ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა
რა მოხდა
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთს დაესხნენ თავს. შედეგად – 50 ადამიანი გარდაიცვალა, 50 კი დაიჭრა.
ერთ-ერთი თავდამსხმელი ვიდეოზე იღებდა ადამიანების მკვლელობას და პირდაპირ ეთერში გადასცემდა ინტერნეტის საშუალებით თავის სამ გვერდზე – Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე. პოლიცია ცდილობს, ყველა ასლი გაანადგუროს, მანამდე კი საზოგადოებას მიმართა თხოვნით, არ გახსნან და არ ნახონ აღნიშნული ვიდეო.
თავდასხმამდე, იგივე ექსტრემისტმა სოციალურ ქსელებში თავის გვერდზე გამოაქვეყნა 87-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც საკუთარ ულტრამემარჯვენე შეხედულებებს წარმოადგენდა და თავდასხმის მოტივებს განმარტავდა – სიძულვილი ემიგრანტებისა და მუსლიმების მიმართ.
• ისლამური სახელმწიფოს ბებიები
• ვიდეო: რატომ ხდებიან ისლამური ექსტრემისტები?
• ბესლანის ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების სასაფლაო დაფინანსების გარეშე დარჩა
CNN-ის ცნობით, ამ დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს.
ასევე, აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს ერთ-ერთ მეჩეთთან გაჩერებულ ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება.
ეს ახალი ზელანდიის ისტორიაში ყველაზე მასობრივი მკვლელობაა. წინა შემთხვევა 1983 წელს მოხდა, როდესაც 13 ადამიანი დაიღუპა.
ხელისუფლების მოქმედება
ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ოპერატიულად დახურა ყველა სკოლა და სახელმწიფო დაწესებულება. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მომხდარს უწოდა „ტერორისტული შეტევა ადამიანებზე, რომლებმაც ეს ქვეყანა ამოარჩიეს და მას თავიანთი სიცოცხლე მიუძღვნეს“.
ტერორი მუსლიმების წინააღმდეგ: მსოფლიო ტენდენცია
მსოფლიოში, მეჩეთებზე თავდასხმა ტრაგიკულად რეგულარული გახდა ხდება.
• ბოლო წლებში, ყველაზე დიდი თავდასხმა 2017 წელს ეგვიპტეში, ალ-რავდას მეჩეთზე განხორციელდა, სადაც აფეთქებისა და სროლის შედეგად 235 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვი „ისლამურ სახელმწიფოზე“ მიიტანეს, რომელიც ასე ცდილობდა იმ მუსლიმების დაშინებას, ვინც მის ფანატიკურ იდეებს არ იზიარებდა.
• 2017 წელს, ლონდონში, ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, როდესაც მეჩეთიდან ლოცვის შემდეგ სახლისკენ მიმავალ მუსლიმთა ჯგუფს ავტომობილით მიზანმიმართულად დაეჯახნენ. საჭესთან თეთრკანიანი მამაკაცი იჯდა.
• კანადურ კვებეკში, ექვსი ადამიანი დაიღუპა მეჩეთზე მამაკაცის თავდასხმის შედეგად, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა და შეპყრობილი იყო ქსენოფობიური იდეებით.