სტალინის "დიდი ტერორი". ყველაზე მარტივი კითხვები 1937 წელზე
30 ოქტომბერი — საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა.
საზოგადოება „მემორიალის“ შეფასებებით, რომელიც თითქმის 30 წელიწადია ამ საკითხს იკვლევს, საბჭოთა დროს პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი 13 მილიონი ადამიანი გახდა.
ყველაზე სისხლიანი იყო 1937-1938 წლები, რომელიც ისტორიაში „დიდი ტერორის“ სახელწოდებით შევიდა.
JAMnews-მა შეაგროვა პასუხები ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებზე, რომლებიც დიდი ტერორის პერიოდს ეხება.
_______________________
როდის დაიწყო ეს ყველაფერი და რამდენია რეპრესირებულთა ზუსტი რაოდენობა?
დიდი ტერორის დასაწყისად 1937 წლის 30 ივლისი მიიჩნევა – ეს არის დღე, როდესაც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (რუს. Народный комиссариат внутренних дел –НКВД) № 00447 საიდუმლო ბრძანებას მოეწერა ხელი.
სწორედ ამ დღიდან სსრკ-ში არნახული მასშტაბის პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო.
1937-1938 წლებში (სწორედ ეს წლები მიიჩნევა დიდი ტერორის პერიოდად) რეპრესირებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. თუმცა, ცნობილია მსხვერპლთა მინიმალური რაოდენობა – ამ ორ წელიწადში, როგორც მინიმუმ, 1, 7 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს და აქედან 725 ათასი დახვრიტეს. ეს ციფრები დოკუმენტებით არის გამყარებული – 90-იან წლებში გახსნილი სტალინური არქივებით.
_____________________________________________________________________________
• სტალინი – ღმერთი, სუპერვარსკვლავი. როგორ ბრუნდება ბელადი საქართველოში
• სტალინის ლეგენდარული აგარაკი აფხაზეთში: ფოტოექსკურსია
• 10 მითი მეორე მსოფლიო ომში სტალინის როლის შესახებ
_____________________________________________________________________________
ეს იყო უმძიმესი წლები საქართველოსთვისაც. 1937-1938 წლებში ორნახევარმილიონიან საქართველოში 29 051 ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. მათ შორის – 14372 დახვრიტეს, 14 679 – გადაასახლეს. საქართველოში ამ პროცესს პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.
საქართველომ ამ წლებში დაკარგა მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვა დიდი ქართველები, რომელთა შრომა და შემოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის.
ვის შეეხო რეპრესიები?
ყველას, ვინც უბრალოდ ეჭვმიტანილი იყო იმაში, რომ საბჭოთა ხელისუფლებაზე არ გიჟდებოდა. რეპრესირებულთა შორის იყვნენ ე.წ. “კულაკები”, გლეხები, სასულიერო პირები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, დიასახლისები, მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, პოეტები. ასევე პარტიული ფუნქციონერები, მაღალი თანამდებობის პირები, სამხედროები და უბრალოდ რიგითი მოქალაქეები.
დიდი ტერორი აბსოლუტურად ყველას შეეხო. ადამიანებს “ანტისაბჭოთა, მავნებლური საქმიანობისთვის” აპატიმრებდნენ, “ხალხის მტრებად” აცხადებდნენ, მათ ნათესავებს კი, ხალხის მტრებთან კავშირის ბრალდებით, გადასახლებაში, შრომით-გამოსასწორებელ კოლონიებში აგზავნიდნენ.
რატომ დაიწყო ეს სწორედ 1937 წელს?
როგორც არქივები უჩვენებს, მასობრივი რეპრესიებისთვის მზადება რამდენიმე წლით ადრე დაიწყეს.
უკვე 1934 წელს, ლენინგრადის პარტორგანიზაციის მეთაურის, ცენტრალური კომიტეტის მდივნის, სერგეი კიროვის მკვლელობის შემდეგ პრესაში დაიწყო სტატიების გამოქვეყნება, სადაც რეპრესიების გამკაცრების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ.
სწორედ ამ ამ პერიოდში დაიწყეს ახალი შრომა-გასწორებითი კოლონიების და ბანაკების, და სხვა მსგავსი ინფრასტრუქტურის შენება. ასევე იქმნებოდა ახალი სამართლებრივი სტრუქტურები, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმეების დაჩქარებული ტემპით გამოძიება ევალებოდათ.
ეს ყველაფერი აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ ქვეყანაში რაღაც საშინელება მზადდებოდა.
ისტორიკოსები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, თუ რატომ დაიწყო ეს სწორედ 1937 წელს:
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია – სულ უფრო ძლიერდებოდა ნაცისტური გერმანია. ჰაერში მოახლოებული ახალი მსოფლიო ომის სუნი ტრიალებდა. უსაფრთხოების მიზნით, საჭირო იყო „მეხუთე კოლონის“ მოშორება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი თავად საბჭოთა მმართველობის სისტემა იყო – სსრკ-ში არ არსებობდა არავითარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, არ იყო რეალური არჩევნები, სიტყვის თავისუფლება. მმართველობის ასეთ რეჟიმში რაიმე რეფორმების ან ცვლილებების განსახორციელებლად ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტად მხოლოდ ტერორი და ძალადობა რჩებოდა.
კიდევ ერთ მიზეზად ეკონომიკური ფაქტორი სახელდება – რეპრესიების გარეშე არ იქნებოდა გადავსებული ბანაკები და „დიადი მშენებლობები“, მოახლოებული მსოფლიო ომის წინ კი ეს აუცილებელი იყო.
ამ შიდა და საგარეო ფაქტორების ფონზე, სტალინს ნამდვილი ჯაშუშომანია დაემართა – მას ყველგან მტრები ელანდებოდა. მთავარ ეჭვმიტანილებად ის ადამიანები იქცნენ, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლებამ ასე თუ ისე აწყენინა – „კულაკები“, მღვდლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მეცნიერები, მწერლები, რიგითი გლეხები. ასევე მათი ოჯახების წევრები, მეგობრები, კოლეგები.
მიუხედავად საყოველთაო შიშისა, ძალადობა და რეპრესიები ჩვეულებრივ ამბად იქცა, რასაც ადამიანები თანდათან ეჩვეოდნენ.
მართალია, რომ მხოლოდ დასმენებით ხდებოდა ადამიანების დაკავება?
არსებობს მითი, რომ ამ ორი წლის განმავლობაში შს სახალხო კომისარიატმა ოთხი მილიონი საჩივარი მიიღო მოქალაქეებისგან.
ეს სიმართლე არ არის. რასაკვირველია, “დანოსები” იყო, თუმცა გაცილებით ნაკლები. მათი ნაწილი კი, უზარმაზარი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის ქვეშ იწერებოდა.
დასმენებს არც ისეთი საკვანძო როლი ჰქონდა რეპრესიების ეპოქაში. ყველაფერი გაცილებით უფრო სტრუქტუირებული და ცენტრალიზებული იყო – დაპატიმრებები ძირითადად ხდებოდა კრემლში შედგენილი ან კრემლის მიერ სანქცირებული წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით. ამ სიებში სხვადასხვა სოციალური ფენის ყველა არაკეთილსაიმედო მოქალაქე ფიგურირებდა.
ასევე, ახალი დაპატიმრებების წყარო უკვე დაპატიმრებულთა „ჩვენებები“ იყო. გამოძიება წამებისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობდა. მაგალითად, წამების ერთ-ერთი ხერხი იყო, რომ ადამიანისთვის ზედიზედ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში დაძინების საშუალება არ მიეცათ, რის შემდეგაც ის ბრალს „აღიარებდა“ და კიდევ რამდენიმე „დამნაშავესაც“ დაასახელებდა.
და მართლია, რომ სტალინმა არ იცოდა რეპრესიების ამ მასშტაბის შესახებ?
სტალინმა ყველაფერი იცოდა. მან არამხოლოდ იცოდა, არამედ პირადად გასცემდა დახვრეტის შესახებ ბრძანებებს – ეს უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია და არა – საეჭვო. ამაზე საარქივო მასალები მეტყველებენ. სტალინის ხელმოწერა არის ასობით სიის ქვეშ, სადაც დახვრეტის კანდიდატები არიან ჩამოთვლილი. ის სიებში სტალინი ბევრს თავადაც ამატებდა – იკითხება მისი კალიგრაფიით მიწერილი ახალი გვარ-სახელები.
სტალინი პირადად ქმნიდა ტერორის მთელ სქემას.
ბევრი ამბობს, რომ რეპრესირებულთა შესახებ მონაცემები გადაჭარბებულია
ბევრი თანამედროვე „სტალინისტი“ დღემდე ირწმუნება, რომ ტერორის მასშტაბი გადაჭარბებულია, და რომ თუკი ვინმეს აპატიმრებდნენ, ეს სამართლიანად ხდებოდა.
სტალინური რეპრესიები ეს აბსოლუტურად მეცნიერულად დადასტურებული მოვლენაა. დღეს იმის მტკიცება, რომ სტალინური რეპრესიები უზარმაზარი მასშტაბების იყო, იგივეა, რაც ვამტკიცოთ, რომ დედამიწა მრგვალია.
90-იან წლებში გახსნილ არქივებში ჩანს, რომ ადამიანებს სამსახურში დაგვიანების ან გაცდენის გამოც კი აპატიმრებდნენ. მათ „სოციალურად მავნე ელემენტებს“ და „ხალხის მტრებს“ უწოდებდნენ და ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე ასამართლებდნენ.
_____________________________________________________________________________
• მუსლიმი მესხები – რთული გზა სამშობლოში დასაბრუნებლად
• ჩემი გერმანული სახლი ბოლნისში. სტალინის მიერ გადასახლებული ხალხის ისტორია
• რუსეთში სტალინი არ მოკვდება. რატომ აკრძალეს „სტალინის სიკვდილი” რუსეთში
• საქართველოში ერთადერთი პრეისტორიული ტრილობიტი და სტალინი
_____________________________________________________________________________
ხშირად ლოგიკა საერთოდ არ არსებობდა – აპატიმრებდნენ მეეზოვეებს, მემანქანეებს, დიასახლისებს, განურჩევლად – ყველას. პარტიისთვის არასასურველი საქმიანობით მხოლოდ დაპატიმრებულთა ძალიან მცირე ნაწილი იყო დაკავებული.
მაგალითად, არქივში დაცულია მოხუცი მეწაღის ისტორია, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. მოხუცმა ფეხსაცმლის მკერავმა მუშაობისას მახათი გაზეთში ჩაარჭო და უნებურად სტალინის ფოტოს თვალი გაუხვრიტა. ამის შესახებ, შინსახკომს იმ მოქალაქემ აცნობა, რომლისთვისაც მკერავი ფეხსაცმელს ამზადებდა. მოხუცს სტალინზე ტერორისტული აქტის მომზადება დააბრალეს და დახვრიტეს.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, დიდი ტერორის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციები საკმაოდ კარგად არის დოკუმენტურად შემონახული.
შემონახულია დახვრეტის კანდიდატთა სიები, რომლებსაც პირადად სტალინი აწერს ხელს. ასევე სტალინისა და რეგიონული პარტმუშაკების მიმოწერები, სადაც რეგიონები ცენტრს დასასჯელთა სულ ახალ-ახალ სიებს სთავაზობენ, ითხოვენ საქმეების განხილვის დაჩქარებას, წუწუნებენ იმაზე, რომ დახვრეტები ჭიანურდება და ამის გამო ციხეებში ადგილი აღარ არის.
სქემა ამგვარი იყო – თითოეულ ოქლქში იგზავნებოდა დაპატიმრებების გეგმები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულებულიყო.
საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ რეგიონებს და ოლქებს ერთმანეთს შორის „სოციალისტური შეჯიბრი“ ჰქონდათ – ვინ უფრო მეტ “ხალხის მტერს” დააპატიმრებდა და დახვრეტდა. რეგიონების პარტიული მოღვაწეები ცდილობდნენ, დაპატიმრებებისა და დახვრეტების ნორმისთვის გადაეჭარბებინათ და ამით სტალინის კეთილგანწყობა დაემსახურებინათ. არქივში აღმოჩენილია დასაპატიმრებელთა სიები, სადაც გვარ-სახელები სახლმმართველობის წიგნიდან ან სატელეფონო ცნობარიდანაა გადმოწერილი.
კრემლი თითქმის ყოველთვის აკმაყოფილებდა რეგიონებიდან მოსულ ახალ-ახალ მოთხოვნებს.
რა არის „ტროიკები“?
ეს იყო ადმინისტრაციული, არასასამართლო ორგანოები, რომლებსაც სასჯელი უმაღლესი ზომა, ანუ დახვრეტის განაჩენი გამოჰქონდათ.
„ტროიკა“ იმიტომ ერქვა, რომ სამი ადამიანისგან შედგებოდა – შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელისგან, პარტიული მდივნისა და პროკურორისგან.
დახვრეტის შესახებ გადაწვეტილებას „ტროიკა” დაახლოებით 5-10 წუთში იღებდა. სწორედ ამდენ ხანს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი, რომელსაც თავად ბრალდებული, როგორც წესი, არც ესწრებოდა. მას დახვრეტას დაუსწრებლად უსჯიდნენ და განაჩენი სისრულეში მყისიერად მოჰყავდათ, გასაჩივრების უფლების გარეშე.
საბჭოთა კავშირში რეპრესიები მხოლოდ დიდი ტერორის პერიოდში იყო?
1937-38 წლების ტერორი უნიკალურია თავისი მასშტაბით, მაგრამ არა – ერთადერთი.
სსრკ -ში მანამდეც იყო სისხლიანი პროცესები, რომელიც „წითელი ტერორის“ სახელით არის ცნობილი. ასევე კოლექტივიზაციის – ე.წ. “განკულაკების” პროცესი, ასევე საშინელი, ხელოვნურად შექმნილი შიმშილი უკრაინაში, რომელიც “გოლოდომორის” სახელით არის ცნობილი. აუცილებლად უნდა ვახსენოთ სტალინის ბრძანებით სამშობლოდან აყრილი და გადასახლებული ერების ტრაგედია – მათ შორის მუსლიმი მესხების.
ამ და სხვა მსგავსი პერიოდებით სავსეა საბჭოთა 70 წლიანი ისტორია. სსრკ-ში რეპრესიები სტალინის გარდაცვალებასთან ერთად არ დასრულებულა.
ხრუშჩოვის დროს თითქოს სტალინური რეპრესიის მსხვერპლთა მასობრივი რეაბილიტაცია დაიწყო – ათასობით ადამიანი ბანაკებიდან გაათავისუფლეს, თუმცა პარალელურად სხვა პროცესები მიმდინარეობდა – პოლიტიკური მოტივებით ახალ ადამიანებს აპატიმრებდნენ. ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის პერიოდის კოლონიები სავსე იყო ისეთი პატიმრებით, რომლებიც „ანტისაბჭოთა მუხლების“ გამო იყვნენ დაპატიმრებულები. ცხადია, მასშტაბი ბევრად მცირე იყო.
მოგვიანებით, სსრკ-ში აითვისეს და აქტიურად დაიწყეს რეპრესიების ახალი ფორმის – სადამსჯელო მედიცინის გამოყენება. ათასობით ადამიანი „ფსიქიკურად არაჯანსაღად“ გამოაცხადეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამოკეტეს.
სახელმწიფო ტერორისგან საბჭოთა დროში მთლიანობაში 13 მილიონი ადამიანი დაზარალდა. და ეს მხოლოდ მინიმუმია.
* სტატიის მომზადებისას გამოყენებულია საზოგადოება “საერთაშორისო მემორიალის” მიერ მოძიებული ფაქტები და მასალები