სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა
18 მაისს, დათქმულ დროს (16:00) მოსამართლემ სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლე დავიდ გრიგორიანმა მთიანი ყარაბაღის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების ბაკო სააკიანისა და არკადი გუსაკიანის შუამდგომლობა გაითვალისწინა. ისინი სასამართლოსგან „კოჩარიანის მიერ ორი სომხური რესპუბლიკის შექმნაში, ყარაბაღის ომსა და სომხური არმიის შექმნის საქმეში მისი უზარმაზარი წვლილის გათვალსიწინებით“, მათივე პსუხისმგებლობის ქვეშ, მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ხუთ თვეზე მეტია, კონსტიტუციური წყობის დამხობისა და 3 მილიონის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით, პატიმრობაში იმყოფება.
ამჟამად კოჩარიანის საქმეზე პროცესი გაგრძელდება, თუმცა მისი მიმდინარეობის დროს ის პატიმრობაში არ დრჩება.
ბრალდებული პრეზიდენტი მოსამართლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი უახლოს საათებში გათავისუფლდება.
რა ხდებოდა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე
18 მაისს დილით აიკ ალუმიანმა – ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა საგანგებო პრეს-კონფერენცია მოიწვია. მან საქმეში ქვეყნის ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩარევა მოითხოვა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია აღიკვეთის პროვოკაციული ქმედებები, რაც მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატის აიკ სარგსიანის მიერ იყო ინიცირებული.
მანამდე დეპუტატმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე შემდეგი ჩანაწერი გამოაქვეყნა:
„არსებობს ცნობები, რომ რობერტ კოჩარიანის საქმის მოსამართლე ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ამ უკანასკნელისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა სურს. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ქალაქ ერევნის ტანკებით დამპყრობი ადამიანი, რომელმაც 10 ადამიანს სიცოცხლე წაართვა, ათასობით ადამიანს ცხოვრება გაუმრუდა, ყარაბაღის ორი პრეზიდენტისა და სასამართლოს ეზოში მიმდინარე აქცია „თავისუფლება გმირს“ 20-30 მონაწილის თავმდებით გათავისუფლდეს. მხოლოდ ხალხის შთამბეჭდავი მასა, მისი სულ უფრო მზარდი აღშფოთება და სასჯელის გარდაუვალობა აიძულებს მოსამართლეს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. დღეს 13.00 ყველა სასამართლოს შენობასთან ვიკრიბებით“ …
• სასამართლომ სომხეთის ექს-პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო
• სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება
• სომხეთის მეორე პრეზიდენტს ახალი ბრალდება წაუყენეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება
აიკ სარგსიანმა მოგვიანებით ეს ჩანაწერი წაშალა, მაგრამ მან გავრცელება მოასწრო.
ადვოკატმა აიკ ალუმიანმა განაცხადა, რომ დეპუტატმა რობერტ კოჩარიანის უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია:
„რა არის ეს, თუ არა სასამართლოზე ყველაზე უხეში, პირდაპირი ზეწოლა? და ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ამჟამად სომხეთში მოსამართლეებზე ზეწოლა გამორიცხულია? ეს მტკიცება – ზღაპარია. უკანასკნელი წლის განმავლობაში ქვეყანაში მოსამართლეებზე ზეწოლამ მკვეთრად იმატა“.
კოჩარიანის ადვოკატმა მოწოდებით მიმართა სომხეთის პრეზიდენტს, რომ მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება აღესრულებინა და კონსტიტუციური წყობა დაეცვა:
„ის, რაც აიკ სარგსიანმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, და რის გავრცელებასაც მისი მომხრეები აგრძელებენ, სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური წყობის დამხობის მოწოდება. კერძოდ კი, შეკრებილი ხალხის მეშვეობით მოსამართლეზე ზეწოლის მოხდენა, რათა მან რობერტ კოჩარიანი პატიმრობაში დატოვოს“.
პრეს-კონფერენციის დროს გაისმა ასევე გენერალური პროკურორისადმი მიმართვა – მიიღოს ეს განცხდება, როგორც ცნობა დანაშაულის შესახებ და სისიხლის სამართლის საქმე აღძრას. ადვოკატის თქმით, ამის საფუძველს სასამათლოზე ზეწოლის მოხდენისა და სასურველი ვერდიქტის მიღების მცდელობა იძლევა.
ადვოკატმა თხოვნით მიმართა პოლიციის უფროსს, რომ დაუყოვნებლივ მიეღო ზომები, და დეპუტატის მიერ გამოცხადებული აქციის ჩატარება არ დაეშვა.
იყო მიმართვაც სომხეთის პრემიერ-მინისტრისადმი:
„პატივცემულო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყველამ ვიცით, რომ მსგავსი პირები თქვენი თანხმობის გარეშე ასეთი მოწოდებით ვერ გამოვიდოდნენ. მოგიწოდებთ, თუნდაც უკანასკნელ მომენტში აღკვეთოთ მოვლენების ამგვარი განვითარება“.
სასამრთლოს დარბაზს მიღმა
სასამართლოს შენობის წინ იმაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე მაშინ, როდესაც სასამართლო მოსმენები იმართებოდა. სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო.
ძნელი სათქმელია, რამდენად იყო ეს დეპუტატ აიკ სარგსიანის მოწოდების შედეგი.
შეხლა-შემოხლა რომ არ დაეშვათ, სასამართლოს შენობის წინ პოლიციელების რაოდენობაც გაიზარდა.
ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მომხრეები და მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ მოელაპარაკათ და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ – როგორც ეს სასამართლო სხდომების წინა ოთხ დღეს ხდებოდა. მაგრამ ეს რთულად გამოსდიოდათ – ყველა წყობიდან გამოსვლის პირას იყო.
ექს-პრეზიდენტის მომხრეები სკანდირებდნენ „რობერტი – გმირია“, მისი გათავისუფლების მოწინააღმდეგეები – „რობერტი – დამნაშავეა“.
ამავდროულად, წინა დღეების მსგავსად, ორივე აქცია მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მომხრეები ხარობდნენ, მისი გათავისუფლების მოწინააღმდეგეებმა კი სასამრთლოს წინ მდებარე ტერიტორია დატოვეს.
დეტალები -რა ედებ ბრალად ექს-პრეზიდენტს
რობერტ კოჩარიანს 2008 წლის მოვლენების დროს სხვა პირებთან წინასწარი შეთქმულებით საკონსტიტუციო წყობის დამხობა ედება ბრალდ. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოწყობილი დემონსტრაციის დარბევის დროს სამხედრო იარაღი გამოიყენეს, 10 ადამიანი დაიღუპა, ორი მათგანი – სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლი იყო.
კოჩარიანი ამ საქმეზე უკვე 2018 წლის დეკემბრიდან პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს – 927 მილიონი დრამის [დაახლოებით $3 მილიონი] ოდენობის ქრთამის აღება. ბრალდება სილვა ამბარცუმიანის მიერ 2018 წლის ნოემბერში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა. მის განცხადებაში ლაპარაკი იყო კოჩარიანის პრეზიდენტობის პერიოდზე.
„არაბებთან გარიგება გავაფორმე, და ჩემთვის ხელი რომ არ შეეშალათ, სომხეთის პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანსა და პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსაც გადავუხადე“, – განაცხადა მაშინ პრეს-კონფერენციაზე ამბარცუმიანმა.
მისი თქმით, საუბარი იყო სამთომომპოვებელი კომპანიის აქციების 100 პროცენტის არაბი შეიჰისთვის მიყიდვის შესახებ. საკუთარივ გარიგების თანხამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა.
კოჩარიანმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მეორე საქმე იმისთვის აღიძრა, რათა მისი ქონება დაყადაღდეს. მან გაიხსენა, რომ პირველი ბრალდებით, მის ქონება უკვე დაყადაღდა. მაგრამ კონსტიტუციური წყობის დამხობის საქმე, ქონების კონფისკაციის სახით, დამატებით სანქციებს არ ითვალისწინებს, რაც სავარაუდო ქრთამის აღების საქმეზე გამორიცხული არ არის.
სასამართლო მოსმენები ოთხ დღეს გრძელდებოდა.
პირველი სამი დღის დეტალები – მასალაში
სომხეთის ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხი ჭიანურდება
„1 მარტის“ სქმე და კოჩარიანის დაპატიმრების წინა ისტორია
2018 წლის დეკემბრიდან კოჩარიანი „1 მარტის“ სამეზე უკვე პატიმრობაში იმყოფება. საუბარია 2008 წლის მოვლენებზე. მაშინ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერთა აქციები მიმდინარეობდა. ისინი მის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ, და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა.
დემონსტრაციის დარბევის დროს საბრძოლო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა 10 ადამიანი. იმ მომენტისთვის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად არჩეულ სერჟ სარგსიანს თანამდებობრივი უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. ამიტომ, ახლა დემონსტრაციის სასტიკად დარბევასა და საკონსტიტუციო წყობის დამხობაში ბრალი კოჩარიანს ედება.
„1 მარტის“ საქმის გამოძიება სომხეთის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე ერთი წერტილიდან არ იძვროდა. ახალმა ხელისუფლებამ, ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ამ საქმეს ხელი მაშინვე მოჰკიდა.
საბოლოოდ, უკვე 2018 წლის ივლისში რობერტ კოჩარიანს საკონსტიტუციო წყობის დამხობასა და 2008 წლის 1მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.
28 ივლისს ის ამ საქმეზე პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ორ კვირაში გაათავისუფლეს. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ აღიარა. გათავისუფლების საფუძველი გახდა კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ეხებოდა.
შემდეგ, 15 ნოემბერს საკასაციო სასამართლომ საქმე ახალი გამოძიების ჩასატარებლად სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.
2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა.
ამ დღის შემდეგ სომხეთის მეორე პრეზიდენტი ისევ ციხეში იმყოფება.
რობერტ კოჩარიანი აცხადებს, რომ მისი საქმე წარმოადგენს ვენდეტას სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს.
რატომ მიიჩნევს კოჩარიანი მის დაპატიმრებას პოლიტიკურ დაკვეთად
სომხეთის ახლანდელი პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი 2008 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ის აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომლებიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. 1 მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი, მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდების გამო, წლითა და ოთხი თვით იატაკქვეშეთში გაუჩინარდა.
2010 წლის 1 ივლისს ფაშინიანი პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ერთ წელიწადსა და 11 თვეში მას შეეხო ამნისტია, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ეძღვნებოდა. უფლებადამცავებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლით, იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა.