სომეხი სპეციალისტების ჯგუფი სირიაში ჰუმანიტარული მისიით ჩავიდა
სომეხი სპეციალისტების ჯგუფი 8 თებერვალს სირიის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად ჩავიდა. საერთო ჯამში, სომხეთიდან სირიაში 83 სპეციალისტი გაემგზავრა.
რით დაკავდება სომხური ჯგუფი
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანესიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„დახმარების გაწევა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების ზონის გარეთ მოხდება. სომეხი სპეციალისტები განახორციელებენ ჰუმანიტარულ საქმიანობას, რაც ქალაქ ალეპოში განაღმვას, მოსახლეობის ნაღმსაწინააღმდეგო ინფორმირებასა და სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება“.
• რუსული ბიზნესი სირიაში საქმიანობას სამხრეთი ოსეთის გავლით ამყარებს
შეთანხმება სომხეთსა და რუსეთს შორის
ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მიღებული იყო ჰუმანიტარულ ოპერაციაში სომხეთის მონაწილეობის გადაწყვეტილება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შედეგებზე მსჯელობისას განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა მაშინ ისიც აღნიშნა, რომ სომეხი სპეციალისტები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებოდნენ:
„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული პროგრამა, რომელსაც არავითარი სამხედრო მნიშვნელობა არ გააჩნია. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებას სომხეთის საბიუჯეტო შესაძლებლობების ფარგლებში ვაპირებთ. ამ ჰუმანიტარული პროგრამის განხორციელების ყველა ხარჯი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული“.
თუმცა, თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არტურ ოვანესიანმა დააზუსტა, რომ სირიაში სომეხი სპეციალისტების ტრანსპორტირება, ასევე მათი ლოგისტიკური უზრუნველყოფა „რუსული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება“.
რატომ მონაწილეობს სომხეთი ამ მისიაში
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა განმარტა:
სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში, კერძოდ კი ალეპოში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად შექმნილი მძიმე სიტუაციის, 2017 და 2018 წლების გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების, სირიული მხარის წერილობითი მიმართვების, ასევე – აქ მცხოვრები მრავალრიცხოვანი სომხური თემის ფაქტორის გათვალისწინებით იქნა მიღებული.