ყარაბაღელი სომხების ლიდერის ტურნე "მინსკის ჯგუფის ქვეყნებში". რას ამბობენ აზერბაიჯანში?
„არაკანონიერი ფორმირების ხელმძღვანელის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებში ვიზიტმა, შესაძლოა, კონფლიქტის ირგვლივ არსებული სიტუაციის მოულოდნელი განვითარება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის მხარეს დაეკისრება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
• საფრანგეთის დელეგაცია ყარაბაღში და აზერბაიჯანის საპროტესტო ნოტა
რა მოხდა?
საუბარია ყარაბაღელი სომხების ლიდერის ბაკო სააკიანის სამუშაო ვიზიტზე მოსკოვში. აზერბაიჯანის პრეტენზიები რუსული მხარის მისამართით კეთდება, რადგანაც მისი, როგორც ოფიციალური პირის მიღებით, „აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ შეთანხმება ირღვევა“.
ამ შეთანხმების თანახმად, „მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ სეპარატისტულ მოძრაობებს, ასევე კრძალავენ და აღკვეთენ ცალკეული პირების იმ საქმიანობას, რაც სხვა ქვეყნის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება“.
მანამდე სააკიანი ვიზიტით იმყოფებოდა პარიზსა და აშშ-ში. საფრანგეთმა აზერბაიჯანისგან საპროტესტო ნოტა მიიღო, ხოლო აშშ-მ და რუსეთმა – მხოლოდ განცხადებები.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა – სამხრეთ კავკასიის არაღიარებული რესპუბლიკაა, რომლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეთნიკური სომხები შეადგენენ. 1991-1994 წლის საომარი მოქმედებების შედეგად მთიანი ყარაბაღი მიმდებარე ტერიტორიებითურთ სომხური მხარის კონტროლქვეშ მოექცა. ეს კონფლიქტი „გაყინულად“ მიიჩნევა, თუმცა ჯარების გამყოფ ზოლზე სროლები გრძელდება და ადამიანები იღუპებიან.
ეუთოს მინსკის ჯგუფი (The OSCE Minsk Group) – ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფია, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას უდგას სათავეში.
იმის შესახებ, რომ სააკიანი 24 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდა, მხოლოდ მისი პრეს-სამსახურის სიტყვებიდან ხდება ცნობილი, და ამ ვიზიტის არანაირი დეტალების შესახებ არ იუწყებიან.
რას ამბობენ ექსპერტები?
აზერბაიჯანელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბაკო სააკიანის ვიზიტები იმაზე მეტყველებს, რომ თანათავმჯდომარეებს აიძულოს, ყარაბაღელი სომხები ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს მხარედ მიიღონ.
JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი:
„ყარაბაღელი სომხების ლიდერების ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში ვიზიტები სიახლე არ არის. ამ პრაქტიკას ისინი კონფლიქტის დასაწყისიდან, 90 წლებიდანვე მიმართავენ.
ასეთი ვიზიტების მთავარი მიზანი,პოლიტიკურზე მეტად, ჰუმანიტარულია. მათი ხმა ისედაც გაისმის, რადგან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ჰანკენდში მუდმივად ჩადიან. ასეთი ვიზიტების დროს ყარაბაღელი სომხების ლიდერები სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს ხვდებიან და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რთული ცხოვრების შესამსუბუქებლად შემოწირულობების შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ.
რატომ აღმოჩნდა ამჯერად აზერბაიჯანის რეაქცია ადრინდელზე უფრო უფრო მკაცრი? იმიტომ, რომ სომხეთში ხელისუფლება შეიცვალა და ახალმა ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა წინადადება წამოაყენა, რომ ყარაბაღელი სომხები მხარედ მიიღონ, და მოლაპარაკებები უშუალოდ მათთან გამართონ. ეს ბაქოს აღიზიანებს.
ცხელ გულზე პირველი საფრანგეთი შერჩათ, რადგან სწორედ პარიზიდან დაიწყო სააკიანმა თავისი ტურნე. ამის შემდეგ ყარაბაღელი სომხების ლიდერი ვაშინგტონსა და მოსკოვში გაემგზავრა, და რეაქცია ოდნავ შერბილდა. ამის მიზეზები შეიძლება მხოლოდ გამოვიცნოთ, მაგრამ ალბათ ჩვენს ხელისუფლება აშშ-სა და რუსეთს მეტ პატივს სცემს, და მათი უფრო ეშინია, ვიდრე საფრანგეთის“.