,,პალმეს ცენტრი“ პირველ დამოუკიდებელ ანგარიშს აქვეყნებს და ყურადღებას დაუსრულებელი კონფლიქტის “დიდ ადამიანურ ფასზე” ამახვილებს" />

ადამიანის უფლებები აფხაზეთში: დღევანდელი სიტუაცია

,,პალმეს ცენტრი“ პირველ დამოუკიდებელ ანგარიშს აქვეყნებს და ყურადღებას დაუსრულებელი კონფლიქტის “დიდ ადამიანურ ფასზე” ამახვილებს

ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

ულოფ პალმეს სახელობის საერთაშორისო ცენრტმა გადაწყვიტა გაესაჯაროებინა თავისი ,,ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აფხაზეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სადავო ტერიტორიაზე“.

ანგარიში ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკომისიის ყოფილი საგანგებო მრჩევლის თომას ჰამემბერგის და სამხრეთ კავკასიის საკითხთა ექსპერტის, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორის მაგდალენა გრონოს მიერ ჩატარებულ საგულდაგულო კვლევასა და აფხაზეთში მათ რამდენიმე ვიზიტს ეფუძნება.

ანგარიშის მთავარი დასკვნა:

— გადაუჭრელი კონფლიქტი ძალზე უარყოფით გავლენას აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ასევე მძიმედ აისახება კონფლიქტის შედეგად გადაადგილებული პირების უფლებებზე.

— ეს კონფლიქტი დღემდე გრძელდება საქართველო-აფხაზეთის, საქართველო-რუსეთის დონეზე და მისი “ადამიანური ფაქტორი” საფუძვლიანი განსჯის საგანი უნდა გახდეს ყველა სამშვიდობო პროცესსა თუ დიალოგში.

— ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც კონფლიქტს საბოლოოდ მოაგვარებდა და მდგრადი მშვიდობის გარანტი იქნებოდა, შესაძლოა, გაკრვეული დრო კიდევ დასჭირდეს, მაგრამ ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია უკვე დღეს, ვიდრე კონფლიქტის ყოვლისმომცველი პოლიტიკური მოგვარება მოხდება.

ანგარიშის ავტორების რეკომენდაცია:

— ადამიანის უფლებების კუთხით აფხაზეთში აუცილებელად უნდა ხორციელდებოდეს საერთაშორისო მონიტორინგი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენდა არა მხოლოდ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ კონფლიქტის მოგვარების უფრო ზოგად კლიმატზეც კარგად აისახებოდა. ამ რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხები დღეს პოლიტიზებულია და ეს უნდა შეიცვალოს.

— აუცილებლად უნდა წახალისდეს პოლიტიკისაგან დაცლილი საფუძვლიანი დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო აღიარების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით.

ჰამემბერგისა და გრონოს ანგარიში ცხრა თვის განმავლობაში აფხაზეთში ჩატარებული კვლევის შედეგია. მათთვის ხელმისაწვდომი იყო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ყველა პირი კონფლიქტის ორივე მხარეს – ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები.

ეს ანგარიში პირველი მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციაზე ჩაატარეს.

,,ანგარიშზე ჩვენი მუშაობის პროცესში, ჩვენ აფხაზეთს ექვსჯერ ვეწვიეთ. პირველი მოსამზადებელი ვიზიტი 2015 წლის სექტემბერში იყო, შემდეგ ფაქტების დასადგენად 2016 წლის მაისი-დეკემბერში აფხაზეთში კიდევ რამდენჯერმე ჩავედით. ყოველ ჯერზე იქ თბილისის გავლით ჩავდიოდით. გვქონდა შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მოქალაქეთა ფართო წრესთან როგორც ერთ, ისე – მეორე მხარეს. ჩვენი მიზანი იყო, გავსაუბრებოდით ცალკეულ პირებს თუ ჯგუფებს, რომელთაც შეეძლოთ მოეცათ რელევანტური ინფორმაცია იმ პრობლემებისა თუ ძალისხმევების შესახებ, რომლებიც ადამიანის უფლბებს უკავშირდება. ეს ხდებოდა პოლიტიკური პოზიციებისგან დისტანცირებულად. კვლევების მასშტაბი ანგარიშის შესავალ ნაწილშია აღწერილი,’’ – ამბობენ კვლევის ავტორები. 

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემებს ეთმობა.

კვლევა ევროკავშირის მიერაა ინიცირებული. მისი პირველი, ადრეული ვარიანტი მხოლოდ პროცესში ჩართულ, დაინტერესებულ პირებსა და დიპლომატიურ წრეების წარმომადგენლებს გადაეგზავნა. თუმცა, კვლევის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, ავტორებმა “პალმეს ცენტრს” მისი გასაჯაროების უფლება მისცეს.

,,პალმეს ცენტრმა“ ამ ანგარიშის სრული და განახლებული ვერსია გამოაქვეყნა.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამშვიდობო პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ფორმატშიც.

ანგარიშის სრული ვერსიის წაკითხვა შეგიძლიათ აქ.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მათთან დაკავშირება შეიძლება ამ მისამართზე: [email protected] 

თომას ჰამემბერგი არის ევროკავშირის ყოფილი საგანგებო მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, მანამდე ის ულოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრის გენერალურ მდივანი იყო. მაგდალენა გრონო, რომელიც ახლა საერთაშორისო კრიზისების ჯგუფში მუშაობს, ადრე პოსტსაბჭოთა კონფლიქტებს იკვლევდა, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას.


ასევე წაიკითხეთ