სებ: ბანკები "თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ
გაზიარება
გაზიარება
Интер РАО-სთვის დაწესებული სანქციები
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) განცხადებით, კომერციული ბანკები კომპანია “თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში კვლავ განაგრძობენ, მიუხედავად ევროკავშირის მიერ რუსეთის ენერგოკომპანია Интер РАО-სთვის დაწესებული სანქციებისა. ამის შესახებ სებ-მა BM.GE-ს განუცხადა.
ევროკავშირმა რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ ენერგოკომპანია Интер РАО-ს სანქციები დაუწესა. კომპანია შვილობილი სტრუქტურების მეშვეობით საქართველოში “თელასის“, “თელმიკოს“ და ჰიდროელექტროსადგურების — „ხრამჰესი I-ისა“ და „ხრამჰესი II-ის“ არაპირდაპირი მფლობელია.
სებ-ის განმარტებით, სანქციების მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ “თელასი“ თავად არ არის სანქცირებულთა სიაში და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის.
“ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Интер РАО-ს მიმართ სანქციების გავრცელებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული კომპანია წარმოადგენს სს “თელასის“ არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად სს “თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სებ-ის ინფორმაციით, სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის, განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი.
“საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ბანკები “თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი შიდა პოლიტიკისა და რისკების შეფასების პროცედურების შესაბამისად.