რა არის „კერძო სექტორის“ მთავარი პრობლემები" />

როგორ არის მოწყობილი აფხაზეთის მთავარი ბიზნესი – ტურიზმი?

რა არის „კერძო სექტორის“ მთავარი პრობლემები

ფოტო:იბრაგიმ ჭკადუა

ტურისტული ბიზნესი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემოსავლის წყაროა აფხაზეთში.

სასტუმროები და ტურისტული კომპლექსები – ეს ცხოვრების მხოლოდ ერთი მხარეა, რომელიც კარგად ჩანს.

ტურიზმის სხვა მხარე, რომელიც არც ისე თვალსაჩინოა, გაცილებით მეტ ადამიანს იზიდავს. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის პრაქტიკულად ყველა მაცხოვრებელი ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმის დარგთან: ბევრი ჩამოსულებზე საცხოვრებელს აქირავებს, ვიღაც ტურისტებისთვის ექსკურსიებს აწყობს, ზოგი კი მათ ტაქსით ატარებს.

ეგრეთ წოდებულ „კერძო სექტორში“ ცხოვრების ხარისხი არცთუ მაღალია, მეწარმეები,რომლებსაც უფრო ხშირად სიტყვა „დიასახლისით“ მოიხსენიებენ, მენეჯმენტში ნაკლებად ერკვევიან. მაგრამ ეს ტურისტებში „კერძო სექტორის“ პოპულარობას ხელს არ უშლის.

სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

ნადეჟდას ოჯახური სახლი

სოხუმში ნადეჟდა ჩმაგუას სახლში მისი მრავალრიცხოვანი ნათესაობა ცხოვრობს. ზაფხულობით იქ კიდევ უფრო მეტი სივიწროვეა: ნადეჟდას ნათესაობას  ემატებიან ტურისტები, რომლებსაც დიასახლისი ორ დამატებით ოთახში აბინავებს. უფრო ხშირად ყველა ერთად საუზმობს, სადილობს და ვახშმობს.

გვავიწყდება, რომ ბინის ქირას ვიხდით, ამბობს ულიანოვსკელი ტურისტი ოლგა ალმაევა, ამ სახლში, უკვე მეექვსე წელია, ნათესავებივით გვიღებენ.“  

ოლგას თქმით, მის ოჯახს სასტუმროში დასვენება არ უყვარს, – რადგან იქ „ის გულისხმიერება და უბრალოება არ არის“, რისთვისაც ისინი აფხაზეთში ჩამოდიან.

„სოჭში, გელენჯიკში, ანაპაში,სადაც ადრე გვიყვარდა დასვენება, კერძო სექტორი პრაქტიკულად გაქრა, და იქ არც ზღვა არის აქაურივით სუფთა“, ამბობს ოლგა.

გაზქურა ქუჩაშია, შხაპში შესასვლელად კი დერეფანი უნდა გაიარო, და ის ორი ოთახისთვის საერთოა, ინტერნეტი არ არის – აქ სწორედ ასეთი დასვენების მოყვარულები უნდა იყვნენ.

ისინი საცხოვრებლის შესახებ ნაცნობებისგან იგებენ. ნადეჟდასთან ოთახის დაჯავშნა Booking-ის საშუალებით არ შეიძლება, მას ინსტაგრამსა და სხვა ქსელებში ექაუნთი არ აქვს.

რეკლემის ერთადერთი საშუალება –  სიტყვიერად ნაამბობია.

ნახევრად შიშველი ტურისტები და „კერძო სექტორის“ პრობლემები

„ვერ ვიტან ზაფხულს“, — ამბობს ნადეჟდას ერთ-ერთი მეზობელი.

სახლში მასაც აქვს ოთახები, რომელსაც მისი ოჯახი დამსვენებლებზე აქირავებს. ზაფხული კი სიცხის გამო კი არ სძულს, არამედ იმიტომ, რომ ქალაქში ნახევრად შიშველი ტურისტები დადიან.

„ზოგიერთი ჩვენებური მამაკაცი პლაჟებზე იკარგება. ბევრმა ტურისტმა ქალმა მოქცევა არ იცის, მამაკაცების ყურადღება სიამოვნებთ. მათ ჰგონიათ, რომ სილამაზის გამო აქცევენ ყურადღებას – და ვერ ხვდებიან, რომ ჩვენს ბიჭებს მათი იოლად მისაწვდომობა ხიბლავთ“ ამბობს მეზობელი ქალი (ვინაობის გამხელა მან არ ისურვა).

ბევრ მეწარმესთან ლაპარაკის შემდეგ, რომელთა შემოსავალი აფხაზეთში დასასვენებლად ჩასულ ადამიანებს უკავშირდება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლოზუნგი „მდგმური ყოველთვის მართალია“ მათ შორის პოპულარობით არ სარგებლობს; უფრო – პირიქით.

სასტუმრო სახლის ძალიან ბევრი მფლობელი, ტაქსის მძღოლი და ოფიციანტი, რომლებიც ტურისტულ სეზონს როგორც გამოზამთრებისა და მსხვილი შენაძენების გაკეთების საშუალებას ისე ელოდებიან, ტურისტების შესახებ ისე ლაპარაკობენ, როგორც ერთგვარ უსიამოვნებაზე, რომელიც უნდა აიტანო.  

„შემოდგომაზე ძმის ქორწილს ვიხდითჰყვება ერთ-ერთი ასეთი მეწარმე, რომელიც თავის ზღვისპირა სახლის ოთახებს დამსვენებლებზე აქირავებს (ვინაობის დასახელება არ ისურვა)მიტომ გვიწევს ავიტანოთ, რომ ნაპირისკენ მიმავალი გზა დღე და ღამე სავსეა საცურაო კოსტუმებიანი ტურისტებით, რომლებსაც ხელში გასაბერი ლეიბები და საზამთროები უკავიათ“. 

ნადეჟდა ჩმაგუა, მართალია, თბილად ჰყვება თავის სტუმრების შესახებ, მაგრამ ტურისტებზე ხშირად ისე ლაპარაკობს როგორც პრობლემაზე. განსაკუთრებით კი – ტურისტ ქალებზე. მან თავად სიტუაციიდან ასეთ გამოსავალს მიაგნო:

„ჩვენ ახალგაზრდა ქალებს მაშინვე ვაფრთხილებთ ადგილობრივ ბიჭებთან ურთერთობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ“.

ნადეჟდა ჰყვება, რომ ერთხელ მის სახლში გაჩერებულ გოგონას ღამით მანქანით ახალგაზრდა კაცებმა  მოაკითხეს:

„თავხედურად ასიგნალებდნენ ფანჯრების ქვეშ, საწოლიდან ადგომა, ქუჩაში გასვლა და ახსნა მომიხდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება”.

ხდება სხვა სახის ინციდენტებიც.

„ერთხელ ჩვენი დამსვენებლები გაქურდეს. ქურდების პოვნა შევძელით, და მათ მოპარული დააბრუნეს, მაგრამ რა ნერვების ფასად დაგვიჯდა მათი ძებნა და ამ ადამიანებთან ურთიერთობა! მილიციისთვის არც მიგვიმართავს, მათ გარეშე უფრო სწრაფად გვარდება“გვიამბო ნადეჟდა ჩმაგუამ.

აფხაზეთის ტურიზმის კავშირის თავმჯდომარე ანა კალიაგინა ამბობს, რომ ადამიანების მიერ ბიზნესის კეთების უცოდინრობა, და უფრო ხშირად ამის სწავლის სურვილის არქონა – „კერძო სექტორის“ ერთ-ერთი მთავრი პრობლემაა.

„ადამიანები საკუთარ შემოსავალს ტურისტებზე აგებენ – და არ ესმით, რომ ეს არის ბიზნესი, რომელსაც თავისი კანონები და მოთხოვნები აქვს. აფხაზეთის მაცხოვრებლები დღესდღეობით რეალურ ფულს მხოლოდ ტურისტებისგან შოულობენ. მაგრამ უბრალო ადამიანს ეს როგორ უნდა ავუხსნა, არ ვიცი”, ამბობს კალიაგინა.

აფხაზეთის მაცხოვრებლებს, რომლებიც დამსვენებლებზე საცხოვრებელს აქირავებენ, არაერთხელ განუცხადებიათ JAMnews-თან საუბრისას სიამაყით, რომ თავს ბიზნესმენებად არ მიიჩნევენ.

 „ჩვენს მდგმურებთან ერთად საკვებსა და საცხოვრებელს ვიყოფთ, და მათ იმაზე გაცილებით  მეტს ვაძლევთ, ვიდრე ისინი გვიხდიან. ჩვენი ყურადღება და კულტურა, რომელსაც მათ ვუზიარებთ, ოთახზე ბევრად ძვირად ფასობს. სამწუხაროა, რომ ადამიანები ამას აღარ აფასებენ ამბობს ალიასი, ნადეჟდა ჩმაგუას ვაჟი, რომელიც მას საქმის წარმოებაში ეხმარება.

ფოტო: მარიანა კოტოვა, JAMnews

როგორ უნდა ამაღლდეს სტანდარტები ტურისტულ „კერძო სექტორში“

ბოლო სამი წელიწადია, აფხაზეთში მთლიანობაში  – სასტუმროებშიც, და კერძო სექტორშიც დამსვენებელთა რაოდენობა შემცირდა.

ანა კალიაგინა ამბობს, რომ სასტუმროებში ამას სტატისტიკა მოწმობს, სასტუმრო სახლებში კი მხოლოდ პირადი დაკვირვებები.

„კერძო სექტორთან“ დაკავშირებით რაიმე შედარებითი მონაცემების მიღება ძალიან რთულია. ადამიანები გადასახადების დაზოგვას ცდილობენ და ამიტომ, იშვიათად აკეთებენ აფიშირებას, რომ საკუთარ სახლებში დამსვენებლებს იღებენ“ამბობს ის.

დღეისთვის აფხაზეთში ოფიციალურად 360 სასტუმროა დარეგისტრირებული, 23 ათას ადამიანისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობით. 2017 წელს მათ 103 ათასი ტურისტი მიიღეს. 2018 წლის წინასწარი მონაცემები – 67 ათასს უტოლდება.

ოფიციალური სტრუქტურები აქტიურად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ასეთი სასტუმრო სახლების ან მინი-სასტუმროების მფლობელებისთვის ლიცენზიის მიღების აუცილებლობის სისტემა შეიქმნას. როგორც ჩანს, ეს 2019 წლის ზაფხულისთვის უკვე არსებით ამოცანად იქცევა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ