აზერბაიჯანში 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს წითელას საწინააღმდეგო აცრას ურჩევენ
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში წითელას ეპიდემია არ არის, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ყველა 40 წლამდე ასაკის მცხოვრებელს ამ დაავადების საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ურჩევს. უფროსი ასაკის მოსახლეობის უფასო ვაქცინაცია 2019 წლის 1 მარტიდან ტარდება და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
• ეპიდემიის შესახებ საქართველოში
• აზერბაიჯანელი ექიმები თავიანთი სამუშაოს შესახებ ჰყვებიან
ამის შესახებ ვებგვერდ Lent.az-ს რესპუბლიკის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა აფაგ ალიევამ უამბო. მისი თქმით, აზერბაიჯანში ბავშვებს წითელას წინააღმდეგ აუცილებელი წესით მუდმივად ცრიან. რაც შეეხებათ უფროსებს, მათი ვაქცინაციის კამპანია ბოლოს 2013 წელს ჩატარდა. ამის წყალობით, 2018 წლის დასასრულამდე აზერბაიჯანში წითელათი დაავადების შემთხვევები არ აღნიშნულა. მაგრამ შემდეგ წითელა დაბრუნდა. ეს მეზობელ ქვეყნებში გავრცელებული ეპიდემიის ფონზე მოხდა. რესპუბლიკის მთავარი პედიატრის ნასიბ გულიევას თქმით, იანვრიდან აპრილამდე წითელათი 85 ადამიანი დაავადდა.
აფაგ ალიევა ამბობს, რომ გასული წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანში დაავადებულთა 80% 20-დან 40 წლამდე ადამიანები არიან, რომლებიც ბავშვობაში არ აცრილან. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინათ აიცრნენ და ვაქცინის მოქმედებამ შესუსტება მოასწრო.
გასული თვენახევრის განმავლობაში წითელასა და წითურას წინააღმდეგ დაახლოებით 100 ათასი ადამიანი აიცრა. აფაგ ალიევა ყველას, ვინც ჯერ არ აცრილა, ან ადრე წითელა არ მოუხდია, ურჩევს, რომ აპრილის ბოლომდე აიცრან. ამისთვის საჭიროა რაიონულ პოლიკლინიკაში მისვლა.