მთავარი პრობლემები მასწავლებლების არაადეკვატური რეაქცია და მშობლების მიმართ მოზარდების უნდობლობაა" />

ბულინგი საქართველოს სკოლებში: როდესაც არ შეიძლება იყო განსხვავებული

მთავარი პრობლემები მასწავლებლების არაადეკვატური რეაქცია და მშობლების მიმართ მოზარდების უნდობლობაა

ყველაზე ხშირად ბავშვები აბულინგებენ იმ თანატოლებს, ვინც მათგან განსხვავდება. არ აქვს მნიშვნელობა, რის საფუძველზე –  ეთნიკური კუთვნილების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციისა თუ მშობლების განსხვავებული შეხედულებების გამო. მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელობა ხშირად არა თუ არ რეაგირებენ, არამედ აგრესიას თავადაც უწყობენ ხელს. ბავშვები კი მოზრდილებს საკმარისად არ ენდობიან, , რომ დროულად დახმარებისთვის მიმართონ, ხოლო სახელმწიფოს ეფექტური რეაგირების მექანიზმი ჯერჯერობით არ გააჩნია.

გოგონა, რომელსაც დედის შეხედულებების გამო აბულინგებდნენ

ელენიკო გოგოხია 8 წლის იყო, როდესაც თქვა, რომ სკოლაში წასვლა აღარ უნდოდა.  მშობელს მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მისი შვილი თანატოლების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი ყოფილიყო.

ხშირად ბავშვი ამბობდა, რომ აღარ უნდოდა იმ კლასში, არც სკოლაში წასვლა არ უნდოდა, მიყვებოდა, რომ არავინ ემეგობრება,რომ ყველა დასცინოდა,” – ამბობს ელენიკოს დედა, ნანუკა თევზაძე.

ნანუკა და ელენიკო. ფოტო: ნინო მემანიშვილი, JAMnews

როგორც აღმოჩნდა, ელენიკო ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის მიუღებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ დედამისი სამოქალაქო აქტივისტია და LGBT თემის საკითხებზე მუშაობს. დედა შვილს იმ ღირებულებებით ზრდის, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. იგი ასევე მიიჩნევს, რომ მოსწავლეებისთვის სექსუალური განათლება საჭიროა. ამაში მას დანარჩენი მშობლები არ ეთანხმებიან.

“ვეკითხებოდი, თუ რატომ ხდებოდა ეს, ამბობდა, რომ ჩემს გამო… იმიტომ რომ შენი დედიკო ისეთ რაღაცებს წერს, რასაც ჩვენი დედიკოები არ წერენო. მათ არ მოსწონდათ ბავშვი, რადგან არ იყო მათნაირი და მე მათი დედიკოების მსგავსი“,  – ამბობს ნანუკა.

რა არის ბულინგი

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის განმარტებით, ბულინგი ძალადობის ის ფორმაა, როდესაც ადამიანზე ძალადობენ და ის განმეორებადია. არსებობს ბულინგის ოთხი კატეგორია: ვერბალური, სოციალური, ფიზიკური და კიბერ ბულინგი, რომლებიც, დაშინების მრავალფეროვან მეთოდებს აერთიანებს.

ბულინგი მსხვერპლთან ერთად გავლენას  თავად მოძალადეზე ახდენს, ასევე იმ ადამიანებზე, ვინც პროცესს შეესწრო.

• ძალადობა სკოლებში. სად არის გამოსავალი? – კითხვას პასუხობენ ფსიქოლოგები, მოსწავლეები და ექსპერტები

• როგორ იქცევიან თვითმკვლელებად. ისტორიები აზერბაიჯანიდან

• “მინდა დედაჩემი ჩემი მეგობარი იყოს”. UNICEF-ის კვლევა ქართველ მშობლებსა და მოზარდებზე

ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ხშირად ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდიან, შფოთავენ, არიან დეპრესიულები, მწუხარებისა და მარტოობის გრძნობა აწუხებთ.  ძილისა და კვების დარღვევა აქვთ. ეს მათ აკადემიურ მიღწევებზე აისახება.

ბულინგი და ჩაგვრა ელენიკოს მიმართ არ მოდიოდა ბავშვებიდან, 7-8 წლის ასაკში ბავშვმა არ იცის, რის გამო შეიძლება დაჩაგრო ვიღაც, ხშირად შვილებზე მშობლები ცუდ გავლენას ახდენენ, შეიძლება ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც, შეიძლება კარგადაც აქვთ გაცნობიერებული. და როდესაც ბავშვი ხედავს მშობლისგან, რომ ის არის მჩაგვრელი, ისიც იმეორებს და იმავეს აკეთებს”, – მიიჩნევს ნანიკო.

ელენიკო იხსენებს, რომ არა მხოლოდ ის, არამედ მისი თანაკლასელი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ხშირად გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. კლასელები მათთან არ მეგობრობდნენ, ნივთებს არ უზიარებდნენ და მუდმივად დასცინოდნენ.

ელენიკო ახალ სკოლაში გადავიდა, ბულინგის მსხვერპლი აღარ არის, მაგრამ ახლა დისკრიმინაციას მისი კლასელი გოგონა განიცდის.  

ერთი ჩემი კლასელი გოგო,რომელიც სხვა ეროვნებისაა, დასცინიან, სცემენ, თითქმის არავინ არ ემეგობრება. როგორც მე მექცეოდნენ ძველ კლასში, ახლა ისე მას ექცევიან. მე რომ მაქვს გამოცდილი ეს, ვიცი რა ნიშნავს, ამიტომ ვიცავ,” – ამბობს ელენიკო.

ნანუკას იმის იმედი არ აქვს , რომ ელენიკო მომავალში ბულინგის მსხვერპლი აღარ გახდება. მაგრამ სჯერა, რომ თუკი შვილს სწორი ღირებულებებით გაზრდის, მოძალადე საზოგადოებაში ის ყოველთვის შეძლებს თავი დაიცვას.

დამნაშავე სკოლაა?

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ფიქრობს, რომ როდესაც 8 წლის ბავშვი მშობლის საქმიანობის გამო ბულინგის მსხვერპლი ხდება, ამაზე სკოლაა პასუხისმგებელი.

როდესაც დედის პოზიცია და საქმიანობა საზოგადოების ნაწილისთვის არ არის პოპულარული და აგრესიის მიზეზი ხდება, სკოლა უნდა ჩაერიოს, რომ ძალადობა მოსწავლეზე არ გადავიდეს,“ – ამბობს ფსიქოლოგი.

სკოლის დირექციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს 13 წლის ლუკას დედაც, მარიამ საკანდელიძე.

დამრიგებელი მოსწავლეებს მოუწოდებდა, რომ ლუკას ქცევები ტელფონით გადაეღოთ, ეს შემდეგ მშობლებისთვის უნდა ეჩვენებინა. ამით კლასელებიც და მშობლებიც ლუკას წინააღმდეგ განაწყო”,  – ამბობს მარიამი.

საქმე ისაა, რომ ლუკა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვია, ის ჰიპერაქტიურია, გაკვეთილზე კონცენტრირება და ემოციების მართვა უჭირს.

ჯერ კიდევ პირველ კლასში იყო, როდესაც კლასელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამას  ფსიქოლოგიური და კიბერ-ბულინგი მოჰყვა.

ლუკამ 13 წწლის ასაკში ხუთი საჯარო სკოლა გამოიცვალა, ორი თვეა 63- სკოლაში სწავლობს, აქ მასზე არავინ ძალადობს, მაგრამ მარიამი შიშობს, რომ მისი შვილი ბულინგისგან  დაცული მაინც არ არის:

სკოლების შეცვლა პრობლემას არ აგვარებს პირიქით, მდგომარეობას კიდევ უფრო  ამძიმებს, საჭიროა კომპლექსური მიდგომა და სხვა მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან მუშაობა. სანამ სპეციალისტები, ფსიქოლოგები ქცევის თერაპევტები არ ჩაერთვებიან მანამდე შედეგს ვერ მივაღწევთ, დღეს კი თითქმის ყველა სკოლის პედაგოგსა და დირექტორს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს“.

კვალიფიციური კადრების დეფიციტზე არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტშიც საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია წლებია ბულინგის თემაზე მუშაობს. საჯარო და კერძო სკოლებში ბულინგის თემატიკაზე ორგანიზაციამ სპეციალური კვლევები ჩაატარა, რამდენიმე სკოლაში მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები გადაამზადა.

ფოტო: JAMnews

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამაზ ახობაძის თქმით, ბულინგი სწორედ ისეთ შემთხვევებში ხდება, როდესაც ჯგუფისგან კონკრეტული მოსწავლე რაიმე ნიშნით განსხვავებული და გამორჩეულია.

ჩვენი კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ მასწავლებელი იმის ნაცვლად, რომ იყოს ამ პროცესის შემაჩერებელი, ზოგჯერ ხელს უწყობს კომენტარებით ან თემის იგნორირებით ბულინგის წარმოქმნას. ამას ზოგჯერ სიცელქესა და ხუმრობას არქმევენ, რას არასწორია. მასწავლებლების ჰგონიათ, რომ მათი მთავარი დანიშნულება კლასში სიწყნარის შენარჩუნებაა. ვერ იაზრებენ, რომ საჭიროა უფრო მეტად იმუშაონ ბავშვთან,”  -ამბობს ახობაძე.

მისი თქმით, სკოლებში ბულინგთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩაგვრა ჰომოფობიის ნიადაგზე.  მე-7- -დან მე-9- კლასებში კი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე  მეტია.

სკოლაში თუ სექსუალური ორიენტაციის იდენტიფიცირება ხდება, სწორედ ისინი ხდებიან მსხვერპლნი. როდესაც ეს ჯგუფი ისედაც საზოგადოებაში ჩაგრული ჯგუფია, სკოლაში ეს გარემოება განსაკუთრებით ვლინდება. ასევე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ამოჩემების ხშირ ფაქტებს ვაწყდებით. ბავშვები გარშემო რასაც ხედავენ, ის ყოველდღიურობაში გადააქვთ და აქ მათი პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც საზოგადოების, რადგან სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა მთლიანად ძალადობრივ სივრცეში იზრდება,“ – ამბობს ახობაძე.

ფოტო: JAMnews

რას აკეთებს სახელმწიფო?

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტთანარ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ ბულინგთან საბრძოლველად ორგანიზაცია მათ უფასო და ეფექტურ სერვისს სთავაზობს. მათი საქმიანობა საპილოტეა და სკოლის დირექტორები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებენ,  ეს ორგანიზაცია სკოლაში მიიღონ თუ არა.

სკოლებში ბულინგის პრობლემას აღიარებენ საქართველოს მანდატურის სამსახურში. ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთადერთი სამსახურია, რომელიც ბულინგის შემთხვევებზე მუშაობს.

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი თეონა ჩიტაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად სკოლებში კიბერბულინგი ვლინდება.

მისი თქმით, მანდატური პასუხისმგებელია რეაგირება მოახდინოს ბულინგის შემთხვევებზე და ასეთი ფაქტების შესახებ ფსიქოლოგიური მომსახურეობის სპეციალურ ცენტრს შეატყობინონ. მაგრამ საქართველოს მასშტაბით 2083 სკოლიდან მანდატურის სამსახური მხოლოდ 500-მდე სკოლას ემსახურება. შეიძლება ითქვას, რომ განათლების სამინისტრომ სკოლებში ბულინგის ნამდვილი მასშტაბები რეალურად არ იცის.

თუმცა, თეონა ჩიტაშვილის აზრით, ბოლო პერიოდში სიტუაცია სასიკეთოდ მაინც შეიცვალა – მშობლებმა, მასწავლებელმა და მანდატურებმა გასულ წლებთან შედარებით უკეთ გაიზიარეს პრობლემის არსი, მაგალითად როგორ მოახდინონ ბულინგის ამოცნობა.

ბავშვები უფროსებს არ ენდობიან

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ფიქრობს, რომ ხშირად ბულინგის პრობლემას ის ართულებს, რომ ასეთი ფაქტების დროულად იდენტიფიცირება ძნელია. ხშირად სკოლის პერსონალმა არ იცის, რა არის ბულინგი, რთული ამოსაცნობია ეს მშობლებისთვისაც. მსხვერპლები ხშირად გაჩუმებას ამჯობინებენ, მაგრამ ამაში არა ისინი, არამედ ისევ ის საზოგადოებაა დამნაშავე, სადაც ჩაგრულები ცხოვრობენ.

ბავშვებს ხშირად ეშინიათ მოყვნენ, რომ მათ ჩაგრავენ, ამის რცხვენიათ.  განსაკუთრებით თუკი საზოგადოება მათ სთხოვს იყვნენ ძლიერები, “მაგრები”, თავი არავის დააჩაგვრინონ. მეორე ფაქტორია უიმედობის განცდა. ბევრი ბავშვი ფიქრობს, რომ უფროსები მას მაინც ვერ დაეხმარებიან“, – ამბობს მაია ცორამუა.

ფსიქოლოგის აზრით,  საჭიროა უფროსებმა ბავშვების პრობლემები ადექვატურად და სერიოზულად აღიქვან.

“უფროსებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვისთვის შესაძლოა ძალიან დიდი ტრაგედია იყოს. შესაბამისად როდესაც ბავშვმა არ იცის , რომ მას მხარს დაუჭერენ, ის დუმს. ზოგჯერ არ სჯერა უფროსების და იმისიც, რომ მისი კონფიდენციალურობა დაცული იქნება”, – მიიჩნევს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, ეს როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის მშობლების პრობლემაა.   

ბავშვები ხშირად მიმართავენ ბულინგს რომ თავი გადაირჩინონ, მოახდინონ სოციალიზაცია ან თავის დამკვიდრება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პირველ რიგში საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პრობლემის შესახებ, სკოლებმა და სახელმწიფომ კი უფრო აქტიურდ უნდა იმუშაონ ბულინგის შემთხვევების გამოვლენაზე და მათზე დროული რეაგირება მოახდინონ.  

“მედიაქსელის” მხარდაჭერით

ასევე წაიკითხეთ