როგორ უდებენ რუსეთში ნარკოტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ
გაზიარება
გაზიარება
„228 – ყველას ვერ ჩაუდებენ!“
ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ 12 ივნისს, მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად გამართული მარშის მონაწილეებს.
გოლუნოვის დაპატიმრებას, მისთვის ნარკოტიკების ჩადებით ცდილობდნენ. მას სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლით ემუქრებოდა გასამართლება და ეს ლოზუნგიც სწორედ აქედან გამოვიდა.
228-ე მუხლი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იარაღი გახდა ოპოზიციონერებისა და ზოგადად, რამით უკმაყოფილო ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსულმა გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ გააანალიზა ამ მუხლის გარშემო განვითარებული პროცესები.
კანონის უზენაესობის ინსტიტუტის ექსპერტები, რომლებმაც 2017 წელს გამოაქვეყნეს კვლევა ნარკოტიკების ამოღების სტატისტიკასთან დაკავშირებით, ასეთ ტენდენციას აღნიშნავენ: ადამიანებს, რომლებსაც ამა თუ იმ ნივთიერებას აღმოუჩენენ ხოლმე, ძირითადად ზუსტად იმდენი ან ცოტა მეტი აქვთ, ვიდრე საჭიროა „მნიშვნელოვანი“ ან „დიდი“ რაოდენობის დასაფიქსირებლად და ბევრად იშვიათად – ცოტა ნაკლები (ექსპერტებმა მხოლოდ ჰეროინის ამოღების 54 ათასი შემთხვევა გააანალიზეს).
განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუტი
ნარკოტიკების შენახვის ან გასაღების ბრალდებას რუსეთში ხშირად იყენებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმე – პირველი არ არის.
ფსკოვის შემთხვევა, შეიძლება, საჩვენებლად ჩაითვალოს, სადაც უკვე ხუთი თვეა დაპატიმრებულია ადგილობრივი აქტივისტი, ოპოზიციური ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ წარმომადგენელი, არტიომ მილუშკინი, მის მეუღლეს, ლია მილუშკინას კი შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული. მათ ნარკოტიკების მსხვილი პარტიის გასაღებაში ადანაშაულებენ.
მილუშკინები 2019 წლის 16 იანვარს დააპატიმრეს. არტიომისა და ლიას სახლში შევარდნენ კბილებამდე შეიარაღებული ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის კონტროლის განყოფილების თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმის ნიღბიანი წევრები. მათ ჩაამტვრიეს ფანჯრები, შეაშინეს მცირეწლოვანი ბავშვები, მეუღლეებს ხელბორკილები დაადეს და ოთხსაათიანი ჩხრეკა ჩაატარეს.
„მე მეჩვენება, რომ ჩემი შვილისა და ივან გოლუნოვის საქმეები მსგავსია. ივანის ადვოკატსაც კი დავურეკე, როდესაც ჟურნალისტი ჯერ კიდევ შინაპატიმრობაში იყო და ვთხოვე, ჩემი მხარდაჭერა გადაეცა. ჩემი შვილი, არტიომ მილუშკინი, უკვე ხუთი თვეა საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. დაკარგული და დათრგუნულია. მას მძიმე ბრონქული ასთმა და ჰიპერტონია აქვს. არასოდეს ჰქონია საქმე ნარკოტიკებთან. ეს, ალბათ, მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება და ვიღაც ანგარიშს უსწორებს“, – განაცხადა არტიომის დედამ, ირინა მილუშკინამ.