ტაქსის მძღოლს, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, შემწეობა გაუუქმეს იმის გამო, რომ რეგისტრაცია არ გაიარა" />

სომხეთში. შშმ პირს შემწეობა გაუუქმეს

ტაქსის მძღოლს, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, შემწეობა გაუუქმეს იმის გამო, რომ რეგისტრაცია არ გაიარა

პირველი ჯგუფის ინვალიდ სერიოჟა თადევოსიანს სოციალური სამსახურების თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველი პირის შემწეობა მოუხსნეს. სომხური მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი გახდა ის, რომ თადევოსიანმა უარი თქვა საკუთარი სახლიდან ამოეწერა თავისი შვილები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. საქმე ისაა, რომ ნათესავების ამოწერა  შემწეობის მისაღებად საჭირო ქულებს შეამცირებს.

თუმცა, გიუმრის სამეზობლო თემის სოციალური დახმარების სამსახურის განყოფილების, „გიუმრი 1“-ის უფროსი, არტაშეს ეგორიანი ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ თადევოსიანს სოციალურად დაუცველი პირის შემწეობა (18 ათასი დრამი, რაც 40 დოლარზე ნაკლებია) მოეხსნა, იმიტომ რომ 2016 წლის სექტემბრიდან არ გაუვლია რეგისტრაცია.

არსებული წესების მიხედვით, მოქალაქე, რომელიც შემწეობას იღებს, ვალდებულია, წელიწადში ერთხელ გაიაროს რეგისტრაცია. სხვა შემთხვევაში იგი სოციალური მომსახურებით ვერ ისარგებლებს. ეგორიანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი თადევოსიანი შესაბამის საბუთებს წარმოადგენს, მას შემწეობა აღუდგება.

სერიოჟა თადევოსიანის ისტორია საზოგადოების განხილვის საგნად ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იქცა, როდესაც „ფეისბუკის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გიუმრიელი ტაქსის მძღოლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ამ ადამიანის მდგომარეობის აღმწერი ტექსტიც დაურთო. თადევოსიანს ფეხები არ აქვს და იგი ავტომობილს თვითნაკეთი მოწყობილობით მართავს, რომლის პროექტიც თავადვე შეიმუშავა. ესაა ერთადერთი საშუალება იმისათვის, რათა წამლების შესაძენად საჭირო ფული მოაგროვოს.


ასევე წაიკითხეთ