სომხები მთელ მსოფლიოში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ
სომხეთში 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. მთელი სომხური დიასპორა – ისინი კი ძირითადად ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხების გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლები არიან – მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უწევენ ორგანიზებას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს.
ერევანში ყოველწლიურად დილიდან ათასობით ადამიანს ყვავილები მიაქვს ციცერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსთან, რომელიც ნახევარი მილიონი დაღუპულის სამახსოვროდ აშენდა.
24 აპრილს სომხეთში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ოფიციალური დღეა. სომხების გენოციდი – ეს არის ოსმალურ თურქეთში 1915 წელს მომხდარი მასობრივი ჟლეტა. მანამდე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაახლოებით ორ მილიონნახევარი სომეხი ცხოვრობდა.
მკვლელობებისა და მასობრივი დეპორტაციის შედეგად მათ ნახევარზე მეტი დაიღუპა. სომხეთი, რამდენიმე დასავლური ქვეყანა და ორგანიზაცია იმ მოვლენებს ოფიციალურად გენოციდად მიიჩნევს. თურქეთი ამგვარ ფორმულირებას კატეგორიულად არ ცნობს.
• რა გზა გაირა სომხეთმა გენოციდის ხსენების აკრძალვიდან მემორიალის მშენებლობამდე
• სომხეთი-თურქეთი. უარესი არ არსებობს
„უკანონობა დაუშვებელია“
გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა, სრულიად სომხეთის კათოლიკოსის და სომხეთში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსის პრეზიდენტის თანხლებით, პატივი მიაგო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცკანიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს „ციცერნაკაბერდის“ მემორიალის მარადიული ცეცხლიდან გამობრუნებისთანავე უპასუხა:
„სომხების გენოციდის აღიარება – ეს არამხოლოდ ჩვენს მიმართ სამართლიანობის აღსადგენად გადადგმული ნაბიჯია, არამედ ეს არის ნაბიჯი, რომელიც გენოციდების აღსაკვეთად იდგმება. ჩვენ გენოციდის ფასი ვიცით, და მოვალენი ვართ, თანმიმდევრულად ვიმუშაოთ, რათა სამართლიანობამ იზეიმოს. უკანონობა, უბრალოდ, დაუშვებელია“.
რაც შეეხება თურქეთთან ურთიერთობას და სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებას, მნაცკანიანმა თქვა:
„სამწუხაროდ, ოფიციალური ანკარიდან მიღებული შეტყობინებები იმედის საფუძველს არ იძლევა. მაგრამ ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გენოციდის აღიარება – ეს წინაპირობაა [სხვა საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად -JAMnews].“
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი თურქეთის განცხადებაზე
წინა დღეს თურქეთის მთავრობამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სომხეთს თავისი 1915 წლის არქივის გახსნის ეშინია, რადგან ამის შემდეგ მსოფლიო იმის მტკიცებულებებს მიიღებს, რომ 1915 წლის მოვლენები „სომხების გენოციდს არ წარმოადგენს, პირიქით – ეს ოსმალეთის იმპერიაში სომხური ბანდების მიერ მუსლიმი მოსახლეობის გენოციდი და განადგურება იყო“.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა ამ განცხადებას უპასუხა:
„გენოციდის უარყოფის საფარქვეშ გამართლება – სამარცხვინო და საშიში მოვლენაა. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ თურქეთის მხრიდან სომხების გენოციდის უარყოფის მოწმენი ვიყავით. უარყოფა თანმიმდევრული იყო, მისი ფორმები და შინაარსი კი – არა.
ის ყოველთვის ცვლილებას ექვემდებარებოდა: ან გენოციდის მსხვერპლთა და დამნაშავეთა სასწორის ერთ მხარეს დაყენებას ცდილობდნენ, ან კი, როგორც ამ შემთხვევაში ხდება, გენოციდის მსხვერპლებს ადანაშაულებდნენ და დამნაშავეებს ამართლებდნენ. ხშირად გამოიყენება ფალსიფიკაციები, მაგალითად იმის თაობაზე, თითქოს ჩვენი არქივები დახურულია, მაშინ, როდესაც გენოციდის ყველა ექსპერტმა იცის, რომ სომხური არქივები გახსნილია.“
აშშ-ს პოზიცია
„ციცერნაკაბერდის“ მემორიალურ კომპლექსთან სომხეთში აშშ-ს ელჩი ლინ ტრეისიც იმყოფებოდა.
ელჩმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა რაიმე პროგრესი ვაშინგტონის მხრიდან სომხების გენოციდის აღიარების საკითხში. ელჩმა განაცხადა, რომ აშშ ისტორიულ ფაქტებს არ უარყოფს:
„ის, რაც 1915 წელს მოხდა -XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს სიმხეცეს წარმოადგენს, ჩვენ სომეხი ხალხის სიმტკიცით შთაგონებულები ვართ“.
სომხების გენოციდი აშშ-ს მიერ ფედერალურ დონეზე ჯერ აღიარებული არ არის, თუმცა ის ცალ-ცალკე, მისისიპის გარდა, ქვეყნის ყველა შტატმა აღიარა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews იტოვებს უფლებას, წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე – სხვა მიზეზების გამო, ეთიკურად მიუღებელი