სომხეთში არკვევენ, რის ხარჯზე გაჩნდა რევოლუციის შემდეგ 50 ათასი სამუშაო ადგილი
დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტურად დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოადგინა. ფაშინიანმა იქ განაცხადა, რომ სომხეთში რევოლუციის შემდეგ 50 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
• სომხეთის ახალი ლიდერის ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღე — ნიკოლ ფაშინიანმა ანგარიში მოედანზე ჩააბარა
• ხუთი ისტორია მათ შესახებ, ვინც სომხეთში „ხავერდოვანი“ რევოლუცია მოახდინა
• სომხეთი: საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება
საიდან არის მოტანილი ციფრები
ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შესახებ პრემიერის მიერ წარმოდგენილმა ინფორმაციამ სომხეთში კამათი გამოიწვია. საპარლამენტო ოპოზიცია დასახელებული ციფრის რეალურობამ დააეჭვა. ფაშინიანმა საპასუხოდ ის წყარო წარმოადგინა, საიდანაც ეს ციფრები იქნა მოტანილი. ეს არის საგადასახადო ანგარიშების მონაცემები, რომელთა თანახმადაც, 2018 წლის იანვრის შემდეგ სომხეთის გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა 50 ათას ადამიანზე მეტით გაიზარდა.
პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ციფრის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლებელია:
„შეუძლებელია, რომ ეს ციფრები რეალობას არ შეესაბამებოდეს… თუ აუცილებლობა იქნება, შევძლებთ დავადგინოთ, თუ რომელ კომპანიებში და კონკრეტულად რამდენით გაიზარდა მომუშავეთა რიცხვი“.
როგორ გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები
ამავდროულად პრემიერმა აღიარა, რომ ამ სამუშაო ადგილების ნაწილი რევოლუციამდეც არსებობდა. სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ზოგიერთი საწარმოს ხელმძღვანელმა ჩრდილიდან გამოსვლა და საკუთარი თანამშრომლების დარეგისტრირება გადაწყვიტა.
თუმცა, მინისტრთა კაბინეტის მეთაური დარწმუნებულია, რომ ამ 50 ათასიდან ნაწილი მაინც ახალი სამუშაო ადგილია:
„რასაკვირველია, აქ ახალი სამუშაო ადგილებიც არის. ამ რიცხვის დიფერენცირება უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს, მაგრამ ეს წვრილმანები მოცემულ მომენტში არც ისე არსებითია. არსებითი ისაა, რომ სომხეთში დარეგისტრირებული სამუშაო ადგილების რიცხვი, 2018 წლის იანვართან შედარებით, 2019 წლის იანვარში 50 141-ით გაიზარდა“.
პრემიერი ვარაუდობს, თუ რატომ მოჰყვა ამ ციფრს ასეთი მწვავე მსჯელობა:
„შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ეს ფანტასტიკის ჟანრიდანაა. მაგრამ ეს ფანტასტიკა სომხეთში დღეს რეალობას წარმოადგენს, და ეს ძალიან კარგია. მე ეს სომხეთის ხელისუფლების მიღწევად კი არ მიმაჩნია, არამედ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების და კომპანიების თვითშეგნების ამაღლების შედეგია“.
რა სფეროებში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები
საგადასახადო ანგარიშების მიხედვით, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში გაჩნდა – 16 427.
შემდეგ მოდის
- მომსახურების შეთავაზებისა და საზოგადოებრივი კვების სფერო – 10 908,
- გადამამუშავებელი მრეწველობა – 9 551,
- ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სფერო – 2 260.