პრემიერმა თავის გამოსვლაში აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა " />

საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ფოტორეპორტაჟი

პრემიერმა თავის გამოსვლაში აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის 101 წლისთავს აღნიშნა.

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 1921 წლამდე იარსება, როდესაც წითელი არმიის შემოჭრის შედეგად საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს, როგორც საქართველოს მთავარი  სახელმწიფო დღესასწაული, 1991 წლიდან  აღინიშნება.

26 მაისს თბილისში და რეგიონებში  შეიარაღებული ძალების ახალწვეულთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია, ასევე საზეიმო გამოფენები და კონცერტები გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

„დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია გვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას”,  – განაცხადა ზურაბშვილმა.

მისი თქმით,”საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას“.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მის მრავალფეროვნებაზე დგას და ქართული ენის სწავლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

“დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიებზე. დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ჩვენი მოქალაქეები, რუსეთის ძალადობრივი რეჟიმის მძველები იქნებიან,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში ქართველ სამხედროებს მიესალმა და დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად წვევამდელებს მიულოცა, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს.

მან ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა.

“მსურს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მივმართო და მათ ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო- ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს… ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია და საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა! ჩვენ საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია”,  – განაცხადა პრემიერმა.

 

რა გააკეთეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ, როდესაც 100 წლის წინათ დამოუკიდებლები გახდნენ?

დამოუკიდებლობის 27 წელიწადი

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ