ბევრი საკუთარ საცხოვრებელს სასამართლოს შემდეგაც ვერ იბრუნებს. მალე კი ქართველების საჩივრებს საერთოდ აღარ განიხილავენ" />

აფხაზეთი: ბინები როგორც „ომის ნადავლი“ – დაუბრუნებენ თუ არა მათ მფლობელებს?

ბევრი საკუთარ საცხოვრებელს სასამართლოს შემდეგაც ვერ იბრუნებს. მალე კი ქართველების საჩივრებს საერთოდ აღარ განიხილავენ

ხარლამპი პოლიტიდისი 79 წლისაა. ის აფხაზეთის მკვიდრია, წარმოშობით ბერძენი. უკვე მერამდენე წელიწადია, ის უშედეგოდ იბრძვის სოხუმში თავისი სახლის დაბრუნების უფლების მოსაპოვებლად, რომელიც მას აფხაზეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკუთვნის.

მან უკვე რუსეთის და აფხაზეთის პრაქტიკულად  ყველა ინსტანცია მოიარა და ისევ იმედი აქვს, რომ ოდესმე საკუთარ სახლში დაბრუნდება.

1990 წლის აფახაზეთის ომის შემდეგ დაკავებული „ნადავლი“ საცხოვრებლის პრობლემა აფხაზეთში ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი.

უკვე ოცდახუთი წელიწადია, რაც ეს თემა დროდადრო მედიაში ჩნდება, უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები ხომ აქამდე გრძელდება.

თუმცა, საკუთარი ქონების დაბრუნება ჯერჯერობით ცოტა ადამიანმა თუ მოახერხა.

უფრო ხშირად დაკავებული და გადაფორმებული „ომისშემდგომი“ ბინებისა და სახლების დაბრუნებას, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავადაც კი, არავინ აპირებს. 

ხარლამპი პოლიტიდისის ისტორია აფხაზეთის ბევრი იმ მკვიდრის ისტორიის მსგავსია, ვისი უძრავი ქონებაც ომის შემდეგომ პერიოდში ჯერ დაიპყრეს, შემდეგ გაასამართლეს, მაგრამ მფლობელს მაინც არ დაუბრუნეს.

• აგვისტო 2008. რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკები

• აფხაზეთი-საქართველო, გამყოფი ზოლი: მეოთხედი საუკუნე  ომის შემდეგ

• 7 წელი გადასახლებიდან. როგორ მოეწყვნენ დევნილები ფოცხოეწერში

 მოქალაქეობის რიგში – როგორ ურიგებენ უკრაინის აღმოსავლეთის მოსახლეობას რუსულ პასპორტებს

პოლიტიდისი აფხაზეთში 1991 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ ის სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს. შემდეგ ომი დაიწყო, და მან აფხაზეთში, თავის ბინაში დაბრუნება ვეღარ შეძლო – ბინა დაიკავეს. ახალმა მფლობელმა კი, „მაქინაციის გზით“ ბინა გაცვალა, – ჰყვება მისი ყოფილი მფლობელი.

 „2005 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბინა იურიდიულად მე დამიბრუნდა, რის შემდეგაც მის დასაბრუნებლად მრავალწლიანი წარუმატებელი ბრძოლა დაიწყო, თუმცა- უშედეგოდ – მიუხედავად მისი რაღაც ვადაში დაბრუნების თაობაზე მრავალი, მათ შორის წერილობითი დაპირებებისა“, – ამბობს პოლიტიდისი.

მეტიც, 2010 წელს გაჩნდა სასამართლოს „სხვა გადაწვეტილება“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვინაიდან მფლობელი ჯერ კიდევ 1992 წელს „გაურკვეველი მიმართულებით“ გაემგზავრა, ბინა უპატრონოდ აღიარეს და მიაკუთვნეს სხვა ადამიანს, რომელიც იქ აქამდე ცხოვრობს. 

ამრიგად, პოლიტიდისის ბინამ ამ წლების განმავლობაში რამდენიმე „კანონიერი“ მფლობელი გამოიცვალა.

ამჟამად ხარლამპი საბერძნეთში იმყოფება თავის ქალიშვილთან, სადაც კიბოს მკურნალობს. მას იმედი აქვს, რომ სხვის მიერ  დაკავებულ თავის საცხოვრებელს დაიბრუნებს.

სოხუმი, ივლისი 2019 . ფოტო: დმიტრი გლებოვსკი, JAMnews

დაპყრობა, მუქარები და ხელისუფლების დუმილი

ელენა გალიცკაია როსტოველია და 56 წლისაა. მისი ოჯახი აფხაზეთში 1966 წლიდან ცხოვრობდა. მრავალი წლის განმავლობაში ელენა ცდილობს დაიბრუნოს ბიჭვინთაში მდებარე მშობლების ბინა, რომელიც 1994 წელს დაიკავეს – როდესაც მისი დედა როსტოვში ქალიშვილთან გაემგზავრა, რათა მძიმე მშობიარობის შემდეგ დახმარებოდა. ქალი დაახლოებით რვა წლის განმავლობაში იხდიდა  კომუნალური მომსახურების საფასურს, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ცხოვრობდა – მას ძველ სამსახურის კუთვნილ ბინაში მოუხდა გადასახლება. 

 „1996 წელს ბიჭვინთაში დაბრუნების შემდეგ დედამ შეიტყო, რომ ჩვენი ბინა დაკავებული იყო. ადამიანმა ბინაში სახანძრო მანქანის დახმარებით ფანჯრიდან შეაღწია, შესასვლელი კარი გახსნა, და იქ ოჯახთან ერთად დასახლდა. ამის შესახებ მეზობლებმა გვიამბეს, თუმცა ოფიციალური ჩვენებების მიცემის შეეშინდათ. დედა მილიციასა და ადმინისტრაციას მიმართავდა. მაგრამ, ჩინოვნიკები საკითხის განხილვასა და მიმართვების დაფიქსირებასაც კი თავს არიდებდნენ“

ხელისუფლების წარმომადგენლები ელენას დედას ეუბნებოდნენ, რომ მათ „მისი პრობლემებისთვის არ ეცალათ“ და რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ.

ამასობაში ბინის დამპყრობელმა ელენას დედას მუქარა დაუწყო. ერთხელ ის უცნობმა ადამიანებმა მანქანით „სალაპარაკოდ“ წაიყვანეს. შედეგად, მან ხელისუფლებისთვის დასახმარებლად მიმართვა შეწყვიტა.

2016 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ ელენა გალიცკაია და მისი და ოლგა მემკვიდრეები გახდნენ და ბინის გადაფორმება სცადეს. მაგრამ ბიჭვინთის ადგილობრივი ადმინისტრაცია ჯერ სხვადასხვა მიზეზით არ აძლევდა კომუნალური დავალიანების თაობაზე ცნობას, რომლის გარეშეც ბინის გაფორმება შეუძლებელია; შემდეგ კი თავად გაუწია ორგანიზება ელენას შეხვედრას იმ პირის ვაჟთან, ვინც მათი ბინა დაიკავა, რათა ეს სიტუაცია ასე არაფორმალურად „მოეგვარებინა“.  

სოხუმი, ივლისი 2019 . ფოტო: დმიტრი გლებოვსკი, JAMnews

ბინის დამკავებლის ვაჟი შეხვედრაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელი იურისტის თანხლებით მივიდა. ორივე ამტკიცებდა, რომ ელენას მამა „ქართველების შუამავალი და აგენტი“ იყო, ბინა კი მან თავად დათმო, და იქ რაღაც დროით ჩეჩენი მოხალისეები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, ბინის დამკავებლის თქმით, ის ბინა არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდა – იქ არც კარი იყო და არც ფანჯრები, მან ის გაარემონტა და ლეგალურად დაიწყო ცხოვრება. ერთი სიტყვით, „მფლობელი“ ბინის დაბრუნებაზე მტიკცე უარს ამბობდა. 

საბოლოოდ, საკუთარი უფლებების დასაცავად ელენას სასამართლოსთვის მიმართვა მოუხდა. 

კანონი „ქართველებისთვის“

 „დღეისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ პალატაში ასზე მეტი განცხადებაა შესული იმ ადამიანებისგან, ვინც ასეთივე პრობლემებს წააწყდა. მათ შორის დაახლოებით ორმოცდაათი – საქართველოს მოქალაქეების იმ ნათესავებისგან, რომლებიც 1992-1993 წლებში აფხაზეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ“, – ამბობს დანილ უბირია, საზოგადოებრივი პალატის საყოფაცხოვრებო საკითხთა კომისიის (აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ორგანო) თავმჯდომარე. 

მან თქვა, რომ ნათესავები ეყრდნობიან ომისშემდგომ აფახაზურ კანონს, რომელიც მათ უძრავი ქონების დაბრუნებას არ უკრძალავს. 

ყველა მათგანი აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

საკუთრების ქონის უფლების აკრძალვა მხოლოდ იმ მოქალაქეებს ეხებათ, „რომლებიც აფხაზეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იბძოდნენ, აფხაზეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ან საოკუპაციო ჯარს ეხმარებოდნენ“, – ნათქვამია კანონში. ნათესავებს ეს არ ეხებათ.

 „ანუ, კანონით, მათ ამის უფლება აქვთ. მაგრამ აქ სირთულეები არსებობს. მათი საცხოვრებელი, ვინც აფხაზეთის წინააღმდეგ იბრძოდა და რესპუბლიკა დატოვა, ჩვენს მოქალაქეებს შორის განაწილდა. ომის შემდეგ სასამართლოები საქართველოს

მოქალაქეებისგან პრეტენზიებს არ იღებდნენ, მაგრამ უახლოეს წარსულში რამდენიმე საქმე განიხილეს. გადაწყვეტილება მომჩივანთა სასარგებლოდ არ მიღებულა“,ამბობს დანილ უბირია.

როგორც წესი, ყველა მოსარჩელე რუსეთში ან საქართველოში ცხოვრობს, და საჭირო საბუთებსაც იქვე აფორმებენ – მემკვიდრეობით გადაცემის, მინდობილობის, ჩუქების თაობაზე.

 „თუმცა, აფხაზეთის გარეთ მიღებული საბუთები ჩვენთან არ ჭრის. ამის შესახებ დადგენილებას ჯერ კიდევ აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ მოაწერა ხელი“, – დასძენს კომისიის თავმჯდომარე.

სოხუმი, ივლისი 2019 . ფოტო JAMnews

უბირიას მონათხრობით, იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოს მცხოვრებელმა ქალმა, რომლის ქმარიც აფხაზეთში იბრძოდა, ქმრის გარდაცვალების შესახებ საბუთები მოიტანა და საცხოვრებლის დაბრუნებაში დახმარება ითხოვა.

 „ამბობდა, ეს ჩემი საკუთრებაა. მე რაში მადანაშაულებთ? ამ ადამიანის შესახებ მაშინვე თბილისში გავაკეთეთ განაცხადი. გაირკვა, რომ ცოცხალია და ჯანმრთელადაა. ამრიგად, გაჩნდა რისკები, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო“ , – აგრძელებს ის.

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის რამდენიმე თვის წინათ აფხაზეთის პარლამენტმა – ჯერჯერობით პირველი მოსმენით –  ქონების განკარგვის შესახებ კანონში მიიღო შესწორებები, რომლებიც ქონების დაბრუნებას უკრძალავს არამხოლოდ მათ, ვინც საქართველოს მხარეს იბრძოდა, არამედ ყველა მათ ნათესავს. ანუ მემკვიდრეები ქონების დაბრუნებას ვერ შეძლებენ.

 „აქ ჩვენ საკითხს ეროვნების შესახებ არ ვაყენებთ, – ამბობს შესწორებების ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის დეპუტატი რაულ ლოლუა, – საუბარია მათზე, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იბრძოდა ან იბრძვის. რასაკვირველია, ეს ძირითადად ქართველი ეროვნების პირებს ეხებათ. ფაქტობრივად, ეს 90%-ზე მეტია, მაგრამ კანონში ეროვნება არ მოიხსენიება“, – აღნიშნავს ის.

მისი თქმით, ამავდროულად ქართველებს თავიანთი საკუთრების დაბრუნება იმ შემთხვევაშიც კი გაუჭირდებათ, თუკი კანონით დადგენილი აკრძალვები მათ არ ეხებათ.

 „ქართველების საცხოვრებლები ასე თუ ისე განაწილებულია, ცარიელი სახლები ან ბინები პრაქტიკულად არ არის. ადამიანი საკუთარი მემკვიდრეობითაც კი რომ მოვიდეს, პრობლემებს აწყდება“, – ამბობს ლოლუა.

თუკი სახლში არავინ ცხოვრობს, და უძრავი ქონება არავისზე გაფორმებული არ არის, მაშინ პრობლემა გადაწყვეტადია, – მიაჩნია მას. სხვა საკითხია, არსებობს თუ არა ასეთი ბინები? 

 უძრავი ქონების კადასტრის არარსებობის პირობებში, ამაზე პასუხის გაცემა რთულია. მაგრამ თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე უნდა განიხილებოდეს, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში 20 წლის შემდეგ ბრუნდებიან და საცხოვრებლის დაბრუნებაზე პრეტენზიას აცხადებენ.

 „ამ დროისთვის უკვე მიღებულია მრავალი კანონი, რომლებიც უძრავ ქონებას ეხება, მათ შორის – ხანდაზმულობის ვადის შესახებაც. ადამიანები საცხოვრებლის საფასურს, გადასახადებს არ იხდიდნენ. ანუ მათი მხრიდან არსებობის არანაირი ნიშნები არ იყო. ადამიანი გაემგზავრა. ცოცხალია თუ არა. ესეც გასათვალისწინებელია“,- ამბობს რაულ ლოლუა.

მრავალრიცხოვანი მცდელობის მიუხედავად, იმ ეთნიკურ ქართველებთან დაკავშირება, რომლებმაც საცხოვრებლის დაბრუნების თაობაზე აფხაზეთის ხელისუფლებას მიმართეს, არ მოხერხდა. 

სოხუმი, ივლისი 2019 . ფოტო:  JAMnews

„ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს“

იურისტი ვალენტინა კორნიენკო, რომელიც მფლობელებისთვის საცხოვრებლის დაბრუნების საკითხებით არის დაკავებული, დარწმუნებულია, რომ პრობლემა არამხოლოდ კანონების არდაცვაშია, არამედ საკუთრივ არაქართველი ეროვნების წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულებაში, კერძოდ, აფხაზეთში მაცხოვრებელი რუსების მიმართ.

 „კანონები არსებობს, მაგრამ ისინი რუსების მიმართ არ სრულდება. ჩვენ საცხოვრებლის დაბრუნებას მხოლოდ იმის წყალობით ვახერხებთ, რომ მე აქ დავიბადე, და ჩემმა ძმებმა ომი გამოიარეს, ისინი აფხაზეთის გმირები არიან. მაგრამ თავად პროცესები ძალიან რთულია, წლობით გრძელდება. ვიღაც ახერხებს თავისი სახლის ან ბინის დაბრუნებას, ვიღაცას კომპენსაციის სახით, სხვა ადგილას აძლევენ ბინას, მაგრამ ასეა თუ ისე, ყველა საქმეს ვიგებთ“, ამტკიცებს ის.

ვალენტინას მტკიცებით, მან ამგვარად 44 შემთხვევაში შეძლო, რომ ადამიანებს საცხოვრებლის დაბრუნებაში დახმარებოდა.

სტანისლავ ბელოუსოვი – ერთ-ერთი მათგანია, ვისაც გაუმართლა. 2016 წელს მან თხოვნით მიმართა ვალენტინა კორნიენკოს სოხუმში საცხოვრებლის დაბრუნების თაობაზე, რომელიც ბოროტმოქმედებმა დაიკავეს – ისინი მის სახლში ფანჯრიდან გადაძვრნენ, და მუქარის ძალით, წაიყვანეს  ფსიქიატრიულ საავდმყოფოში, სადაც თითქმის ნახევარი წლით გამოამწყვდიეს. მან იქედან თავის დახსნა შემთხვევის წყალობით მოახერხა.

 „მათ მისი ფსიქიკურად დაავდებულად ქცევა სურდათ, რათა შემდეგ ბინა წაერთმიათ, – ამბობს კორნიენკო, – ერთხელ საავადმყოფოში ის ნაცნობ ქალს შეხვდა და ამ შემთხვევის შესახებ უამბო. ნაცნობმა ქალმა მე მომმართა, მე მილიციაში წავედი და ვუთხარი, რომ, კანონით, ნათესავების თანხმობის გარეშე, ადამიანის საავდმყოფოში დაწვენა არ შეიძლება. სტანისლავი მაშინვე გამოუშვეს, და ახლა თავისუფლად ცხოვრობს“, – ამბობს კორნიენკო.

სოხუმი, ივლისი 2019 . ფოტო:  JAMnews

ელენა გალიცკაიას ოჯახმა სამართლიანობის  მიღწევა ჯერჯერობით ვერ შეძლო. მან ყველა ინსტანციას მიმართა, მაგრამ „ძალიან მაღალ დონეზე“ მოსარჩელეებს აცნობეს, რომ სასამართლოში კანონიერი განხილვის უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნებოდა, და სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი, ალბათ ბინას მაინც ვერ დაიბრუნებდნენ. 

ასეც მოხდა – სასამართლოები სარჩელის მიღებასა და  კანონით გათვალისწინებულ ვადებში მის განხილვაზე უარს აცხადებდნენ. „გაგრის სასამართლოში სხდომა ცამეტჯერ ჩაინიშნა, და ჩვენ როსტოვიდან ჩავდიოდით, ჩვენი ადვოკატი- სოხუმიდან, თუმცა უმეტესად სხდომა იშლებოდა. გარდა ამისა, ვცდილობთ, რომ სასამართლოში ბინის დამკავებლის მიერ წარდგენილი მოწმეების მიცემული იმ ცრუ ჩვენებებისა და და გაყალბებული მტკიცებულებების წინააღმდეგაც აღვძრათ სისხლის სამართლის საქმეები, რამაც უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანას შეუწყო ხელი. და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. დასაკარგი აღარაფერი გვაქვს. ეს ჩვენი ბინაა“, – ამბობს ელენა.

მისი თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ოჯახი ბინის დაბრუნებითაა დაკავებული, მათ ბინის დამპყრობლებისგან მუქარები მისდით, სასამართლოები კი იდება. 

მუქარები ელენას მიერ პროკურატურაში ჩივილის შემდეგ შეწყდა. პროკურატურამ ბინის დამპყრობელი დაკითხა, თუმცა დანაშაულის შემადგენლობა ვერ აღმოაჩინა. სასამართლო დავას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. 

უზენაესი სასამართლოს ბოლო სხდომა ივლისში უნდა გამართულიყო. ელენა ქმართან ერთად აფხაზეთში ჩავიდა, მაგრამ მათ უთხრეს, რომ სხდომა აგვისტოს ბოლოსთვის არის გადატანილი.

“მედიასელის” მხარდაჭერით
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ