7 წელი გადასახლებიდან. როგორ მოეწყვნენ დევნილები ფოცხოეწერში
2010-2011 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში და სხვა ქალაქებში, სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების სხვადასხვა რეგიონში განსახლება გადაწყვიტა. ათასობით ადამიანს სხვადასხვა რეგიონში, სოფლებში ასახლებდნენ. ხშირ შემთხვევაში, იქ მათ საცხოვრებელი ოთხი კედლის გარდა არაფერი ელოდა – არც სამსახური, არც ინფრასტრუქტურა, არც ნოყიერი მიწა. ერთ–ერთი ასეთი ადგილი, სადაც დევნილები ჩაასახლეს, სოფელი ფოცხოეწერი იყო.
7 წლის წინ აქ დევნილთა 171 ოჯახი ჩაასახლეს. თუმცა, როდესაც JAMnews-ის კორესპონდენტები დავით ყანჩაშვილი და დავით ფიფია ფოცხოში დევნილების მოსანახულებლად წავიდნენ, იქ მათ თითქმის არავინდახვდა.
ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, მანქანას ვაჩერებთ. წინ გრძელი ქუჩაა, რომელიც არავის სახელს ატარებს. მარცხენა მხარეს დაბალსართულიანი საბჭოთა დროინდელი შენობების მწკრივია.
შენობები ცოტა გადაჭარბებული სახელდებააც კია ამ სახურავგადახდილი, მინებჩალეწილი ნანგრევებისთვის.
თვალში მხვდება ძველი საარჩევნო პოსტერები, რომლებიც ერთსართულიანი გრძელი ნაგებობის ნარჩენებზეა გაკრული. (ფორმით თუ ვიმსჯელებთ აქ სასადილო უნდა ყოფილიყო ადრე). ამ წვიმებისგან ნარეცხ პოსტერებზე ჯერ ისევ შესაძლებელია ამოიკითხო „ლევან ქარდავა 5“ გიორგი მარგველაშვილი“ „ბესიკ ფარცვანია 41“.
ქუჩის მარჯვენა მხარეს კიდევ რამდენიმე ნაგებობა დგას – ფასადებს ეტყობა, რომ წლების წინ გადაუღებიათ, თუმცა, არც ამ შენონებს ამჩნევია სიცოცხლის ნიშანწყალი.
არც სინათლე ანთია სადმე, არც სარეცხია გადმოფენილი გასაშრობად. ეს არავის სახელობის ცარიელი ქუჩაა. როდესაც ვამბობ ცარიელ ქუჩას, მხედველობაში მაქვს ქუჩა, რომელზეც არცერთი ავტომობილი არ დგას, არც ადამიანი მოჩანს, არც მაწანწალა ძაღლი. ნაგავიც კი არ ყრია, რომ ადამიანის არსებობა დაგიმოწმოს. ბგერებისგანაც დაცლილია ეს სივრცე.
რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ ერთ-ერთი შენობის კუთხეს ამოფარებულ 6-7 წლის ბიჭუნას ვხედავთ. მუხლს ზემოთ რეზინის ჩექმები აცვია, გახუნებული მუქი ფერის შარვალი და გრძელმკლავიანი მაისური. თმა გადახოტრილი აქვს, დიდი თვალებით მოგვჩერებია და გვაკვირდება. ჩვენს დანახვაზე დაახლოებით ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც ცნობილ სერიალში „მოსიარულე მკვდრები“ გაპარტახებულ ქალაქის ქუჩაში გასულ ადამიანს, რომელიც უეცრად მეორე ცოცხალ ადამიანს ხვდება და არ იცის უნდა გაუხარდეს თუ შეეშინდეს, რას უნდა ელოდეს მისგან, ხსნას თუ განსაცდელს.
– რა გქვია, ბიჭი? – ვეკითხები.
– სანდრო, – ამბობს და იღიმის.
– აქ რას აკეთებ?
– არაფერს.
– მიდიხარ სადმე?
– არსად.
– ხალხი სადაა, – ეკითხება დათო. შემდეგ ცდილობს გაამარტივოს შეკითხვა
– საით არის პოლიცია, ეკლესია ან პოლიკლინიკა.
– არაა აქ ეკლესია, ამბობს სანდრო
– პოლიცია
– არაა აქ პოლიცია
– არც პოლიკლინიკა?
– არაა აქ პოლიკლინიკა
– ბენზინგასამართი სადგური?
– არაა
– აფთიაქი?
– არაა
– აბა რა არის? – არ ეშვება დათო
– კორპუსებია, ამბობს სანდრო და ხელს იშვერს იქითკენ საიდანაც მოვდივართ.
– ხალხი ცხოვრობს მაგ კორპუსებში?
– იმაში ერთი ბიჭი, იმაში ცოტცოტა. ამბობს სანდრო
სად არის ხალხი
სოფელი ფოცხოეწერი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს.
აქედან რამდენიმე კილომეტრში ენგურჰესია – საქართველოს ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური.
ფოცხოეწერში საბჭოთა პერიოდში ენგურჰესზე მომუშავე პერსონალისთვის აშენდა.
1992 წელს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ აქ დევნილების პირველი ნაკადი ჩასახლდა. ამ დასახლებაში, რომელიც იმ უსახელო ქუჩის გადაღმაა, დევნილები დღესაც ცხოვრობენ.
2010-2011 წლებში სოფელში ახალი დევნილები გამოჩდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისში დევნილთა მასობრივი გამოსახლების პროცესი დაიწყო სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობებიდან, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილებმა 90-იანების დასაწყისში თვითნებურად დაიკავეს.
ამ შენობების დიდი ნაწილი თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარეობდა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყო, ამიტომ სახელმწიფომ საკითხის ასე მოგვარება გადაწყვიტა.
ასე აღმოჩნდნენ ფოცხოეწერში ახალი დევნილები – ამჯერად, თბილისის ცენტარული უბნებიდან.
ეს პროცესი ძალიან მტკივნეული და დრამატული გამოდგა. ამ ადამიანებს უმრავლესობას მეორედ დევნილობა არ სურდა – სახლთან ერთად, ბევრმა ის სამსახურიც დაკარგა, რაც დედაქალაქში ჰქონდა.
ორგზის დევნილები
სერგო ბოკუჩავა იმ ათასობით გახლებულიდან ერთ-ერთია. პირველად იგი დევნილად მაშინ იქცა, როდესაც 1992 წელს აფხაზეტში ომი დაიწყო. მეორედ – 2010 წელს, როდესაც თბილისიდან ფოცხოეწერში წასვლა აიძულეს.
ეს ტელეკამერების წინ, უცხოელი დამკვირვებლების და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა თვალწინ მოხდა. და არავინ ეგულებოდა, ვისთვისაც შეეძლო შეეჩივლა. მაინც გაუმართლა, რომ წინააღმდეგობის გაწევისთვის არ დააპატიმრეს ან ჯარიმის გადახდა არ მოუწია.
ის დედასთან ერთად ფოცხოეწერში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ოთხსართულიან საერთო საცხოვრებელში 32 ბინაა. თავდაპირველად აქ ყველა ბინაში დევნილი შეასახლეს, მაგრამ დღეს მხოლოდ ოთხი ოჯახი ცხოვრობს. დანარჩენები სამსახურის საძიებლად წავიდნენ და ფოცხო დატოვეს.
სერგო სამსახური არ აქვს. სახელმწიფო შემწეობა კი მხოლოდ 45 ლარია. ზამთარში გათბობის ერთადერთი საშუალება ლოგინში წოლაა. “ფეჩი” აქვს, მაგრამ შეშის მოჭრის ნებართვას სატყეო დეპარტამენტი ისეთ ადგილებში გასცემს საიდანაც ძვირი ჯდება მოჭრა და ჩამოტანა.
წალენჯიხის გამგეობის მონაცემებით, ოფიციალურად საცხოვრებელზე უარი მხოლოდ 8 ოჯახმა განაცხადა, სხვები კი, სახელმწიფოს მიერ დარიგებული სახლები გამოკეტეს და სამსახურისა და ლუკმა პურის საშოვნელად ან ზუგდიდში გადაბარგდნენ ან ისევ თბილისში დაბრუდნენ.
მიწა, რომელზეც ქვა იზრდება
გზას თუ გაუყვები, ფოცხოს ზედა მხარეს რამდენიმე პატარა, სახელდახელოდ შეღობილ ნაკვეთს დაინახავ.
ერთ-ერთ ნაკვეთში 60 წლის ქალი შევნიშნე ბარით ხელში. გამოველაპარაკე. მიყვება, რომ 80 კვადრატულ მიწას გაჭირვებით ამუშავებს.
„სამი მანქანა ქვა გავატანინე აქედან, მაგრამ იბადება თუ რა არის არ ვიცი, ყოველდღე ქვა ამოდის. ვაგროვებ, ვყრი და ისევ ჩნდება. ასე ვწვალობ 12 წელია. მთელ სოფელში ასეა. მიწა არ ვარგა – ქვითაა სავსე, ამიტომ აქ ბევრი ვერ ჩერდება,” – ამბობს ის.
სახელს ვეკითხები. იცინის და მეუბნება, რა მნიშვნელობა აქვს რა მქვია, “გაჭირვებული ადამიანი” დაწერეო.
მეუღლე ენგურჰესზე მუშაობდა, მაგრამ 15 წელია გარდაეცვალა. წუხს, რომ სამსახურს ვერ შოულობს, „ჩემთვის ცოცხის საქმეც არ გამოჩნდა, ახლა ექვსი თვეა რაც პენსიას ვიღებ.“
წიწაკა და პომიდორი მოყავს. არ იცის წელს მიწა რამდენ მოსავალს გაიმეტებს მისთვის.
„არც სოციალური მომცეს, საერთოდ, რაო შენ რა გიჭირსო მითხრა რო შემოვიდა ის სოციალური აგენტი, თუ გავასუფთავე და ჭუჭყიანი არ მაქვს სახლი, რა მერე? კი მაქვს რაღაცა შკაფი, სერვანდი, ლეიბები, პიანინოც კი მაქვს მარა რათ გინდა ის პიანინო? გაყიდეო მითხრა იმ კაცმა და შენი სახლი გაყიდე შენი ოჯახიანად-მეთქი ვუთხარი“
40 წუთი აფთიაქამდე
ფოცხოეწერში მხოლოდ რამდენიმე საჯარო დაწესებულებაა. ერთი სკოლა – 9 კლასამდე, საბავშვო ბაღი და ძველი სასტუმრო, რომელიც თავის დროზე ენგურჰესზე ჩამოსული სტუმრების მისაღებად აშენდა.
აქ სამსახურის შოვნა შეუძლებელია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამედიცინო დახმარებისთვის, წამლებისთვის და სხვა საჭიროებებისთვის დასახლება ჯვარში დადიან, რომელიც ფოცხოეწერისგან კილომეტრებითაა დაშორებული.
ჯვარის მიმართულებით დღეში ერთხელ ერთადერთი ტრანსპორტი დადის, რომელსაც მოსწავლეების (9 კლასს ზემოთ) წაყვანა და უკან მოყვანა ევალება. სხვები კი, თუ რამე დასჭირდათ, რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან. სიარულს რელიეფიც ართულებს. ჯვარში მისასვლელად ჯერ დახვეული დიდი დაღმართი უნდა ჩაიარო, შემდეგ ხიდი გადაიარო და გრძელ აღმართს შეუდგე. ეს ადგილი უკაცრიელია და ადგილობრივების თქმით, აქ გარეული ნადირიც არაერთხელ უნახავთ. ჯვარამდე დაახლოებით 40 წუთის გზაა ფეხით.
კვირაში სამჯერ ზუგდიდისკე მიმავალი მიკროავტობუსი დადის. თუმცა, ხშირად ამ ტრანსპორტით აქაურები არ მგზავრობენ. ძვირია – 2,5 ლარი ღირს.
ფოცხოში ერთი სკოლაა, ჭალის თემის 2 საჯარო სკოლა, რომელშიც 12 მასწავლებელი მუშაობს და 30 ბავშვი სწავლობს.
2010-2011 წლებში, როდესაც თბილისიდან დევნილების ახალი ნაკადი გადმოასახლეს, მოსწავლეების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. თუმცა, ნელ-ნელა აქედან ყველა წავიდა და ბავშვების რაოდენობაც ისევ შემცირდა.
სკოლაში გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის “ფეჩია”. ყველა კლასში დილაობით “ფეჩს” დარაჯი ანთებს.
ზამთარი ფოცხოეწერში სუსხიანი იცის.
მიუხედავად იმისა, რომ ფოცხოეწერი საქართველოს ყველაზე დიდ ჰესთან ახლოს მდებარეობს, აქ მცხოვრებ დევნილებს დენის ტარიფზე არანაირი შეღავათი არ აქვთ. არც სკოლას აქვს რამე შეღავათი, თორემ ბავშვებს ელექტროღუმელებით მაინც გავათბობდითო, ამბობენ აქ.
ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელთან ტროტუარზე ჩამომჯდარ ახალგაზრდა ბიჭს ვამჩნევ და მასთან მივდივარ. ნიკა ქურდიანი ვარო, მეუბნება. ნიკა აფხაზეთიდან დევნილია. 2011 წლამდე მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ფოცხოეწერში გადმოასახლეს. თბილისელ მეგობრებს და სკოლას ახლაც ხშირად იხსენებს. მას მერე, რაც ფოცხოში ჩამოვიდა, არ უნახავს. აქ სხვა ცხოვრება დაიწყო. უფრო მოწყენილი, ვიდრე თბილისში ქონდა. 9 კლასი აქვე, ფოცხოში დაამთავრა. სწავლის გაგრძელება კი უნდა, მაგრამ სად და როგორ, ჯერ არ იცის. კითხვაზე რას აკეთებს დღის მანძილზე იღიმის – არაფერსაც არ ვაკეთებ. ვიღვიძებ, ვდგები, გამოვდივარ ქუჩაში. ზოგჯერ მეზობელი თუ დამიძახებს, რამეში დასახმარებლად.
სამომავლო გეგმებზე რომ ვეკითხები, ეღიმება, „დავრჩები თუ არა ფოცხოში არ ვიცი. ვის უნდა დარჩენა, მაგრამ სად წახვიდე არ იცი.“
ჟურნალისტები
ფოცხოელები მიეჩვივნენ აქ ჟურნალისტების ამოსვლას. ამოვლენ, დაათვალიერებენ, შეიცხადებენ, გაოცებულები დასვამენ შეკითხვებს: რითი ცხოვრობთ? თავი როგორ გაგაქვთ? აა, თქვენ ძალით ჩამოგასახლეს თბილისიდან? შეგიძლიათ ეს ყველაფერი კამერაში მითხრათ? მერე ოპერატორს გასძახებენ “კრუპნი” აიღე, ეს დანგრეული ფასადი გამოაჩინე .. შემდეგ რაღაცას ჩაინიშნავენ ბლოკნოტში და მიდიან.
ფოცხოელებს ეღიმებათ. რამდენჯერ უნდა მოვყვეთ ერთი და იგივე, ხან რომელი გაზეთიდან მოდიან, ხან რომელი ტელევიზიიდანო. “რა აზრი აქვს? ხელს ჩაიქნევენ, მაინც არავინაა პატრონი. ჩვენც ცოტა დამორცხვებულები ვართ, ვპირდებით რომ გავაშუქებთ და იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოთ, მაგრამ არ სჯერათ, ჩვენთვის ვის სცალია? იქ არ ვყავდით(თბილისში) ? ჩვენზე ზრუნვა რომ სდომოდათ, აქ კი არ გამოგვყრიდნენ, “ – ამბობს იური წერქვავა.
ის აფხაზეთიდან დევნილია. ცოტა ხნით, სამსახურის საშოვნელად მოსკოვში წავიდა, მაგრამ 2006 წელს რუსეთიდან გამოადეპორტეს სხვა ქართველებთან ერთად და სატვირთო თვითმფრინავით ჩამოიყვანეს საქართველოში. ახლა ფოცხოში ცხოვრობს. სოფელ-სოფელ დადის,
„ხან დასაბარი აქვს ვინმეს, ხან დასაჩეხი შეშა, ცოტ-ცოტას მიხდიან.
წუხს, რომ ხშირი არ არის ასეთი სამუშაო. „ჩვენს ცხოვრებას რამე აზრი ხომ უნდა ქონდეს?”- ამბობს ის.
გამგებელი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ფარცვანიას ვხვდები. გამგებელი იმ ღამეს იხსენებს, როდესაც დევნილები ფოცხოში იძულებით ჩამოასახლეს.
„მე შევესწარი ამ ხალხის ჩასახლების პროცესს. ისე ჩამოიყვანეს, აზრზე არ იყო ხალხი, სად მიყავდათ. ნანახი კი არა, გაგონილიც არ ქონდათ ფოცხო. ღამე ჩამოიყვანეს, შუქი აქ არ იყო და საჭმელი. ჯერ რეგისტრირებული არ იყო ბინები, ამიტომ ენერგოკომპანია შუქს ვერ აწვდიდათ. რამოდენიმე დღე უშუქოდ და უსაჭმლოდ იყვნენ.“
როგორც ბესიკ ფარცვანია იხსენებს, დევნილებისთვის სახლების მშენებლობა [საუბარია ძველი, გამოუსადეგარი შენობების რეაბილიტაციაზე –JAMnews] წელიწადნახევარი მიმდინარეობდა. სულ 14 კორპუსი აშენდა, რაშიც 11 მილიონი ლარი დაიხარჯა.
“მე მაშინ ზუსტად იმ სამშენებლო კომპანიაში (ბლოკ ჯორჯია) ვმუშაობდი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ატარებდა,” – ამბობს ის.
მისი თქმით, დევნილები ფოცხოდან, პირველ რიგში, უმუშევრობას გაექცნენ. როდესაც ვეკითხები არსებობს თუ არა რამე გეგმა რომ დევნილებისთვის ან სამუშაო ადგილი შეიქმნას, ან რაიმე გზით გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, გამგებელი მპასუხობს, რომ ფოცხოში ტურისტული პოტენციალი უნდა გაიზარდოს და ასეთი პროექტიც გამზადებულია.
„ ენგურს კულტურული მემკვიდეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და, როგორც მითხრეს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აკეთებს ძალიან საინტერესო პროექტს, რომელიც ერთი არის კოლორადოში მეორე იქნება ჩვენთან ენგურზე. ჯამპინგები, იახტკლუბი, საკონცერტო სივრცე, 3 წლიანი პროექტი იქნება, რომელიც დაახლოებით 45 მილიონი დოლარი ჯდება. შეიძლება ამ ხალხის დასაქმებაც მოხდეს… ტურისტული პოტენციალი რომ გაიზრდება, ფოცხოზეც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.“-ამბობს გამგებელი.
დაფინანსების წყაროთი ვინტერესდები. ბესიკ ფარცვანია ამბობს, რომ დაფინანსებაზე საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოცხადდეს.
—მეოთხე დღე ფოცხოში. ეს უსახელო ქუჩა ისეთი ცარიელი აღარ მეჩვენება. გარეგნულად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ჩემს გონებაში გაჩნდა ინფორმაცია რომ ამ საერთოსაცხოვრებლის ერთ ოთახში სერგო და დედამისი წვანან საწოლში რომ გათბნენ. მეორე საერთოსაცხოვრებელში პირველსართულზე ბოლო ბინაში ზურაა. ქუჩის გადაღმა ძველი სასტუმროს შენობა ცარიელია, მაგრამ როდესაც დაღამდება, მისი ერთადერთი ბინადარი, დაბრუნდება ჯვარიდან, სადაც ავტოსამრეცხაოში მუშაობს, ფეხით ჩამოივლის დაღმართს, გადმოვა ხიდზე და გრძელ აღმართს შეუყვება.
ეს 4 სართულიანი შენობაც აღარ იქნება ცარიელი, ვეღარ იტყვი რომ უკაცრიელია, მისი ერთადერთი მაცხოვრებელი ერთ ნათურას აანთებს და ასე დაიწყება მარტოობასთან ბრძოლა.
სანამ ფოცხო კოლორადოს დაემსგავსება, გამაყრუებელი სიჩუმე გადაუვლის ღამით ფოცხოეწერს და კანტიკუნტად ანთებული ნათურები იქნება ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ აქ ცხოვრება გრძელდება.