ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ნაზარბაევის კანდიდატის გამარჯვებას აპროტესტებენ
ყაზახეთის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში, რომელიც 9 ივნისს გაიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი იმარჯვებს – ყაზახეთის ყოვლისშემძლე მმართველის, ნურსულთან ნაზარბაევის რჩეული.
წინასწარი მონაცემებით, ტოკაევმა ხმების 70,76 პროცენტი დააგროვა.
• ყაზახეთი: პრეზიდენტი ნაზარბაევი გადადგა, მაგრამ სრულ კონტროლს ინარჩუნებს
და როგორც მოსალოდნელი იყო, ყაზახეთში ქუჩის საპროტესტო აქციები დაიწყო არჩევნების ასეთ შედეგებთან დაკავშირებით
დამკვირვებლები არჩევნებისას მომხდარ მასობრივ დარღვევებზე საუბრობენ.
ასობით ადამიანი დააპატიმრეს საპროტესტო აქციის შემდეგ.
ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტი 1992 წლიდან იყო, სანამ, 2019 წლის მარტში, მოულოდნელად, თანამდებობიდან წასვლის შესახებ არ განაცხადა.
ნაზარბაევი ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და დამოუკიდებელ ყაზახეთს ზუსტად 30 წლის განმავლობაში მართავდა. ექსპერტები ამბობენ, რომ სინამდვილეში ის ახლაც არსად წასულა.
ნაზარბაევმა უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა შეინარჩუნა – რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაზე კიდევ უფრო მეტ კონტროლს ნიშნავს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.
ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი, დარიგა პარლამენტის სპიკერად აირჩიეს, ახლა კი მისი ერთგული კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – პრეზიდენტად.
ნაზარბაევის პოსტიდან წასვლის შემდეგ, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ყაზახეთში უნიკალური მოვლენები მოხდა.
მისი სახელი – ნურსულთანი – რამდენიმე ფორმით უკვდავყვეს.
• პირველ რიგში – დედაქალაქ ასტანას სახელი გადაარქვეს და ნურსულთანი დაარქვეს.
• მეორე – ათზე მეტ ქალაქში დაერქვა რომელიმე ქუჩას ნურსულთანი.
• ცოტა ხნის წინ, ასტანის (უფრო ზუსტად, ახლა უკვე ქალაქ ნურსულთანის) საერთაშორისო აეროპორტს დაარქვეს ნურსულთანი.
• და ასევე, ნაზარბაევის პორტრეტმა დაამშვენა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კუპიურა.