თალიშელი აქტივისტი ფაჰრადინ აბასოვი 28 თებერვალს ბაქოს აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსეთიდან მისი დეპორტირება მოხდა, – წერს „კავკაზსკი უზელი“. აზერბაიჯანი აბასოვს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო მოწოდებებსა და შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს.
თალიშები ირანული წარმოშობის ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ, რომლებიც აზერბაიჯანის სამხრეთში, ირანის საზღვრის მახლობლად ცხოვრობენ. არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, მათი რაოდენობა დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს შეადგენს. 1993 წელს პოლკოვნიკმა ალაკრამ გუმატოვმა ეს ტერიტორია „თალიში-მუგანის რესპუბლიკად“ გამოაცხადა. ფაჰრადინ აბასოვი, ანუ აბასზოდა, როგორც ის თავს უწოდებს, ამ რესპუბლიკის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ხელმძღვანელი იყო. მას შემდეგ, რაც სეპარატისტული მოძრაობა გაანადგურეს, აბასზოდა ქვეყნიდან გაემგზავრა.
2018 წლის ზაფხულში აზერბაიჯანის სასამართლომ აბასოვის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიების ვერსიით, აბასოვი სომხეთში ჩადიოდა, სომხეთის სპეც-სამსახურებს ხვდებოდა და ამის შემდეგ მან აზერბაიჯანისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ონლაინ-განცხადება გააკეთა.
აზერბაიჯანმა ექსტრადიციის მოთხოვნა გააგზავნა რუსეთში, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა აბასოვი. 2018 წლის შემოდგომაზე ის ქალაქ ლიუბერციში დააკავეს. ის ხუთი თვის განმავლობაში საგამოძიებო იზოლატორში ელოდა ექსტრადიციას. საბოლოოდ, ლიუბერცის სასამართლომ აბასოვის დეპორტირების გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან რუსეთში მისი დროებით ცხოვრების ვადა ამოიწურა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის რუსულმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის აბასოვის გადაცემა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო უფლებების ნორმების უგულველყოფაა;
“ეს ეწინააღმდეგება რუსეთის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ პოზიციას, რომელმაც 2012 წელს ქვემდებარე სასამართლოებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში რუსეთის ვალდებულებების პატივისცემა და ექსტრადიციის მოთხოვნის არდაკმაყოფილება დაუწესა – ისეთ შემთხვევებში, თუკი არსებობს საფრთხე, რომ გადაცემული პირი შეიძლება წამებას ან სხვა სახის სასტიკად მოპყრობას დაექვემდებაროს“.