ევროპის საბჭოს წარმომადგენელი აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს შეხვდა
აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების თაობაზე ევროპის საბჭოს მომხსენებელი ტორჰილდურ სუნა ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით მასალის შესაგროვებლად ბაქოში ჩავიდა.
5-7 სექტემბერს მას ოფიციალურ პირებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ასევე მას სურდა ზოგიერთ პოლიტპატიმარს შეხვედროდა, მაგრამ ფაქტობრივად ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სუნამ ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს ლიდერთან ილგარ მამედოვთან ერთად ივახშმა.
• რატომ არის აზერბაიჯანში ჟურნალისტობა რთული
• ვის უფლებებს იცავენ საქართველოში
ტორჰილდურ სუნა და აზერბაიჯანი
ტორჰილდურ სუნა – ისლანდიელი იურისტი, უფლებადამცველი და ჟურნალისტია. ის წარმოადგენს ისლანდიის პირატულ პარტიას, რომელიც ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების სფეროში რეფორმებისთვის გამოდის.
2018 წლის ივნისში ტორჰილდურ სუნა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივი საკითხებისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მომხსენებლად დაინიშნა, რათა აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების შესახებ ანგარიში მოემზადებინა.
2019 წლის მარტში დიდი შეწყალების ფარგლებში დაახლოებით 50 აზერბაიჯანელი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. მაგრამ აპრილში, სტრასბურგში გამართულ მოსმენებზე ტორჰილდურ სუნამ განაცხადა, რომ ამან პრობლემა არ გადაჭრა, და ციხეებში პოლიტიკური მოტივებით მსჯავრდებული კიდევ დაახლოებით 70 ადამიანი დარჩა.
აზერბაიჯანში მომხდარი შეწყალების შემდეგ ორნახევარი თვის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი და აქტივისტი დააპატიმრეს, ზოგიერთი პოლიტპატიმარი კი წამების შესახებ ჩივის.
ტორჰილდურ სუნა აზერბაიჯანში ამ წლის ივნისში აპირებდა ჩასვლას. მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ მის მიღებაზე უარი განაცხადა, და მიზეზად ის დაასახელა, რომ 4-5 ივნისს ქვეყანაში რამაზანის დღესასწაულს აღნიშნავდნენ – ეს დღეები არასამუშაო იყო. ამიტომ, ვიზიტის სექტემბრისთვის გადადება მოუხდათ.
შეხვედრა ილგარ მამედოვთან
ტორჰილდურ სუნასთან შეხვედრის შესახებ ილგარ მამედოვი თავის Facebook-ის გვერდზე ჰყვება:
„ჩვენ საფუძვლიანი საუბარი გვქონდა. ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ იანვრამდე ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს, მაგრამ წლევანდელი გამოცდილება უჩვენებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა შესაძლებელია, და ჩვენ უფრო მეტისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. პოლიტპატიმართა რიცხვი ნულამდე უნდა დავიდეს. გარდა ამისა, სრულად უნდა შესრულდეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამისთვის კი პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რესურსი უნდა ამოქმედდეს.“
„მომავალ იანვარზე“ საუბრისას ილგარ მამედოვი გულისხმობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას. ამ სესიაზე ტორჰილდურ სუნა თავის ახლანდელი მოგზაურობის ანგარიშს წარადგენს და გამოტანილ დასკვნებს გაახმოვანებს.