აზერბაიჯანში „საკუთარი“ ფიგურული სრიალი არ არსებობს, მაგრამ შეიძლებოდა ეს სხვანაირად ყოფილიყო " />

გოგონა, ყინული და პარაშუტისგან დამზადებული კაბა – ნარგიზის ისტორია

აზერბაიჯანში „საკუთარი“ ფიგურული სრიალი არ არსებობს, მაგრამ შეიძლებოდა ეს სხვანაირად ყოფილიყო

არგიზი ციგურებზე თასმების შეკვრას ცდილობს, მაგრამ ისინი გამუდმებით იხსნება. უკვე მრავალი წელია მას ეს სიზმარი ესიზმრება.

ის 42 წლისაა, სტამბოლში ცხოვრობს და ლათინო-ამერიკულ ცეკვებს ასწავლის. მის სახლთან ახლოს, სამოყვარულო საციგურაო მოედანია, მაგრამ ნარგიზი ვერ აიძულებს თავს იქ მისვლას. ფიგურული სრიალი მისთვის ჯერ ისევ მტკივნეული თემაა.

• ნუცა, რომელსაც მე ვგავარ

• როგორ აპატიო მამას

• სომეხი ქალი-ფოტოგრაფები თავს მეხანძრეებსა და პოლიციელებს ადარებენ

1990 წელს, ბაქოში, ახალი სპორტულ-საგამოფენო კომპლექსი გაიხსნა. მასში ყინულის მოედანი და ფიგურული სრიალის სექციაც მოეწყო. სამხრეთის ქალაქის სტანდარტის მიხედვით, სადაც ტემპერატურა ფაქტობრივად არასოდეს ჩამოდის ნულს ქვემოთ, ეს ნამდვილად გასაოცარი იყო.

ნარგიზი სექციაში 12 წლის ასაკში, შემთხვევით მოხვდა. იქ მეგობართან ერთად ინტერესის გამო მივიდა და მაშინვე შეუყვარდა ყინული.

„ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვცხოვრობდი. ახლა, როდესაც ვიხსენებ, ეს აშკარად არ იყო ყველაზე ბედნიერი დრო, მაგრამ მაშინ ყინული ჩემთვის აბსოლუტური ბედნიერების წყარო იყო“.

თანაკლასელი ბიჭები აჯავრებდნენ: „მოდი, გაყინული წყლით სავსე ტაშტს მოვიტანთ და გვაჩვენე, რა შეგიძლია“. მაგრამ ნარგიზი ყურადღებას არ აქცევდა – დაე გაეჯავრებინათ. მთავარი იყო, ზუსტად შუადღის 11 საათამდე მოეთმინა.

ნარგიზი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა იმისათვის, რომ გაიგოს, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და ქვეყანაში სრული ქაოსია. მაგრამ იცის, რომ ტრანსპორტი ცუდად დადის, ავტობუსები თითქმის ყოველთვის გადაჭედილია. ისიც კარგია, თუკი ნახევრად მაინც შეაღწევ სალონში და კარებში გამოკიდებული წახვალ. ცალ მხარზე სკოლის ჩანთა აქვს მოგდებული, მეორეზე კი – ჩანთა, რომელშიც ციგურები და სავარჯიშო ფორმა დევს.

ავტობუსი ხმაურით შემოდის თბილისის გამზირზე და აი, ბოლოს და ბოლოს, წინ სპორტული კომპლექსის შენობაა, რომელიც უზარმაზარ ნაცრისფერ დოლს ჰგავს.

ვარჯიშები საღამოს 5-6 საათამდე გრძელდებოდა. თავდაპირველად – მოთელვა, გაწელვა და ბალეტის გაკვეთილები დარბაზში. შემდეგ, გოგოები ყინულზე გადიოდნენ, სადაც განსაკუთრებული სიხარულის გარეშე ელოდებოდათ მწვრთნელი, ამირ კასიმოვიჩი. სრულიად ახალგაზრდა ბიჭი, სახელგანთქმული მოციგურავის, ზაიცევის მოსწავლე. მან თვითონ ვერ მოასწრო „სრიალი“, როდესაც ტრავმის გამო იძულებული გახდა სპორტულ კარიერაზე უარი ეთქვა.

„მაშინ პირველად მივხვდი, რომ სპორტში მთავარი არა ნიჭი და შრომისუნარიანობაა, არამედ – გამართლება. ამირ კასიმოვიჩს ბედმა არ გაუღიმა და ეს აისახებოდა მის ჩვენდამი დამოკიდებულებაზე. ის ხშირად იყო მკვეთრი და უხეშიც კი. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარდა, იმიტომ რომ, ის ჩვენ გვასწავლიდა. მით უმეტეს, რომ მეორე მწვრთნელი, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა, კიდევ უფრო უარესი იყო – ის არაფერს გვიხსნიდა, მხოლოდ გვიყვიროდა და გახდომას მოითხოვდა“.

მათ მუდმივად უყვიროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ლანძღავდნენ, არ აძლევდნენ არანაირ შეღავათს ასაკის გამო, მაგრამ, დედამიწაზე არაფერს შეეძლო ეიძულებინა ნარგიზი, საკუთარი სურვილით გაეცდინა ვარჯიში.

სპორტული კომპლექსი რემონტამდე, 2014 წელი. ფოტო: prezident.az 

ამდვილი, ლამაზი საციგურაო კაბის ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ და არც არსად იშოვებოდა. კოსტიუმებს ამზადებდნენ ძველი ტანსაცმლისა და ნებისმიერი შესაფერისი ქსოვილისგან.

„პარაშუტისგან დამზადებული კაბაც კი მქონდა. ჩემი დიდი ბაბუა სამხედრო ექიმი იყო და ერთხელ, ჩამოწერილი, ფორთოხლისფერი პარაშუტი მოიტანა. მისგან მაშინვე კაბა შემიკერეს. რაც შეეხება სპეციალურ შალითებს, რომელსაც ციგურებზე ამაგრებენ, სანამ გასახდელიდან ყინულზე გახვალ, მათი შეძენის საშუალება ცოტას თუ ჰქონდა. მის ნაცვლად, მე რეზინის ნაჭრებს ვიყენებდი და თოკით ვამაგრებდი. ერთ-ერთი დაქალის მამამ მოიფიქრა“.

არგიზი 14 წლის იყო. ზაფხულის მოკლე არდადეგების შემდეგ სექციაში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ საციგურაო მოედანი აღარ არსებობდა.

„ბოლომდე ველოდი, რომ მოედანს გაყინავდნენ. დირექტორსაც კი პირადად ველაპარაკე. არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო, მოვითხოვდი ეჩვენებინათ ჩემთვის სავარჯიშო დარბაზი. გამიხსნეს და ჩვენი საციგურაო მოედნის ნაცვლად, დიდი ორმო დავინახე. ეს საშინელება იყო. იმ წუთას თავი დავკარგე“.

ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსი ახლა. ფოტო ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდიდან

რა მოხდა?

გაყინვის სისტემა უხარისხო გამოდგა და გაფუჭდა. სპორტკომპლექსი, რომელიც თავიდან სახელმწიფოს ბალანსზე იყო, თვითუზრუნველყოფაზე გადავიდა. საციგურაო მოედნის შენახვა წარმოუდგენელი ფუფუნება გახდა.

ეს ყველაფერი რაფიკ ბეიბუტოვმა მოგითხრო – სწორედ იმ დირექტორმა, რომლის კაბინეტსაც თავის დროზე „შტურმით იღებდა“ 14 წლის ნარგიზი. ის ახლაც სპორტკომპლექსის ხელმძღვანელია, რომელსაც ამჟამად „ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსი“ ეწოდება. 2015 წელს ის კაპიტალურად გაარემონტეს. დღეს აქ იმართება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ასევე, მსხვილი გამოფენები.

საუბრები იყო საციგურაო მოედნის აღდგენაზეც, მაგრამ ეს არ გაკეთდა. იმიტომ რომ, პროფესიონალური ყინულის მოედნის შენახვა – პრობლემური და ძვირადღირებული საქმეა, ფიგურული სრიალი კი აზერბაიჯანისთვის ძალიან უჩვეულო სპორტია, რათა მის გამო ასე იწვალო.

მოკლედ, ახლა აზერბაიჯანს საკუთარი მოციგურავეები არ ჰყავს, საერთაშორისო ჩემპიონატებზე კი ქვეყანას ლეგიონერები წარმოადგენენ. თუმცა, ნარგიზის აზრით, ყველაფერი შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო:

„ჩვენ სექციაში ძალიან ნიჭიერი გოგონები იყვნენ. შესაძლოა, ჩვენგან ვარსკვლავები არ დამდგარიყო, მაგრამ შეგვეძლო კარგი მწვრთნელები გავმხდარიყავით და აღგვეზარდა საკუთარი მოციგურავეების ახალი თაობა. ლეგიონერი არასოდეს იქნება ისეთი მოტივირებული, როგორც სპორტსმენი, რომელიც საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს“.

ხანდახან – ძალიან იშვიათად – ნარგიზს ესიზმრება, რომ ყინულზე გამოდის, თავდაჯერებული სრიალებს, რთულ ნახტომებს ასრულებს და უხარია, რომ ამდენი წლის შემდეგ, სრიალი არ დავიწყებია.

 


ასევე წაიკითხეთ