როგორ არ "ჩავიჭრათ" ტექდათვალიერებაზე. ყველაფერი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებაზე გაინტერესებდათ
2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო გახდა.
მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ავტომობილებმა გარკვეული მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევთ.
JAMnews-მა ამ თემაზე ყველაზე გავრცელებულ კითხვებს მოუყარა თავი.
პირველი და მთავარი კითხვა – როდის უნდა გავიარო ტექდათვალიერება?
ყველა ავტომობილისთვის ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რეგისტრაციის თარიღზე.
მაგალითად, თუ თქვენ ავტომანქანა 10 მაისს დაარეგისტრირეთ, ანუ მანქანის პასპორტში რეგისტრაციის თარიღად 10 მაისი გაქვთ მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის ტექდათვალიერების გავლის ბოლო ვადა სწორედ 10 მაისია.
• ექვსი მიზეზი, თუ რატომ არის თბილისი მტრული გარემო ფეხით მოსიარულეებისთვის
• 581! ამდენი ადამიანი დაიღუპა 2016 წელს საქართველოს გზებზე. რა ვქნათ?
ტექდათვალიერების თარიღის გადამოწმება ასევე შეგიძლიათ ვებ-გვერდზე pti.ge.
განსაკუთრებით არ გაუმართლათ იმ მძღოლებს, რომელთა მანქანები იანვარში იყო რეგისტრირებული.
წლის დასაწყისიდან 9 ათასზე მეტი მძღოლია დაჯარომებული, რომელთა მანქნებმაც ტექდათვალიერება თავის დროზე ვერ გაიარეს.
სად ტარდება ავტომანქანის ტექნიკური ინსპექტირება? და ვის მივმართო, თუ დამატებითი კითხვები მაქვს?
ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ტექდათვალიერების 40 ცენტრი მუშაობს, აქედან 29 – თბილისში.
ამ 40-იდან კონკრეტულად რომელ ცენტრში გაივლით ტექდათვალიერებას, მნიშვნელობა არ აქვს. თქვენთვის სადაც მოსახერხებელია, იქ გაიარეთ.
იმისთვის, რომ რიგში არ მოგიწიოთ დგომა, შეგიძლიათ ცენტრში ვიზიტი ონლაინ დაგეგმოთ. ამისთვის არსებობს ვებ-გვერდი www.pti.ge. ამავე გვერდზე შეგიძლიათ შეარჩიოთ ტექდათვალიერების ცენტრი, რომელიც გეოგრაფიულად თქვენთვის უფრო მოსახერხებელია.
ვიზიტის დაგეგმვის შემდეგ, ტელეფონზე მესიჯი მოგივათ, სადაც ეწერება, რომ თქვენი მანქანა ნამდვილად ჩაწერილია ცენტრში. მესიჯში იქნება ცენტრის ზუსტი მისამართი (სმარტფონების მფლობელები ნავიგაციის ლინკსაც მიიღევენ) და ასევე შეკვეთის უნიკალურ ნომერი.
ონლაინ-რეზერვაცია ბევრად მოსახერხებელია, რადგან რიგში დგომა აღარ მოგიწევთ.
თუ ინტერნეტი არ გაქვთ ან არ იცით, როგორ დაჯავშნოთ ვიზიტი ონლაინ, შეგიძლიათ ცხელი ხაზზე დარეკოთ და ოპერატორები ამას თქვენს მაგივრად გააკეთებენ. ცხელი ხაზის ნომერია 14-84 , ზარი უფასოა. ქალაქის ტელეფონიდან ან მობილურიდან დარეკვისას წინ არავითარი კოდი არ სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ცხელი ხაზი სადღეღამისო არ არის და არც შაბათ-კვირას არ მუშაობს. აქ დარეკვა მხოლოდ ორშაბათ-პარასკევს 09.00-დან 18.00-მდე შეგიძლიათ.
რა ღირს ტექდათვალიერება?
თუ მსუბუქი ავტომანქანა გყავთ, თქვენთვის ტექდათვალიერება 60 ლარი ღირს.
სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის – 100 ლარი.
თანხას იხდით მხოლოდ ბანკში, ინტერნეტბანკინგით ან სწრაფი გადახდის აპარატებით.
ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ თუ ტაქდათვალიერების დროს თქვენს მანქანას ხარვეზები აღმოაჩნდება, ფული მათ გასასწორებლადაც დაგჭირდებათ.
ვთქვათ, ჩემმა მანქანამ პირველ ჯერზე ტექდათვალიერება ვერ გაიარა, მაშინ რა ხდება?
თუ ტექდათვალიერების დროს თქვენს მანქანას ხარვეზები აღმოაჩნდა, გეძლევათ 30 დღე, რომ ეს ხარვეზები გამოასწოროთ.
თუ ამ 30 დღეში ჩაეტევით, მაშინ განმეორებითი ტექდათვალიერება თქვეთვის უფასო იქნება. თუ 30 დღეს გადააცილებთ, მაშინ ისევ 60 ან 100 ლარის გადახდა მოგიწევთ იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ავტოტრანსპორტი გყავთ.
რა მოწმდება ტექდათვალიერების დროს?
სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი არსებობს, რომლის დაკმაყოფილებაც ავტომობილებს მოუწევთ.
რეგლამენტის მიხედვით, ავტომობილი გამართული უნდა იყოს ყველა კრიტერიუმით: სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები. ასევე თქვენი ავტომობილი არ უნდა აბინძურებდეს გარემოს – გამონაბოლქვს შეამოწმებენ და დასაშვებზე მეტად არ უნდა ხმაურობდეს.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტექნიკურ რეგლამენტში მალე ცვლილებები იგეგმება და ის უფრო დემოკრატიული გახდება.
საუბარია რამდენიმე ცვლილებაზე. პირველი ეხება დაზიანებებს საქარე მინაზე: თუ აქამდე საქარე მინაზე არსებული 5 მილიმეტრის ზომის ერთი ან რამდენიმე პატარა წერტილის-დაზიანების გამო მანქანას ახარვეზებდნენ, მომავალში ასე აღარ იქნება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოში არ არის იდეალური გზები, თავისუფლად შეიძლება გზიდან პატარა კენჭი ავარდეს და საქარე მინაზე მწირე ზომის წერტილი დატოვოს. მძღოლი კი, ასეთ შემთხვევაში იძულებული გახდება მინა მთლიანად გამოცვალოს, რაც რამდენიმე ასეული ლარი ჯდება.
კიდევ ერთი სავარაუდო ცვლილება ის არის, რომ ტექდათვალიერების დროს არ დახარვეზდება ის მანქანები, რომლებსაც გვერდითი მინები აქვს დამუქებული.
ასევე, ნაკლები ყურადღება დაეთმობა მანქანის ვიზუალს. მაგალითად, დღევანდელ რეგლამენტში წერია, რომ თუ მანქანას აქვს ე.წ. “შპაკლი” ის დახარვეზდება. თუმცა, ვინაიდან, “შპაკლი” არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი, ამ რეგულაციის გაუქმება იგეგმება.
[toggle title=”ფეისბუკზე მძღოლები ერთმანეთს ტექდათვალიერების გამოცდილებას უზიარებენ. ჩვენ ყველაზე გავრცელებულ რჩევებს ერთად მოვუყარეთ თავი. სანახავად დააჭირეთ აქ ⇒“]
1. წესრიგში უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა ნათურა, რომელიც თქვენს მანქანას აქვს ქარხნულად (მათ შორის სალონის ნათურებიც);
2. წესრიგში უნდა იყოს წინა და უკანა შუშა. არ უნდა იყოს გაბზარული და არ უნდა ჰქონდეს დიდი და საშუალო ზომის დაზიანებული წერტილები, რომლებიც მხედველობას უშლის ხელს (5 მილიმეტრამდე წერტილი შეიძლება);
3. გამართულად უნდა მუშაობდეს მინამწმენდები. საღი და მოწესრიგებული უნდა იყოს ყველა სარკე და ასევე გამართულად უნდა იღებოდეს და იხურებოდეს ყველა კარი;
4. ავტომობილი გარეგნულად მეტნაკლებად უნდა იყოს ფორმაში – არ უნდა ჰქონდეს დიდი ზომის დაზიანებები და შეჭეჭყილი ადგილები;
5. ფარები თანაბრად უნდა ანათებდეს, არ უნდა იყოს დაბურული და ჭუჭყიანი. ყველა ფარი უნდა იყოს წესრიგში, ასევე ავარიულებიც;
6. საბურავებზე ყურადღება მიაქციეთ პროტექტორების ზომას. ასევე თითოეულ ღერძზე უნდა იყოს ერთნაირი საბურავები, რასაც პირველ რიგში აქცევენ ყურადღებას; ასევე აუცილებლად უნდა გქონდეთ სათადარიგო საბურავი;
7. მუხრუჭები წინაც და უკანაც, აგრეთვე ხელის მუხრუჭი უნდა იყოს წესრიგში. საჭეს არ უნდა ჰქონდეს ხმა და ფოლხვა (როცა ატრიალებ საჭეს და მანქანა ადეკვატურად არ უხვევს);
8. ძრავი უნდა მუშაობდეს გამართულად და არ უნდა ჰქონდეს დიდი ხმა. ასევე, არ უნდა ჰქონდეს დიდი ბრუნები, არ უნდა ქრებოდეს ნეიტრალში ყოფნის დროს; აუცილებლად გამართეთ ე.წ. “სვეჩები”; მოწესრიგებული უნდა იყოს ჰაერის ფილტრი; ასევე ბენზინის მიწოდების სისტემა და ფილტრები.
9. მანქანას ქვემოდანაც ამოწმებენ საგულდაგულოდ ფანრით – არსაიდან არ უნდა იღვრებოდეს ზეთი და რამე ლაქა არ უნდა ემჩნეოდეს. ამიტომ, სანამ ტექდათვალიერებას გაივლით, ავტომობილი შიგნიდან და გარედან გაარეცხინეთ. ასევე გაარეცხინეთ კაპოტი, რომ ძველი ლაქები მოაშოროთ.
10. ასევე, მანქანას ქვემოდან არ უნდა ჰქონდეს ჩამოვარდნილი, ჩამოკონწიალებული და კარგად დაუმაგრებელი ნაწილები;
[/toggle]
რა საბუთები მჭირდება ტექდათვალიერების გასავლელად?
მხოლოდ მანქანის პასპორტი, პირადობის მოწმობა და ქვითარი, სადაც ჩანს, რომ ტექდათვალიერების თანხა გადახდილი გაქვთ
რა მოხდება, თუ ტექდათვალიერებას არ გავივლი?
მძღოლი, რომელიც თავს აარიდებს ტექნიკურ ინსპექტირებას ან ივლის დახარვეზებული მანქანით, 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო თუ იურიდიული პირი ან ინდმეწარმე ხართ, მაშინ 200 ლარით დაჯარიმდებით.
ეს ჩვენი პარტნიორი გაზეთის “ბათუმელების” ვიდეოა. ნახეთ, როგორ გადის ტესტირებას მანქანა ბათუმის ერთ-ერთ ცენტრში:
თუ ასეთ მანქანას სხვას გადასცემთ სამართავად, თქვენც 50 ლარიან ჯარიმას გამოგიწერენ და იმასაც, ვინც მანქანა ათხოვეთ.
თუ დარღვევას არ აღმოფხვრით, ყოველი ერთი თვის გასვლის შემდეგ ჯარიმა კვლავ 50 ლარი იქნება, რაც ჯამში ერთი წლის განმავლობაში 600 ლარია.
ჯარიმას ერთი თვის ვადაში იხდით.
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში 500-ლარიანი საურავი დაგეკისრებათ. ხოლო თუ ისეთი თავზეხელაღებული ხართ, რომ საურავსაც არ გადაიხდით, მაშინ თქვენს ავტომობილს 6 თვის ვადით მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.
14 იანვრიდან ინსპექტირებაგაუვლელი მძღოლების გამოვლენის და დაჯარიმების საქმეში ქუჩებში დამონტაჟებული ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაერთო.
სულ რაღაც ოთხ დღეში – 14-დან 17 იანვრამდე – ჭკვიანმა კამერებმა 6 654 ჯარიმა გამოწერეს. მანამდე კი, წლის დასაწყისიდან პატრულ-ინსპექტორებმა 2404 ჯარიმა გამოუწერეს იმ მანქანების მძღოლებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ ჰქონდათ გავლილი.
მარჯვენასაჭიანებმა ან გადატანილსაჭიანებმა რა ვქნათ?
ზუსტად ის, რასაც სხვები აკეთებენ. წესი ყველასთვის ერთი და იგივეა. ასეთი ავტომობილები ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი მსუბუქი ავტომანქანა.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს დამატებით მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების კორექტირება მოუწევთ.
მიდგომა ყველასთვის ერთნაირია – მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
იგივე წესები ვრცელდება გადატანილსაჭიან ავტომობილებთან მიმართებაშიც. ოღონდ, აუცილებლად გაითვალიწინეთ ერთი რამე თუ საჭის მარჯვნიდან მარცხნივ გადატანა გინდათ, ეს ტეადათვალიერების გავლამდე მოასწარით, რადგან ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ საჭის გადატანა კატეგორიულად იკრძალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილი მორიგ ტექდათვალიერებაზე აღარ დაიშვება.
რა ხდება მაშინ, როცა მანქანაში გაზის ბალონია დამონტაჟებული?
ტექდათვალიერება სავალდებულოა აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც. ასეთი ავტომობილები ინსპექტირებას სპეციალურად მათთვის გამოყოფილ და აკრედიტებულ ცენტრში გაივლიან. ამ ცენტრების მისამართების ნახვა შეგიძლიათ აქ.
რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავიარო ტექდათვალიერება?
თუ წელს ყველა მანქანა ტექდათვალიერებას რეგისტრაციის თარიღის მიხედვით გადის, მომავალი წლიდან უკვე მანქანის გამოშვების თარიღს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
კონკრეტულად კი, წესი ასეთია:
თუ გყავთ სულ ახალთ–ახალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც 4 წელზე ნაკლები წლის წინაა გამოშვებული, მაშინ ტექდათვალიერება საერთოდ არ გიწევთ, ვიდრე თქვები მანქნა 4 წლის არ გახდება.
4-დან 8 წლამდე მანქანები ორ წელიწადში ერთხელ მოწმდება.
ხოლო, 8 წლის როცა გახდება მანქანა, მას უკვე ყოველწლიური შემოწმება უწევს.
მაგალითად: თუ თქვენი მანქანა 2005 წელს არის გამოშვებული, მაშინ ყოველ წლიური ტექდათვალიერება გიწევთ, რადგან ის 8 წელზე მეტი ხნის – 14 წლისაა.
რაც შეეხება სამგზავრო (8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე) ავტოსატრანსპორტს, მაგალითად “მარარუტკას“, ავტობუსს. ასეთ ავტოტრანსპორტს ტექინსპექტირება უკვე გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველ წელიწადს უწევს. ხოლო ოთხი წლის რომ შესრულდება, მერე საერთოდაც წელიწადში ორჯერ უნდა შეამოწმო.
თუ მანქანა ტაქსია, მაშინ დამატებითი რეგულაცია შემოდის იმის და მიუხედავად, როდის არის გამოშვებული ტაქსი ნებისმიერ ვარიანტში ყოველ წელს ორჯერ შემოწმდება ისევე, როგორც სასწრაფო დახმარების მანქანა.
ყოველ წელს მოწმდება ასევე სატვირთო (3.5 ტ. და ზემოთ ) და მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი (3,5ტ. და მეტი ) ავტოტრანსპორტი.
რომელ ავტოსატრანსპორტს არ ეხება ტექნიკური ინსპექტირება?
ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ მანქანებს.
ტექდათვალიერება არ ეხება ასევე მოტოციკლებს;
ასევე ავტომობილებს რომლებიც დამზადებულია 1960 წლამდე; მოდელებს, რომლებიც მოხსნილია წარმოებიდან; მანქანას, რომელიც ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებულია პირვანდელი მდგომარეობით; ასევე მანქანებს, რომლებიც უკვე აღარ/ვეღარ მოძრაობენ და ერთ ადგილას დგანან; ასევე სატრანსპორტო საშუელებებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე ქარხნულად არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.
მე საქართველოს მოქალაქე რომ არ ვარ?
მერე რა. საქართველოს გზებზე ხომ დადიხართ? ტექდათვალიერება თქვენს მანქანასაც ეხება, თუკი იგი გყავთ.
რისთვის არის საჭირო ტექდათვალიერება?
ტექდათვალისრების შემოღებას ხელისუფლება სამი ძირითადი არგუმენტით ხსნის:
პირველი – ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება;
მეორე – ავარიებისა და აქედან გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენცია;
მესამე – მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების შემცირება ქვეყანაში.
კორუფციის საფრთხე გამორიცხულია?
წესით, არც კლიენტს და არც ტესტირების ცენტრის წარმომადგენელს ნაღდ ფულთან შეხება არ აქვთ. კლიენტი ფულს ხელზე არ იხდის.
გარდა ამისა, ადგილზე მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, იწერება შემოწმების მთლიანი პროცესი და ჩანაწერი 14 თვის განავლობაში ინახება.
თუმცა, ამ ინიციატივის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს არასაკმარისი მექანიზმებია ტექდათვალიერების სისტემის კორუფციისგან დასაცავად.
ტექდათვალიერებაზე მანქანა აუცილებლად ავტომობილის მფლობელმა უნდა წაიყვანოს?
არა, არ არის აუცილებელი. შეიძლება თქვენი მანქანის ტექდათვალიერება მეგობარს, ქმარს, ცოლს, მამას, დედას ან ვისაც გინდათ, იმას მიანდოთ.
გარდა ამისა, არსებობს სპეციალური სერვისები, რომლებიც თქვენ მანქნას წაიყვანენ, თავად მიიყვანენ ტექდათვალიერების ცენტრში და უკან დაგიბრუნებენ. ცხადია, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. თქვენ ამასობაში დროსა და ნერვებს ზოგავთ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სერვისია caru.ge.
პირველი შედეგები
„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ინფორმაციით, ტექდათვალიერება უკვე 130 ათასმა ავტომობილმა გაიარა და აქედან 40 ათასს ხარვეზები აღმოაჩნდა.
ხარვეზებიანი ავტომობილების 30 პროცენტი განმეორებით ინსპექტირებაზე ჯერჯერობით არ მისულა.
ოფიციალური ინფორმაციით, შემოწმებამ აჩვენა, რომ ავტომობილებს ძირითადად სამუხრუჭო სისტემების გაუმართაობის, გამონაბოლქვის და საჭის მართვის სისტემის პრობლემები აქვთ, რის გამოც ისინი გზებზე გარკვეულ საფრთხეს ქმნიან.
ტექდათვალიერება ვერ გაიარა 200-მდე ყვითელმა მიკროავტობუსმა, 100-მდე ავტობუსმა და თბილისის მერიის 42-მა მანქანამ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში არსებული ავტოპარკის თითქმის ნახევარი 20 წელზე მეტი ხნის არის.
აუდიტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71 პროცენტი მანქანების წილად მოდის.