის იძულებით გათხოვება“. თუმცა, ეს მუხლი ჯერ არც ერთხელ არ გამოუყენებიათ.
„ვიდრე საზოგადოებაში ომი არ გაჩაღდება, ამგვარი პრობლემები სულ აღმოცენდება,“ – ამბობს საფაროვი.
პარლამენტის დეპუტატი აიტენ მუსტაფზადე იმედოვნებს, რომ მშობლების დანაშაული დადასტურდება, ისინი სისხლის სამართლის მიხედვით პასუხს აგებენ, და ეს სხვა მშობლებისთვის გაკვეთილი იქნება.
რეაქცია სოციალური ქსელებში
ამ თემამ სოციალურ ქსელებში ძალიან მწვავე დისკუსიები გამოიწვია.
მომხმარებლები ორ ძირითად ბანაკად დაიყვნენ.
პირველი ნაწილი მომხდარში უმეცრების ერთ-ერთ გამოვლინებას, სექსიზმსა და აზერბაიჯანში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევას ხედავს;
მეორე ნაწილი ამბობს, რომ იძულებითი ქორწინებები – ყულფში თავის გაყოფის მიზეზი არ არის, და ამ თვითმკვლელობების მიზეზი რაღაც სხვაში უნდა ეძებონ.
ზოგიერთი კომენტარი:
„არ არის საჭირო მთელი ამ სუიციდების აფიშირება. არამდგრადი ფსიქიკის ახალგაზრდობა სულ უფრო ხშირად ექცევა ამ ნეგატივის ქვეშ“;
„პირიქით, აფიშირება საჭიროა! ეს პრობლემაა, ის არსებობს, და უნდა გადაიჭრას, და არა მიიჩქმალოს!“;
„ალბათ ეს გოგონები რაღაც სექტის წევრები იყვნენ, მათი ტელეფონები და კომპიუტერები უნდა შემოწმდეს“;
„21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ! ეს რა შუასაუკუნეობრივი აზროვნებაა?! ასეთ მშობლებს პასუხი უნდა აგებინონ“.