“პატრიოტთა ალიანსმა” თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია “დავით გარეჯი საქართველოა” გამართა
თბილისში, თავისუფლების მოედანზე 15 ივნისს „პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესტო აქცია გაიმართა სახელწოდებით “დავით გარეჯი საქართველოა”.
„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები და აქტივისტები დღევანდელი აქციისთვის სხვადასხვა რაიონებიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ.
• უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა შესაძლოა საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპიროს
როგორც აქციაზე გამოსულმა პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, აქციის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახონ, რომ მოსახლეობა დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს.
“ჩვენ პატივს ვცემთ აზერბაიჯანელებს, მისი პრეზიდენტი მიგვაჩნია გონიერ ადამიანად და მივმართეთ მას, რომ კარგად გააცნობიეროს ის ვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას, ის, რაც ჩვენია, ჩვენია“, – განაცხადა ინაშვილმა.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა დავით გარეჯის გარშემო შექმნილ ვითარებაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულეს.
„ დაიწყოს გამოძიება, დაისაჯოს (დემარკაცია-დელიმიტაციის) კომისიის ის წევრები, ვინც გაყიდა დავით გარეჯი. დაისაჯოს სააკაშვილი, ბოკერია, ყველა ის ხალხი, ვინც ყიდდა ტერიტორიებს”, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, შეკრებილების მოთხოვნა არის სამხედრო მიუმხრობლობა. “იმიტომ, რომ დღეს ეს არის ერთადერთი გამოსავალი სიმშვიდისთვის და დღეს სრულიად მიუღწევადია ნატო”.
აქციის მონაწილეებს ხელში ნატო-ს საწინააღმდეგო და რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერი ბანერები ეჭირათ. ერთ-ერთმა აქტივისტმა აქციის მიმდინარეობისას თბილისის საკრებულოს აივნიდან ნატო-ს მხარდამჭერი ბანერი ჩამოგლიჯა.
"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერმა ბანერი "ნატო აქაურობას" ჩამოხია
საკრებულოს შენობაზე „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ ბანერი „ნატო აქაურობას“ გამოფინა. პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბანერი ჩამოხია და გაიქცა.
Posted by Rustavi 2 on შაბათი, 15 ივნისი, 2019
“პატრიოტთა ალიანსმა” აქციაზე სოციალური მოთხოვნებიც გააჟღერა – უფასო კვება სკოლებში, საოჯახო ბიზნესის მხარდამჭერი სპეციალური სააგენტოს შექმნა და ა. შ.
პარტია აქციების გაგრძელებას საქართველოს რეგიონებში აპირებს.