ერევნის მერიამ დედაქალაქის მცხოვრებლებს მორიგი სიურპრიზი შესთავაზა: თავისუფლების მოედანზე 3D ფორმატის სტრიტ-არტი გაჩნდა – ხეობაში მოთამაშე დათვები. გამოყენებულია საგანგებო წყალგამძლე და თერმომდგრადი საღებავები, რომ ამ გამოსახულების არსებობა შეძლებისდაგვარად გახანგრძლივდეს.
ვიღაცამ დათვებთან ერთად უკვე ფოტოს გადაღებაც მოასწრო, ზოგმა კი საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება. დედაქალაქის მცხოვრებლებს არ მოეწონათ, რომ გამოსახულებაზე დათვები ცნობილი რუსული კანფეტების დათვებს ჰგვანან და არანაირად არ ერწყმიან ერევნის იერსახეს.
„კონსტიტუციაში უნდა შეიტანონ, რომ ერევნის მერიას რაიმეს ინიცირების უფლება ჩამოერთვას. მერმა ტარონ მარგარიანმა, კეთილი ინებოს და, თავის გემოვნება თავისსავე ეზოში გამოავლინოს; რატომ აკეთებს ამას ქალაქში?“- განაცხადა არქიტექტორმა არსენ კარაპეტიანმა.
ერევნის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა არამ ისაბეკიანმა თქვა, რომ ვერ ხვდება, თუ რატომ გაჩნდნენ დათვები მოედანზე ოპერისა და ბალეტის შენობის მახლობლად: ეს შეიძლებოდა სულ სხვა გამოსახულება ყოფილიყო, მაგალითად – მონა ლიზა. მაგრამ, დათვები? რუსეთთან დაკავშირებული ასოციაციები გამიჩნდა“.
ის, რომ სურათი რუსულ კანფეტებს მოგვაგონებს, კინოსცენარისტმა, მწერალმა და პუბლიცისტმა ვაგრამ მარტიროსიანმაც აღნიშნა: „ეს სურათი მკაფიოდ ასოცირდება საბჭოთა კანფეტებთან, რომელზეც სამი დათვი იყო გამოსახული, და რომლებიც მოსკოვიდან ჩამოჰქონდათ, თორემ ისე არ იშოვებოდა. რისთვის იყო ეს საჭირო? ასოციაციების მოსაგვრელად? კურთხეული საბჭოთა წლების შესახსენებლად? და რა იყო მასში კარგი? დეფიციტი?“
აი, ფეისბუკის მომხმარებლების რამდენიმე პუბლიკაცია:
„ეს რა „დათვებია ხეობაში“ ოპერის შენობის წინ? კი , მაგრამ, რუსული კანფეტების ქარხნის ეზო ხომ არ არის?“
„კიდევ ვინმეს ეჩვენება, რომ ოპერის შენობის წინ ძალიან საძაგელი სურათი გაჩნდა?“
„თქვენ ეს მხოლოდ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლების უგემოვნობას, ჩამორჩენილობას და სიბრიყვეს, ყველაფრის გაფუჭების მათ მანიას – რაიმე საზღვარი აქვს“.
“მაპატიეთ, მაგრამ სიტყვა „სოფლელი“ უნდა გამოვიყენო – სოფლის მოსახლეობაში არ აგერიოთ. რა საერთო აქვთ დათვებს თავისუფლებასთან ან კლასიკურ ხელოვნებასთან (დათვების გამოსახულება თავისუფლების მოედანზე გაჩნდა, სადაც ოპერისა და ბალეტის თეატრი მდებარეობს)? და თუ ესთეტიკაში ვერ ერკვევით, რჩევას რატომ არავის ეკითხებით? თუ ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენს თავისუფლებას რუსული დათვი დაეპატრონება?“
„რატომღაც მგონია, რომ სენდიარიანისა და თუმანიანის ქანდაკებები მალე გაცოცხლდებიან და თავისუფლების მოედნიდან გაიქცევიან. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მესამე მოანკვეთის (ქარხნის რაიონი საბჭოთა დროს) მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელიდან წამოღებული ნახატები აქ გადმოიტანეს“.