ხალხი მოზარდების მკვლელობის გამოძიებით უკმაყოფილოა" />

თბილისში პარლამენტის შენობასთან პრემიერის გადადგომას მოითხოვენ. რა ხდება საქართველოში

ხალხი მოზარდების მკვლელობის გამოძიებით უკმაყოფილოა

31 მაისს, დედაქალაქის ცენტრში მოკლული ორი მოზარდის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისში  საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

მთავარი პროკურორის გადადგომის მიუხედავად, მეპროტესტეები დაშლას არ აპირებენ. ისინი მკვლელობაში დამნაშავეების დასჯასა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

შესაძლოა, ეს ყველაზე დიდი კრიზისი იყოს „ქართული ოცნებისთვის“ – პარტიისთვის, რომელიც ქვეყანას, უკვე ექვსი წელია, მართავს.

JAMnews  ჰყვება, თუ რაშია საქმე:

_____________________

„ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან! სისტემა უნდა დაინგრეს!“

31 მაისს საქალაქო სასამართლომ ორი 16 წლის მოზარდის – ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. გასული წლის 1 დეკემბერს სკოლის ორი მოსწავლე თანატოლებთან ჩხუბის დროს დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაიცვალა. მკვლელობა დღისით, თბილისის ხალხმრავალ ქუჩაზე, რამდენიმე მოწმის თვალწინ მოხდა.

ამ საქმეში ბრალდებულია ორი არასრულწლოვანი.

სასამართლომ ერთ-ერთი მათგანი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა გადაწყვიტა, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში ის დამნაშავე არ არის. სასამართლომ მას თავისუფლების 10 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – სასამართლომ აქაც გადაწყვიტა, რომ ბრალდებულს დავით სარალიძე არ მოუკლავს და მას მხოლოდ „სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში“ დასდო ბრალი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს მოზარდი ციხეში 9 წელიწადს და 9 თვეს გაატარებს.

მოკლულის მამა ზაზა სარალიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოააშკარავა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ექვსი თვის განმავლობაში მისი 16 წლის შვილის მკვლელს ვერ მიაგნო.

„ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან! მთელ საქართველოს ვთხოვ, მხარი დამიჭირონ! სისტემა უნდა დაინგრეს!“ – ემოციურად ეუბნებოდა ჟურნალისტებს სარალიძე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

სარალიძეს მთავარი პრეტენზია, არა სასამართლოს, არამედ პროკურატურის მიმართ აქვს. რამდენიმე თვის განმავლობაში თავის მრავალრიცხოვან სატელევიზიო ინტერვიუებში სარალიძე პროკურატურას ობიექტური გამოძიების წარმართვისთვის ხელის შეშლასა და უწყების ყოფილი თანამშრომლის მირაზა სუბელიანის ვაჟისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებდა, რომელიც, მისი თქმით, მისი ვაჟის მკვლელობასთან კავშირშია.   

მე სასამართლოს მიმართ პრეტენზია არ მაქვს. სასამართლომ ის დაადასტურა, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვამბობდი – ჩემი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები თავისუფლები არიან, და მათ პროკურატურა აფარებს ხელს“, – განაცხადა სარალიძემ.

  „ნუ მომკლავ“

განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ასობით ადამიანმა დაიწყო შეკრება ჯერ სასამართლოს შენობასთან, შემდეგ კი მთავარ პროკურატურასთან, რათა ზაზა სარალიძისთვის მხარი დაეჭირათ.

პროტესტი სულ უფრო მასშტაბურ ფორმებს იღებდა, რამაც მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა გამოიწვია. თუმცა, ამან სიტუაციას უკვე ვეღარ უშველა. მომიტინგეებმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, მოედანი გაავსეს და საგზაო მოძრაობა გადაკეტეს. ახლა ისინი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაგომას ითხოვენ. მოცემული მომენტისთვის ის თანამდებობაზე რჩება.

 

„წადი!“ – საკანდირებდნენ პრემიერის მისამართით

დაახლოებით შუაღამეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირადად მივიდა თბილისის პარლამენტის შენობასთან, თუმცა პრემიერს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. მას უსტვენდნენ და პლასტმასის ბოთლებს ესროდნენ.

კვირიკაშვილმა, მიკროფონით ხელში, რამდენჯერმე სცადა მომიტინგეებისთვის მიემართა და განემარტა მათთვის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა დავით სარალიძის მკვლელების საპოვნელად და დასასჯელად. მაგრამ ხალხი მას გამუდმებით აწყვეტინებდა და ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა.

„თქვენ ისევ ჩვენს მოსატყუებლად მოხვედით“, „გადადექით!“ – ყვიროდნენ ადამიანები იმ დროს, როდესაც დაცვას პრემიერი პარლამენტის წინ მდებარე მოედნიდან გაჰყავდა.

ამის შემდეგ სიტყვა ისევ მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ აიღო. მან მომიტინგეებს მიმართა და თქვა, რომ პრემიერი მიტინგზე მისთვის სამძიმრის გამოსახატავად არ მისულა, არამედ იმისთვის მივიდა, რომ „კიდევ ერთხელ მოატყუოს“.

მომიტინგეებისადმი მიმართვის უშედეგო მცდელობის შემდეგ პრემიერ-მინისტრი უკვე საგანგებო ბრიფინგზე გამოვიდა განცხადებით. მან პირობა დადო, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა, და გამოძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. ასევე, უმოკლეს ხანში  მუშაობას დაიწყებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, – აღნიშნა პრემიერმა.

რა იქნება შემდეგ?

მომიტინგეების ნაწილმა ღამე პარლამენტის წინ კარვებში გაათენა. პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მთავარი მოთხოვნაა – მთავრობის გადადგომა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მოკლული მოზარდის მამას სოლიდარობას უცხადებენ და მზად არიან ახალი გამოძიების დასაწყებად, თუმცა მიაჩნიათ, რომ მიტინგმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო და მას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.


ასევე წაიკითხეთ