აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ციხეში გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახს 24 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს
გაზიარება
გაზიარება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ციხეში გარდაცვლილი ჟურნალისტის, ნოვრუზალი მამედოვის ოჯახისთვის, მორალური კომპენსაციის სახით – 20 ათასი ევროს, სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად კი დამატებით 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, – იუწყება „კავკაზსკი უზელი“
ნოვრუზალი მამედოვი გაზეთ „თალიში სადო“-ს („თალიშის ხმა“) მთავარი რედაქტორი და თალიშის კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი იყო. 2008 წელს მას, ირანის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2009 წლის აგვისტოში მამედოვი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თალიშები – ირანული წარმოშობის ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ. არაოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს შეადგენს. ისინი ძირითადად ქვეყნის სამხრეთში, ირანის საზღვართან ბინადრობენ. 1993 წელს პოლკოვნიკმა ალიაკრამ გუმატოვმა ეს ტერიტორია „თალიში -მუგანის რესპუბლიკად“ გამოაცხადა. სეპარატისტული მოძრაობა მაშინდელი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიერ სწრაფადვე განადგურდა, გუმატოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა შემდეგ ის შეიწყალეს. ამჟამად ის ნიდერლანდებში ცხოვრობს. იმ დროიდან ხელისუფლება პერიოდულად ატარებს „ანტისეპარატისტულ შემოწმებებს“ , და ნოვრუზალის საქმეს ამ ჯაჭვის მორიგ რგოლად წარმოაჩენენ.
ნოვრუზალი მამედოვის დაპატიმრებისა და გარდაცვალების დეტალები
გამოძიების ვერსიით, ირანში მოგზაურობის დროს ნოვრუზალი მამედოვმა თავისი გაზეთის გამოსაცემად ირანის მხრიდან $15 ათასი მიიღო. მას 10 წლით პატიმრობა მიესაჯა.
თალიშის თემის წარმომადგენელმა ჰილალ მამედოვმა მაშინ განაცხადა, რომ საქმე შეკერილია და „აზერბაიჯანის სპეც-სამსახურები საპროფილაქტიკო სამუშაოებს ატარებენ; რათა ეროვნულმა უმცირესობებმა საკუთარი უფლებებისთვის არ იბრძოლონ“.
მამედოვს გულის უკმარისობა, ჰიპერტონია და სხვა დაავადებები აწუხებდა. 2009 წლის ივლისის ბოლოს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით, ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა არ გაათავისუფლეს. 2009 წლის 17 აგვისტოს ნოვრუზალი მამედოვი გარდაიცვალა.
ჯერ კიდევ სიცოცხლეში ნოვრუზალი მამედოვმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პირველი საჩივრით მიმართა. ის აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების ამჟამად გაუქმებული სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სასტიკ მოპყრობას უჩიოდა.
მამედოვის გარდაცვალების შემდეგ მისმა ახლობლებმა ახალი საჩივარი შეიტანეს.
სასამართლოს გადაწყვეტილება
2019 წლის თებერვალში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვრუზალის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით გარანტირებული უფლებები დაირღვა: სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დაუშვებლობა, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის, გონივრულ ვადებში სასამართლო განხილვის უფლებები.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და, შესაძლოა, სამი თვის განმავლობაში გასაჩივრდეს.
ადვოკატი რამიზ მამედოვი, რომელიც მოსარჩელეთა ინტერესებს წარმოადგენს, ამბობს, რომ ვერდიქტით თავიდან ბოლომდე კმაყოფილი არ არის. კერძოდ – იმით, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეროვნული უმცირესობის ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საჩივარი არ დააკმაყოფილა.