აზერბაიჯანში საქორწინო კონტრაქტები შესაძლოა აუცილებელი გახდეს
პარლამენტის დეპუტატები ამ გზით გაყრების რაოდენობის ზრდასთან ბრძოლას გვთავაზობენ
საქორწინო კონტრაქტების დადების აუცილებლობის შემოღება აზერბაიჯანის პარლამენტს დეპუტატმა სადიგატ ველიევამ შესთავაზა.
თუკი წინადადება გაივლის დღის წესრიგს, საპარლამენტო წაკითხვას და პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებულებას ხელს მოაწერს, მაშინ საოჯახო კოდექსში ცვლილებები შევა – „თუ ეს კონტრაქტი აუცილებელი გახდება, მაშინ გაყრების რაოდენობა შემცირდება“, – ამბობს ველიევა. აზერბაიჯანში გაყრების რაოდენობა სულ უფრო მატულობს და დეპუტატი ამას „პასუხისმგებლობის არარსებობას“ აბრალებს.
აზერბაიჯანის უფლებადამცველი ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში საქორწინო კონტრაქტები შეიძლება დამკვიდრდეს.
„თუ გავიხსენებთ, რაღაც მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობდა, თუმცა ეს დიდად არ გვსიამოვნებდა. მაგალითად, ეს გამოვლინდა პატარძლის მზითევის – „კალიმის“ სახალხოდ აღწერის სახით. საქორწინო ხელშეკრულებები შარიათის კანონშიც არსებობს. ამ დროს საჭიროა კომპენსაციის (მხარი) გადახდა, თანაც – წინასწარ შეთანხმებულის. კომპენსაცია ცოლის ინიციატივით გაყრის შემთხვევაშიც გათვალისწინებულია“, – ამბობს ის.
„სინამდვილეში, იმ საქორწინო კონტრაქტების საშუალებით, რომლებიც ირანის მსგავს მუსლიმურ ქვეყნებში იდება, თუკი მხარეები მათ შედგენას ყურადღებით მოეკიდებიან, ურთიერთპრეტენზიების დიდი ნაწილის თავიდან აცილება შეიძლება. ასე რომ, ჩვენს უახლოეს წარსულსა და მეზობლებში არსებობს პრეცედენტები, რომლებსაც შეუძლიათ პასუხი გასცენ იმ მითს, თითქოს საქორწინო კონტრაქტი ევროპელების მიერ ახლახან გამოგონილი რამაა“, – უთხრა ზეინალოვმა ინტერვიუში გაზეთ „ექოს“.