ერევანში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან დაწყობილ ყვავილებს ღია ბართების დასამზადებლად გამოიყენებენ
მოხალისეებმა დღეს „ყვავილების შეგროვების“ აქცია დაიწყეს. წინათ იმ უამრავ ყვავილს, რომლებიც ყოველ წელს, 24 აპრილს, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მარადიულ ცეცხლთან მიჰქონდათ, უბრალოდ წვავდნენ. ველური ბუნების დაცვის ფონდმა გადაწყვიტა, ყვავილებისთვის მეორე სიცოცხლე მიეცა. ეს აქცია, უკვე მეშვიდე წელია, ტარდება.
შეგროვილი ყვავილების ფურცლებს მემორიალის წინ მდებარე მოედანზე აშრობენ, შემდეგ კი გადასამუშავებლად აგზავნიან. სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული ქაღალდი სომეხთა გენოციდის ინსტიტუტ-მუზეუმს გადაეცემა და გამოიყენება სამადლობელი წერილებისთვის, დიპლომებისთვის, სერტიფიკატების, ღია ბარათებისა და ფოტოალბომებისთვის.
ყვავილების ღეროები კი გადამუშავების შემდეგ მემორიალის გვერდით მდებარე ხსოვნის პარკში მიწის გასანოყიერებლად გამოიყენება.
აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ არ არის ლამაზი იმ ყვავილების გადაყრა ან დაწვა, რომლებიც გენოციდის მსხვერპლისადმი თანაგრძნობას, ხსოვნასა და გლოვას გამოხატავს: „ეს ძალიან სიმბოლურია – ოფიციალური წერილის ან მოსაწვევის სწორედ ამ ქაღალდზე გაგზავნა. ადრესატი, რომელმაც იცის, თუ რისგანაა დამზადებული ის ქაღალდი, რომელიც ხელში უკავია, სერიოზულად დაფიქრდება სომეხთა გენოციდის მიმართ საკუთარ პოზიციაზე“.
ერთი კილოგრამი ყვავილის ფურცლისგან А3 ფორმატის 40 ქაღალდის ფურცელი მზადდება. ყოველწლიურად სომეხთა გენოციდის მსხვერპლის ხსოვნის დღეს მარადიულ ცეცხლთან 2 ტონაზე მეტი ყვავილი მიაქვთ.
აქციის ინიციატორები დარწმუნებულები არიან, რომ ყვავილების შეგროვების იდეა ადამიანებს შორის გარკვეულ კულტურასა და ფასეულობათა სისტემას ჩამოაყალიბებს: „ჩნდება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ ეკოლოგიაზე, და სათუთი დამოკიდებულების კულტურა დავნერგოთ იმ ბუნებისა და რესურსების მიმართ, რაც გაგვაჩნია.“