ახალი პარლამენტი. იქნებ დროებით შვებულებაში გავუშვათ?
სომხეთმა ახალი პარლამენტი აირჩია. ეროვნული კრება უფრო ნაკლებად ხალხმრავალი გახდება: 131 დეპუტატის ნაცვლად პარლამენტში ას ხუთი დეპუტატი შევა. სწორედ ეს 105 პარლამენტარი აირჩევს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, პროკურორს… მოკლედ, ყველას. ამ ყველაფრისთვის დეპუტატებს სამ დღეზე მეტი ნამდვილად არ დასჭირდებათ. და ამის შემდეგ რით უნდა დაკავდნენ? ძალიან ბევრი კანონი გვაქვს სომხეთში და ეს საკანონმდებლო ბაზა (თავისი დამატებებითა და ცვლილებებით) ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი რეგულაციები დაგვჭირდება. ჩვენი კანონები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს არეგულირებს.
მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით აკრძალულია ცხოველშებმული ურმით გადაადგილება იმ შემთხვევაში, თუკი ურემს არ აქვს მუხრუჭი და საზიდრის უკანა ნაწილი ორი შუქამრეკლით, ან ფარებით არ არის „აღჭურვილი“.
ახალი მოწვევის ეროვნული კრება რაიმე უფრო ღირებულს ნამდვილად ვერ მოიგონებს (ძალიანაც რომ უნდოდეს). და მე ნამდვილად განვიცდი იმას, რომ ჩვენი რჩეულები, შესაძლოა, უსაქმოდ დარჩნენ. ეს კი სახიფათოა, იმიტომ რომ შესაძლოა, ახალი კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები გაჩნდეს.
არსებობს კანონი, რომლისა მიხედვითაც, ტრამვაის მძღოლის ასაკი 20 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. ძალიან კარგი რეგულაციაა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში ტრამვაი საერთოდ არ არსებობს. მაგრამ ეს კაზუსი დეპუტატების ბრალი არ არის – თითოეული მათგანი ექვსნიშნა რიცხვით გამოხატულ ხელფასსა და ბონუსებს იღებს და ხვდება, რომ გულხელდაკეფილი ჯდომის უფლება არ აქვს.
ფოტო: ლიუსი სარგსიანი
პარლამენტის ბიუჯეტზე კი საუბარიც არ ღირს. ძნელი წარმოსადგენია, რომ უწყება, რომლის შესანახადაც 2017 წელს გადასახადების გადამხდელები 4,5 მილიარდ დრამს (9,3 მილიონი დოლარი) გადაიხდიან, უცებ უსაქმური გახდება.
მარტივი არ არის, მაგრამ მოდით, ამ საკითხზე დავფიქრდეთ. დავუშვათ, ჩვენმა პარლამენტმა პირველივე სესიის დროს დაასრულა ყველა არჩევითი პოსტის დამტკიცების საქმე. მაშ რისთვისღა დაიტანჯოს 105 დეპუტატი? რა საჭიროა სხდომათა დარბაზის გათბობა ზამთარში და იმავე სივრცის გაგრილება ზაფხულში? კარგი იქნება, თუკი ეს დაწესებულება დაიხურება იმ მომენტამდე, როდესაც ისევ გახდება საჭირო.
მხოლოდ ისაა დასანანი, რომ ჩვენ ამ პრაქტიკის პიონერები ვერ ვიქნებით (მიუხედავად იმისა, რომ პირველობა გვიყვარს). სენეგალმა დაგვასწრო. თანაც ხუთი წლის წინ. აღმოჩნდა, რომ ამ აფრიკულ ქვეყანაში ასკაციანი პარლამენტი დაითხოვეს. რესურსების ეკონომიის მიზნით. იუსტიციის მინისტრმა, ამინატუ ტურემ განაცხადა, რომ დაზოგილი თანხებით წვიმისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია მოხდება და, ამას გარდა, წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების (სტიქიური უბედურების შედეგად სულ 13 ადამიანი გარდაიცვალა) ოჯახები კომპენსაციებს მიიღებენ. უკვე ხუთი წელია, რაც ამ წარმატებით ფრთაშესხმულმა სენეგალელებმა ვიცეპრეზიდენტის პოსტზეც უარი განაცხადეს.
სენეგალის დამოუკიდებლობის მოედანი და სენატის შენობა დაკარში CBS
სომხეთი ცხოვრების დაბალი დონით გამოირჩევა და ამის ხაზგასასმელად ხშირად ვახსენებთ ხოლმე აფრიკულ ქვეყნებს. თუმცა, ის დროა, რომ ამ სახელმწიფოების გამოცდილება გავიზიაროთ. ბაგრამიანის ქუჩაზე დაახლოებით 4,5 მილიარდი დრამი გვაქვს, გიუმრის მიწისძვრის შემდეგ კი 3080 დროებითი თავშესაფარი შემოგვრჩა. არ მესმის… ნუთუ არ შეიძლება, რომ რამდენიმე წელი ძველი კანონებით ვიცხოვრეოთ და ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ მიწისძვრით დაზარალებულთა საცხოვრებლების პრობლემა?
თუკი ეკონომიკური განვითარების შეფერხების გამო „ნაირიტის“, „ხიმპრომისა“ და „სომხეთის ავიახაზების“ ასობით თანამშრომელი შეამცირეს, რატომ არ შეიძლება პარლამენტიც „დამსახურებულ“ შვებულებაში გავუშვათ? უკიდურეს შემთხვევაში, პარლამენტის ის წევრები, რომლებიც უსაქმოდ სხედან.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს დეპუტატები თავადაც დაუჭერდნენ მხარს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ისინი თავადაც ოცნებობენ კანონშემოქმედებითი ბორკილების მოშორებაზე.