აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ეს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესს ზიანს აყენებს " />

აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტს აპროტესტებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ეს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესს ზიანს აყენებს

შუშა. ფოტო: ოლესია ვართანიანი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის ელჩს ორელია ბუშეს საფრანგეთის ქალაქ სენტ-ეტიენის დელეგაციის მთიან ყარაბაღში უკანონო გამგზავრებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცა. სენტ-ეტიენის მერს ამიერიდან აზერბაიჯანში შესვლა ეკრძალება.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის დასავლეთით მდებარე არაღიარებული თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა. 90-იანი წლების დასაწაყისში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ ეს ტერიტორია სომხეთის კონტროლქვეშაა, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ის აზერბაიჯანის ნაწილია. ანუ, მთიანი ყარაბაღში აზერბაიჯანის ხელისუფლების „ნებართვის“ გარეშე ჩასვლა უკანონოა.

ფრანგები ყარაბაღში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ და სომხურ მხარესთან ერთად ქალაქ შუშასა და სენტ-ეტიენს შორის მეგობრობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ დეკლარაციას არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ოფიციალური ბაქოს აზრით, ასეთი ნაბიჯები ვნებს ისე როგორც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საერთაშორისო ძალისხმევას, ასევე ამ პროცესის შუამავალ პარიზსაც.

აზერბაიჯანს გამუდმებით უხდება ანალოგიური მიზეზებით პროტესტის გამოთქმა. ბოლო ინციდენტი სექტემბრის დასაწყისში მოხდა – მაშინ საპროტესტო ნოტა აშშ-ს მიმართ სომხური წარმოშობის ამერიკის მოქალაქის დენ ბიზერიანის აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა. საბოლოოდ, იმ პირთა „შავი სია“, რომლებსაც აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული აქვთ, უკვე 700 სახელს ითვლის.


ასევე წაიკითხეთ