დაავადებულთა შორის 14 წელზე უმცროსი ასაკის რვა ბავშვია. მათი უმრავლესობა სოხუმის რამდენიმე სკოლის მოსწავლეა. ამის მიუხედავად, კარანტინი არ გამოუცხადებიათ.
„ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ თხოვნით, რომ თუნდაც იმ კლასებში მაინც გამოეცხადებინათ ერთი კვირით კარანტინი, სადაც ბავშვები დაავადდნენ. აჯობებს, თავი დავიზღვიოთ და ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა ადგურ კაკობამ.
მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ 49 დაავადებული – „ეს ჯერაც არაა ის რაოდენობა, განგაშის ატეხვა და კარანტინის გამოცხადება რომ ღირდეს“.
„სპეციალისტების აზრით, პიკურ მაჩვენებელს უკვე მივაღწიეთ და დაავადება კლებისკენ მიდის“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალხაზ კონჯარია.
მან ხაზი გაუსვა, რომ ის ბავშვები, რომლებსაც დაავადება გამოუვლინდათ, ამბულატორიულ მკურნალობას გადიან და არცერთი არაა ჰოსპიტალიზებული.
ალხას კონჯარია ამბობს, რომ აფხაზეთში დროულად მიიღეს ზომები ღორის გრიპის თავიდან ასაცილებლად.
„ახლა უკვე ანტივირუსული პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების მეორე პარტია მივიღეთ. ამ წამლებით ქვეყნის აბსოლუტურად ყველა სამედიცინო დაწესებულება უზრუნველყოფილია და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ის უფასოდ მიიღოს“, – განაცხადა კონჯარიამ.
2019 წლის 11 იანვარს აფხაზეთმა საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეზღუდა. ეს თბილისსა და საქართველოს სხვა რაიონებში H1N1 შტამის ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით შექმნილი არცთუ სახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაციით ახსნეს. წლის დასაწყისიდან ღორის გრიპით საქართველოში 13 ადამიანი დაიღუპა.
აფხაზეთიდან საქართველოში, ზუგდიდის რაიონში გადასასვლელი ენგურის ხიდი 6 თებერვალს ისევ გაიხსნა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო