დაკავებების ახალი ტალღა აზერბაიჯანში „დიდი შეწყალების“ შემდეგ, მალევე დაიწყო, როდესაც საპატიმროდან, დაახლოებით, 400 ადამიანი გაათავისუფლეს – მათ შორის 50 პოლიტპატიმარი.
ვინ დააპატიმრეს?
ბაირამ მამედოვი – ცნობილი აქტივისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი. მას პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აზერბაიჯანში ბევრი ამას „დასჯად“ მიიჩნევს იმის გამო, რომ მამედოვი გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
ოპოზიციური პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ოთხ აქტივისტს მიუსაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ისინიც პოლიციის დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულეს. ისინი ყველანი მიტინგის ორგანიზატორები იყვნენ, რომლის გამართვასაც ოპოზიცია 6 აპრილს აპირებდა. სამს 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ერთი კი 30 დღით ჩასვეს. პარტიის თავმჯდომარის, გიუზელ ბაირამოვას თქმით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა“ მიტინგის ჩატარების შესახებ განაცხადა. საერთო ჯამში, 2019 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ 50 აქტივისტზე მეტი დააკავეს.
ორი კვირის წინ, მოძრაობა „მუსლიმური ერთობის“ აქტივისტი ანარ ჯაბაროვი თურქეთში დააკავეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს. მას შემდეგ, პირველ ეტაპზე, ახლობლებმა ვერ შეძლეს გარკვევა, სად ჰყავდათ მოთავსებული და რაში ადანაშაულებდნენ. საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ ის საგამოძიებო იზოლატორშია და ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ბრალდებული. ამის შესახებ სააგენტო Turan-ს ჯაბაროვის ნათესავმა განუცხადა, რომელმაც ამ ყველაფერს ფაბრიკაცია უწოდა.
შეწყალებას, რომლის შედეგადაც ერთდროულად 50 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, აზერბაიჯანული საზოგადოება თავიდანვე სიფრთხილით უყურებდა. ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი ამას დასავლეთისა და ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიჩნევდა. და ყველა საბოლოოდ დაიბნა, როდესაც ორი კვირის შემდეგ, დაკავებების ახალი ტალღა დაიწყო, ზოგიერთმა ცოტა ხნის წინანდელმა სინდისის პატიმარმა კი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე დაიწყო საუბარი.
კომენტარები სოციალური ქსელებიდან:
„ბაირამმა აღწერა წამება, რომელიც ბოლო დაკავებისას გამოიარა. აბა, კიდევ ვის სჯერა მთელი ამ „რეფორმების“?“;
„მე პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ეს შეწყალება უბრალოდ შოუ იყო!“;
„ყელში გაეჩხიროთ ასეთი შეწყალება და რეფორმები!“
დევნის ახალი ტალღა შეაფასა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Freedom House-მა.
ამ ორგანიზაციის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორის, მარკ ბერენდტის განცხადებით, – „ეს დაკავებები ხელს უშლის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეწყალების აქტით გამოთქმულ კეთილგანწყობას და ადასტურებს აზერბაიჯანში ოპოზიციასა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელებას“.