ფაშინიანმა მინისტრებს ხელფასები ფარულად გაუზარდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 2019 წლის ივლისში მინისტრების, მინისტრების მოადგილეებისა და მინისტრების უფროსი მდივნებისთვის ხელფასების გაზრდის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია ონლაინ-გაზეთის Hetq-ის (კვალი) ვებ-გვერდზე გაჩნდა.
ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციაში სიტუაციაზე კომენტარი უკვე გააკეთეს, და განაცხადეს, რომ „პროცესები საიდუმლოდ მიმდინარეობდა, და შესაბამისად, ეს ინფორმაცია გახმაურებას არ ექვემდებარება.“
რამდენით გაიზარდა ხელფასები
ნიკოლ ფაშინიანის საიდუმლო განკარგულების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად გამოცემამ Hetq ზოგიერთ სამინისტროში თანამშრომლების რაოდენობისა და მაისიდან აგვისტომდე პერიოდში სახელფასო ფონდის თაობაზე წერილობითი მოთხოვნები გაგზავნა.
გაირკვა, რომ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ფელიქს ცოლაკიანმა და გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა ოთხი თვის განმავლობაში 6-6 მილიონი დრამი (დაახლოებით $1263) მიიღეს. ანუ მათი თვიური ხელფასი 1,5 მილიონ დრამს (დაახლოებით $3157) შეადგენდა.
საქმე ისაა, რომ „სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირთა დაჯილდოების“ კანონის მიხედვით, მინისტრების ხელფასის ინდექსი არის – 12. ანუ მინისტრის ხელფასი რომ მივიღოთ, საბაზო ხელფასის თანხა – 66 140 დრამი ($139,54) 12-ზე უნდა გამრავლდეს. გამოდის 793 680 დრამი ($1670), გადასახადების ჩათვლით.
ამრიგად, გამოცემამ გაარკვია, რომ დაჯილდოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის გარეშე, პრემიერ-მინისტრის მიერ გაუხმაურებლად გაცემული განკარგულების მიხედვით, მინისტრების ხელფასები გაორმაგდა.
ეს მინისტრების მოადგილეების ხელფასებსაც ეხება. კანონით დადგენილი ინდექსის მიხედვით, მინისტრების მოადგილეების ხელფასი – 562 160 დრამია (დაახლოებით $1185). თუმცა, ფაშინიანის განკარგულების შემდეგ ის 1 მილიონ 60 ათას დრამამდე (დაახლოებით $2230) გაიზარდა.
რაც შეეხებათ მინისტრების უფროს მდივნებს, ახლა ისინი კუთვნილი 595 260 ($1255)-ის ნაცვლად, 870 000 დრამს (დაახლოებით $1835) მიიღებენ.
პრემიერის აპარატის კომენტარი
ფაშინიანის გაუხმაურებელ განკარგულებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე პრემიერ-მინისტრის აპარატში კომენტარი უკვე გააკეთეს.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა არმენ ხაჩატრიანმა განაცხადა:
„აუცილებლად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ მითითებული… თანამდებობის პირები შემოსავლების, ხარჯების და ქონების შესახებ ცნობებს წარადგენენ, რაც გულისხმობს: რომ მოცემული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო“.
პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების კომენტარები
პოლიტოლოგი გაგიკ ამბარიანი მკვეთრი განცხადებით გამოვიდა:
„ერთი წლის განმავლობაში ფაშინიანის არაპროფესიონალ მინისტრებს ისეთი მოცულობის სამუშაო არ შეუსრულებიათ, რომ მათ 1 მილიონ 500 ათასი დრამი გადაუხადონ… რატომ გაიზარდა ხელფასები, რა ისეთი პროფესიონალური კადრები ჩაერთნენ მთავრობაში, რომლებიც… თავიანთ უნარებს სახელმწიფო მართვის სისტემას ახმარენ?“
ამბარიანი ახლანდელ ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ადრე ისინი წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და „ხავერდოვან რევოლუციას“ ახდენდნენ, ახლა კი საკუთარ პრინციპებს ღალატობენ:
„ფაშინიანის საქციელში ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ გაკეთდა.რომელ ანგარიშვალდებულებაზეა საუბარი? რომელ ღია და გამჭვირვალე მუშაობის სტილზე? თავიანთ წინამორბედებთან შედარებით, ისინი ყველაფერს გაცილებით უფრო უტიფრად აკეთებენ“.
პოლიტოლოგი გრანტ მელიქ-შაჰნაზარიანი ასევე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები და მისი ქმედებები ერთმანეთისგან აცდენილია:
„არსებითად, ნიკოლ ფაშინიანი გამჭვირვალობითა და საზოგადოების წინაშე სრული პასუხისმგებლობით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობითა და საკუთარი პოლიტიკური გეგმებით. ანუ პრიორიტეტი ენიჭება არ გაცხადებულ ფასეულობებს და მიდგომებს, არამედ იმას, რაც ფაშინიანის პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტად აძლევს ხელს“.
საპარლამენტო ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ხელმძღვანელმა, ოლიგარქმა გაგიკ ცარუკიანმა განაცხადა, რომ ხალხისგან დაფარულად მინისტრებისთვის ხელფასის გაზრდა დაუშვებელი ნაბიჯი იყო:
„თუკი ხალხი ხედავს, რომ რომელიმე მინისტრი თავის საქმეს კარგად ასრულებს, და ისინი მისი შრომის შედეგს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ, 10-ჯერაც კი შეიძლება მომატება. მაგრამ ამის საიდუმლოდ გაკეთება – დეპუტატებისთვისაც შეურაცხმყოფელია და ხალხისთვისაც. სიტყვა „ფარული“ რევოლუციის შემდეგ ჩვენთვის მიუღებელია“, – თქვა გაგიკ ცარუკიანმა.
კომენტარები სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელ Facebook-ის სომხურ სეგმენტში ეს სიახლე ყველაზე დიდ მსჯელობის საგანი გახდა.
აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:
„მითხარით, თუ შეიძლება, რამდენ წელიწადში შეძლებენ ხნიერი ადამიანები ერთი „ამაყი“ მინისტრის ერთი თვის ხელფასის ოდენობის პენსიის მიღებას? ან მასწავლებლები“ ? მინისტრის ერთი ხელფასი მასწავლებლის ხელფასზე რომ გავყოთ – რამდენი გამოვა?“;
„ჯობს, შეამოწმონ, ეკონომიკის სამინისტროში მაისი-სექტემბრის პერიოდში პრემიები როგორ დარიგდა! ანუ არსებობს პრივილეგირებულთა ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ხელფასზე მეტ პრემიას იღებენ!“;
„გულდასაწყვეტია, რომ ეს ფარულად გააკეთეს. ბოლოს და ბოლოს, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი არ ყოფილა. ამგვარი საკითხები საჯარო უნდა იყოს, წინა ხელისუფლება ხომ ასეთი საქციელის გამო შევცვალეთ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ბიუჯეტის ფული რაში იხარჯება“;
„თუკი საბოლოოდ გაირკვევა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, საშინელი სირცხვილი იქნება! ჩვენ გამჭვირვალე და პატიოსანი მთავრობისთვის ვიბრძოდით“.