წიწილები ფეხზე დგებიან
უკვე 13 წელია, რაც ლორეტა გასპარიანის ყველა დღე ერთნაირად იწყება – იგი მეფრინველეობის ფაბრიკაში ვრცელი დარბაზის გრძელ რიგებს შორის დადის. გარშემო ბევრი კონდიციონერი გუგუნებს, რაც ოდნავ თუ ახშობს წიწილებს ხმას. ლორეტა რიგებს მიუყვება და მკვდარ, ან გონდაკარგულ წიწილებს ეძებს. ასეთია მისი ყოველდღიური რუტინა.
წიწილები აქეთ-იქით დაფუთფუთებენ. ზოგჯერ მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იატაკი არ ჩანს.
მეფრინველეობის ფაბრიკას, რომელშიც ლორეტა მუშაობს, “ლუსაკერტი” ჰქვია. ეს საწარმო მარტუნიში მდებარეობს. ლორეტა 4 საფრინველედან ერთ-ერთში მუშაობს. ფაბრიკის დირექტორია ბორის დოლუხანიანი. მისი თქმით, საწარმო ჯრჯერობით სრული დატვირთვით არ მუშაობს – ექვსი საფრინველედან მხოლოდ ოთხია სრულად დატვირთული (თითოეულში 25 ათასი ფრინველი თავსდება).
“ლუსაკერტის” პროდუქცია დიდი მოთხოვნით სარგებლობს. დღეს აქ 20 სახეობის პროდუქტი იწარმოება: “პოლიეთილენის პარკებში, თეფშებზე, ან ნაჭრებად… ბარკლები, მკერდის ხორცი, ზურგი და კისერი, შიგნეულობა, ნახევარფაბრიკატები, პელმენები, კოტელეტები, შებოლილი ქათამი და სხვა,” – აღნიშნავს ფაბრიკის დირექტორი.
ადგილობრივი დიასახლისები იმიტომ აფასებენ “ლუსაკერტს”, რომ მხოლოდ მათთან შეიძლება ახალი, გაუყინავი ქათმის შეძენა.
“მხოლოდ გაუყინავი პროდუქტი შეესაბამება მის რეალურ წონას,” – განმარტავს სტეფანაკერტის მკვიდრი, კარინე პეტროსიანი.
“ლუსაკერტის” წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის “მთიანი ყარაბაღის სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ფონდს”, რომელიც რეგიონში, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის განვითარების მიზნით, რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ფონდი საკონკურსო წესით ირჩევს მეურნეობებს. შერჩევის პროცესში ყურადღებას იქცევს, თუ რამდენად გამართულია ამათუიმ ფერმაში კონდიცირების სისტემა, არის თუ არა აგებული ყველა საჭირო ნაგებობა და ა.შ. წარმატებული კანდიდატებისთვის ფონდი შეღავათიან კრედიტებს გამოყოფს.
როგორც წესი, ყარაბაღული მეფრინველეობის მეურნეობები ფრინველების საკვების მოსამზადებლად ადგილობრივ პროდუქტებს იყენებენ. სხვა საწარმოო საშუალებებს კი “ლუსაკერტი” საქართველოში და ირანში ყიდულობს. “საქართველოდან საინკუბაციო კვერცხებს ვყიდულობთ, რაც 100-200 დრამი გვიჯდება (დაახლოებით 40 ცენტი), ირანიდან კი ერთი დღის წიწილები ჩამოგვყავს. თითოეულის ფასი დაახლოებით 240-250 დრამია.
საინკუბაციო კვერცხი “ლუსაკერტისთვის” ნახევარფაბრიკატს წარმოადგენს. 22 დღის შემდეგ მისგან წიწილა გამოიჩეკება. კიდევ 55 დღის შემდეგ კი, სამწუხაროდ, ხორცად შეიფუთება და მაღაზიაში გაიგზავნება. წიწილები ორ თვეში ერთხელ იჩეკებიან. ჩვეულებრივ, ყოველთვიურად 45-50 ათასი ქათამი იკვლება, ზაფხულში – ცოტა უფრო ნაკლები.
ფერმაში 130 ადამიანი მუშაობს. კიდევ 30 – საფირმო მაღაზიებშია დასაქმებული. სტეფანაკერტში უკვე 8 საფირმო მაღაზია მოქმედებს. ერთი ასეთი მაღაზია ზანგეზურშიც არის. აქ დასაქმებულების საშუალო ყოველკვირეული ხელფასი 60-80 ათასი დრამია (125-170 დოლარი).
მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა და მაღაზიებში დიდი რაოდენობით იყიდება, ფერმის დირექტორი აღნიშნავს, რომ საწარმოს, ფაქტობრივად, არ აქვს მოგება. “შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად მოგების გარეშე ვმუშაობთ. სავალუტო რყევების შედეგად 7-8 მილიონი დრამის ზარალი ვნახეთ. ბუნებრივი აირი 17-18 დრამით გაძვირდა, და შედეგად, ხარჯი მილიონზე მეტი დრამით გაგვეზარდა,” – ამბობს ფერმის დირექტორი. ფაბრიკის ადმინისტრაციას პროდუქტის ფასის 50 დრამამდე მომატება და რესურსების დაზოგვის გეგმის შემუშავება მოუხდა. თუკი ინვესტიციები განხორციელდა, მომდევნო წლიდან ფერმას ფრინველების ექსკრემენტებისგან დამზადებული სპეციალური ბრიკეტებით გაათბობენ.
ყარაბაღის ბაზარზე ფაბრიკა “ლუსაკერტის” პროდუქციასთან ერთად იმპორტული საქონელიცაა წარმოდგენილი. თუმცა, როგორც გამყიდველების უმრავლესობა ამტკიცებს, მოსახლეობა ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას.
“ჩვენი პროდუქცია ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე იყიდება. ამას გარდა, ჩვენს ქათამს სომხეთშიც ყიდულობენ. ამ მხრივ, აღსანიშნავია ზანგეზურის რეგიონი – მერღი, გორისი, კაპანი… აგარაკამდე,” – აღნიშნავს ბორის დოლუხანიანი.
თუმცა, “ლუსაკერტისთვის” ეს საბოლოო ზღვარი არ არის – მომავალში ბაზრის გაფართოებას და მსახვილ სომეხ მეწარმეებთან კონკურენციას გეგმავენ.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო