ჰეიდარ ალიევის ფონდი ავარიაში დაზარალებული უფლებადამცველის მკურნალობის ხარჯებს დაფარავს
6 ნოემბერი
ჰეიდარ ალიევის ფონდმა ითავა დაფაროს აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ოგტაი გიულალიევის მკურნალობის ხარჯებში, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა. ახლა გიულალიევი კომაშია. ის სპეციალური ავიარეისით სტამბოლში გაამგზავრეს, – იუწყება Turan.
ჰეიდარ ალიევის ფონდს, რომელიც 2004 წელს შეიქმნა, სათავეში აზერბაიჯანის პირველი ლედი და ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა უდგას.
ოგტაი გიულალიევს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს. რამდენიმე დღის წინათ მას ბაქოში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. ჰეიდარ ალიევის ფონდმა მიიწვია თურქი ექიმები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია მკურნალობა სტამბოლში გაგრძელდეს.
უფლებადამცველის კოლეგები, ზოგიერთი აქტივისტი და ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ გიულალიევის ასეთი მძიმე მდგომარეობა – ბაქოელი ექიმების გულგრილობის ბრალია.
• ყოფილი პროკურორის აღიარება: წამება, მოტაცება, საქმის ფაბრიკაცია
• ყოფილ საბჭოთა კავშირში სტალინის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს იხსენებენ
31 ოქტომბერი
აზერბაიჯანელ უფლებადამცველს, ოგტაი გულალიევს მანქანა დაეჯახა. მას ოპერაცია გაუკეთეს და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს არა შემთხვევითი ავარია, არამედ თავდასხმა იყო.
ინციდენტის დეტალები
ოგტაი გულალიევი – რეპრესიებისა და წამების წინააღმდეგ აზერბაიჯანული კომიტეტის კოორდინატორია.
29 ოქტომბერს, ის პრესკონფერენციიდან ბრუნდებოდა, რომელიც წამების წინააღმდეგ ახალ კამპანიას მიეძღვნა. ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე გულალიევს ტაქსი დაეჯახა. ეს მომენტი შემთხვევის ადგილთან მყოფი ერთ-ერთი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.
ტაქსის მძღოლი გაჩერდა და ოგტაი გულალიევი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ქალა-ტვინის დაზიანება დაუდგინეს. 30 ოქტომბერს, უფლებადამცველს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს – წერს Turan.
„ახლა მთავარი – რეანიმაცია და რეაბილიტაციაა. ტვინის დაზიანების შედეგების შეფასება ჯერ კიდევ წინ არის. თუმცა, გამოჯანმრთელების იმედი არსებობს“, – აცხადებს ექიმი.
მძღოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანების გამო.
გაუფრთხილებლობა თუ წინასწარი განზრახვა?
ოგტაი გულალიევის ზოგიერთი კოლეგა და ასევე ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ეს მუხლი ძალიან მსუბუქია და დაჯახება – წინასწარგანზრახული.
დაზარალებულის შვილი, თებრიზ გულალიევი: „ასეთი გაუფრთხილებლობა შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს! ვიდეოზე ჩანს, რომ მძღოლი, თითქოს, წინასწარ განზრახვით ეჯახება მამაჩემს“.
ადვოკატი ელჩინ სადიგოვი: „ბევრჯერ ვუყურე ვიდეოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თავდასხმაა“.
საგზაო მოძრაობის სფეროს აქტივისტი, ფაზილ მამედოვი: „ძალიან რთულია ერთმნიშვნელოვნად თქმა, წინასწარ განზრახული იყო ეს დაჯახება თუ შემთხვევითი. მაგრამ 95 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ დამუხრუჭება მძღოლმა შეჯახების შემდეგ დაიწყო“.
სამართალდამცავი ორგანოები ამ ვარაუდებს უარყოფენ.