კოჩარიანისა და ფაშინიანის სასამართლო დავა მშვიდობიანად დასრულდა
ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ რობერტ კოჩარიანის მიერ მისი ღირსების დაცვის თაობაზე შეტანილი სარჩელი მშვიდობიანად დასრულდა. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის წარმომადგენელი სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საჯაროდ მოეხადა ბოდიში; საუბარი იყო კოჩარიანის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც 2018 წლის სექტემბერში ფაშინიანის მხრიდან საფრანგეთში მისი ვიზიტის დროს გაისმა.
• სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა
• ადვოკატები მათი მისამართით მუქარებისა და შეურაცხყოფის შესახებ საუბრობენ
რა მიიჩნია მის მიმართ ცილისწამებად კოჩარიანმა
2018 წლის 17 სექტემბერს სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა სასამართლოს მისი ღირსების დაცვის მოთხოვნით მიმართა. მან მის მიმართ ცილისწამებად მიიჩნია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაკეთებული შემდეგი განცხადება:
„…რობერტ კოჩარიანის გათავისუფლების საფუძვლის ინტერპრეტაცია. ამბობს, რომ ის ხელშეუხებლობით სარგებლობს. რას ნიშნავს ხელშეუხებლობა? ანუ შეიძლება ადამიანების მკვლელობის ორგანიზება და იმის თქმა, რომ „მე ხელშეუხებელი ვარ“? ეს სად წერია?“
რობერტ კოჩარიანს 2018 წლის ივლისში 2008 წლის 1 მარტის საქმესთან დაკავშირებით კონსტიტუციური წყობის დამხობისთვის ბრალი წარედგინა. იმ დროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არმცნობი დემონსტრაციის დარბევის დროს გამოყენებული იყო სამხედრო იარაღი, დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის – სამართალდამცავი ორგანოების ორი წარმომადგენელი.
28 ივლისის ექს-პრეზიდენტი ამ საქმეზე პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ის ორ კვირაში გაათავისუფლეს. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მანამდე მისი დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ეხებოდა; აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ საუბარი სწორედ მას ეხება.
რა ხდებოდა სარჩელის განხილვის დროს
ადვოკატმა აიკ ალუმიანმა, რომელიც რობერტ კოჩარიანის ინტერესებს წარმოადგენდა, პროცესის დროს განაცხადა: თუკი მოპასუხე თავის განცხადებაში რობერტ კოჩარიანს არ გულისხმობდა, მაშინ ისინი სარჩელის შეტანაზე უარს იტყვიან.
მოპასუხის, ანუ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა გევორგ გეზალიანმა განაცხადა: ის უფლებამოსილია, სასამართლოს მოახსენოს, რომ მისი სიტყვები, ვისაც ის წარმოადგენს, რობერტ კოჩარიანს არ ეხებოდა.
ამრიგად, ხმაურიანი საქმე, რომელმაც ყველა ადგილობრივი მედიის ინტერესი გამოიწვია, სრულიად მოულოდნელად მშვიდობიანი შეთანხმებით დასრულდა.
მოსამართლე ლილიტ სარგსიანმა 12 ივნისს სასამართლო სხდომა ერთი დღით გადადო, რათა ადვოკატისთვის სარჩელზე უარის სათქმელად წერილობითი შუამდგომლობის მომზადების დრო მიეცა. ვინაიდან საკუთარი პოზიცია ყველა მხარემ დაადასტურა და მათი შეუცვლელობის ვალდებულება ითავეს, აღარაფერი უნდა შეიცვალოს.
კოჩარიანის საქმის წვრილმანები
2018 წლის აგვისტოში კოჩარიანის გათავისუფლების შემდეგ, 15 ნოემბერს საკასაციო სასამართლომ საქმე ახალი გამოძიების ჩასატარებლად სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა. და 2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ხელახალი დაპატიმრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამ დღიდან სომხეთის მეორე პრეზიდენტი 2019 წლის 18 მაისამდე ისევ პატიმრობაში იმყოფებოდა. ამ დღეს, კოჩარიანის ადვოკატების მიერ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების ზომის შეცვლის თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შემდეგ, მოსამართლემ მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლე დავიდ გრიგორიანმა გაითვალისწინა მთიანი ყარაბაღის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების – ბაკო სააკიანისა და არკადი გუსაკიანის შუამდგომლობა. ისინი სასამართლოსგან, საკუთარი თავმდებით, „კოჩარიანის მიერ სომხეთის ორი რესპუბლიკის შექმნისა და ყარაბაღის ომში, ასევე სომხური ჯარის შექმნის საქმეში მისი უზარმაზარი წვლილის გათვალისწინებით“, მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ.
ამავდროულად, კოჩარიანის მიმართ კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდება ერთადერთი არ არის. 2019 წლის თებერვლიდან მას კიდევ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი – 927 მილიონი დრამის [დაახლოებით $3 მილიონი] ოდენობის ქრთამის აღება. ეს ბრალდება 2018 წლის ნოემბერში მეწარმე სილვა ამბარცუმიანის მიერ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
ამჟამად რობერტ კოჩარიანი თავისუფლებაში იმყოფება, თუმცა მის წინააღმდეგ საქმეები გრძელდება.