შურისძიება და მოგება
კონფლიქტის ზონაში არსებულ მოვლენათა მიმოხილვა 9 აპრილიდან 11 აპრილამდე
ფოტო: ნურან მამედოვი, ბაქო. გარდაცვლილი თებრიზ მუსაზადეს ვაჟი მამას ემშვიდობება
ინფორმაცია ბაქოდან
დადასტურებული წყაროს ცნობა
დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა სამხედრო ძალებმა ბოლო დღეების განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 117-ჯერ დაარღვიეს.
გუშინ, 10 აპრილს ‘წითელი ჯვრის შუამდგომლობით, სამხედრო მოქმედებებში ჩართულ მხარეებს შორის გარდაცვლილთა გვამების გაცვლის პროცესი დასრულდა.
ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილი სამხედროების რაოდენობა არ შეცვლილა და 31 ადამიანს შეადგენს.
თუმცა, სამხედრო კვლევების ცენტრი ‘ხაზარი’ სხვა რიცხვს ასახელებს. ამ ორგანიზაციის მონაცემებით დაღუპულია 93 ადამიანი.
Meydan TV-მ დაღუპულების საკუთარი სია გამოაქვეყნა, რომელშიც 87 ადამიანი სახელდება.
პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა მედიას განუცხადა, რომ არსებობს რეგიონში თანამშრომლობის ახალი ვარიანტები და ‘სამმხრივი ფორმატები აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთი და აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შეიქმნა.’
გერმანიამ, შეთავაზების სახით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შვიდპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.
სააგენტო АПА აცხადებს, რომ მათ თხოვნას, განემარტათ, თუ რას გულისხმობს ეს დოკუმენტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი პასუხი გასცა: ‘გერმანიის მიერ შემოთავაზებული გეგმის საფუძველია: ცეცხლის შეწყვეტა, დიალოგის ინიციაცია, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოქმედების ინტენსიფიკაცია და… ხანგრძლივი ზავის დადების მიზნით, მოლაპარაკებების დაწყება.’
АПА-ს განცხადებით, ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის წარმომადგენელმა არდებილის ოლქში, სეიიდ ჰასან ამილიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და აღნიშნა, რომ ირანელები მზად არიან, იბრძოლონ ყარაბაღისთვის. ‘ეს ტერიტორია ისლამური სამყაროს ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს.’
9 აპრილს პარიზში, სომხეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. АПА-ს მონაცემებით, მომიტინგეებს 20 ნიღბიანი ექსტრემისტი დაესხათ თავს. თავდასხმა პოლიციამ მოიგერია. დაშავებულებს დახმარება აღმოუჩინეს.
სოციალური ქსელების მიმოხილვა
პირველი ტრენდი: ამაო მსხვერპლი.
‘მხოლოდ განსაკუთრებული დანიშნულების ჯგუფებს ეძლევათ ბრძანება, რომ მტრის ზურგში, 100-150 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ. ასეთი დავალება აუცილებლად ლეტალური შედეგით დასრულდებოდა. ათი კილომეტრითაც კი არ წაგვიწევია წინ და უკვე 93 დაღუპულის სახელი გვაქვს. როგორც ჩანს, ჩვენს ჯარისკაცებს პირდაპირ ტყვიაზე აგზავნიდნენ. რა სიმდაბლეა! რა სისასტიკეა! ვის სჭირდება ეს 3-4 გორაკი, რომელიც 93 შაჰიდის სისხლითაა მოპოვებული! 93 ადამიანის დაღუპვის ფასად შეეძლოთ, ერთი რაიონი მაინც გაეთავისუფლებინათ. თქვენ სასურველს მიაღწიეთ – ადამიანებს გლოვა შეჰყარეთ და კორუფციული სკანდალი აირიდეთ თავიდან. ყველა თქვენგანი – პრეზიდენტ ილხამ ალიევის მეთაურობით და მსხვილფეხა რქოსანი ჩინოვნიკების ჩათქვლით – სამუდამო პატიმრობას იმსახურებთ. წყეულიმც იყავით.’
იმავე თემაზე დაწერილი სტატიები „რადიო თავისუფლებისა“ და „ბიბისის“ აზერბაიჯანული სამსახურის ვებგვერდებზეც გამოჩნდა.
‘კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ვის სჭირდება მიწის გამო დაწყებული ეს ომები? რად უნდათ ეს ომი თორმეტსაათიანი სამუშაო დღის პატრონ, ლუკმა პურისთვის მომუშავე ჩემნაირ ადამიანებს? მაპატიეთ, მაგრამ მე თბილ საწოლში მინდა მოვკვდე, და არა ომში.’
მეორე ტრენდი: არა ‘ყვავილების დღესასწაულს!’
10 მაისს აზერბაიჯანში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება ‘ყვავილების დღესასწაული’. იდგმება ყვავილების უზარმაზარი სკულპტურები და ეწყობა სახალხო სეირნობები.
ფოტო: Azpress.az, 2015
10 მაისს ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეც არის. ფეისბუკის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ გარდაცლილი ჯარისკაცების გლოვის მიუხედავად, საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები მაინც დაიწყო და საპროტესტო მოძრაობა ჩამოაყალიბეს. ორგანიზატორები ადამიანებს მოუწოდებდნენ, ‘ყვავილების დღესასწაულისთვის’ ბოიკოტი გამოეცხადებინათ, და მსურველებს საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა.
ღონისძიებას 11 ათასი ხელმომწერი ჰყავდა, მაგრამ ახლა ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა. 9 აპრილს გამოცხადდა, რომ წელს ‘ყვავილების დღესასწაული’ არ ჩატარდება.
მესამე ტრენდი: ჩვენ გავიმარჯვებთ, მტერს დაღუპულების სისხლს არ შევარჩენთ.
‘მთავარია, რომ ამერიკა და რუსეთი მიხვდნენ, რომ აზერებაიჯანი სომხეთზე ძლიერია. რამდენიც იქნება საჭირო, იმდენს ვიომებთ მათთან.’
ექსპერტთა შეფასებები
პოლიტიკური მიმომხილველი ნიჯათ მელიქოვი Meydan TV:
‘არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არაადეკვატური სახელმწიფოა. ამის მოწმენი ვიყავით მეფის რუსეთის დროსაც, და საბჭოთა პერიოდშც. ჩვენ ვნახეთ რუსეთის პოლიტიკური ელიტის სახელმწიფო იდეოლოგიის მზაობა, ეკონომიკური ინტერესებისთვის მიეყენებინათ დარტყმა. უკრაინის, ყირიმის მოვლენების დროს ვიხილეთ, თუ როგორ ექსტაზში ჩავარდნენ რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები, რუსული ტელეარხები და რუსული ელიტა. ასევე, ძნელია ვილაპარაკოთ რუსეთის პრეზიდენტის სრულიად გააზრებულ ქმედებებსა და ნაბიჯებზე, ამიტომ ძნელი სათქმელია, რა მოხდება ხვალ.
უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ არც ირანის ფაქტორი, რომელიც ბოლო დროს ეკონომიკის მხრივ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თეოკრატიულ-იდეოლოგიური სახელმწიფოა. პრობლემა ირანში მდებარე სამხრეთი აზერბაიჯანის პროვინციაში უნდა ვეძებოთ. მე ვნახე 2-5 აპრილს თებრიზში გადაღებული კადრები, სადაც ჩვენს მხარდასაჭერად დემონსტრაციები გაიმართა. თეირანმაც ნახა.
კიდევ ერთი მომენტი – ამ მოვლენების დროს ირანის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა. თეირანმა ერევანი გააფრთხილა, რომ თუკი მომავალშიც გაგრძელდებოდა მსგავსი ქმედებები, ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობები შეიცვლებოდა. შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია, გვაქვს ერთგვარი წარმატებებიც, მაგრამ გამოვიყენებთ თუ არა ამ უპირატესობებს, მოგვცემენ თუ არა ამ მდგომარეობით სარგებლობის საშუალებას, სხვა საკითხია.’
ხანკუკის (სამხრეთი კორეა) რეგიონმცოდნეობის უნივერსიტეტის დოცენტი, როვშან იბრაჰიმოვი:
‘უკანასკნელი ოპერაციის შედეგად მიღებული დაუგეგმავი დივიდენდები იზრდება. პირველ რიგში, შეიცვალა მსოფლიოს დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ, რაც მასთან ურთიერთობისას განმცხადებელთა რიტორიკაშიც აისახა. ახლა განცხადებებს აზერბაიჯანული აღქმის პოზიციიდან აგებდნენ, რაც მანამდე არ ხდებოდა – ვიდრე დაბალანსებული მიდგომა გაჩნდებოდა და ოკუპანტსა და დაზარალებულს შორის განსხვავებას აღიარებდნენ.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რუსეთი სიტყვიერი შეშფოთებით შემოიფარგლა, ირანმა კი საერთოდ დუმილი არჩია. ამასთან, ბელარუსის, საქართველოსა და ყაზახეთის ხელმძღვანელებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს. აზერბაიჯანის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთეს პაკისტანმა, თურქეთმა და საუდის არაბეთმა. აზერბაიჯანისათვის სოლიდარობის გამომხატველი გამოსვლა ჰქონდა ისრაელსაც, ევროსაბჭოს საპარლამენტო კომისიამ კი ოკუპანტების ჯარებს მთიანი ყარაბაღის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამის შემდეგ უარესი მოხდა – ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების – ყაზახეთის, ბელარუსისა და ყირგიზეთის ლიდერებმა ერევანში გასამართ სამიტზე წასვლაზე უარი თქვეს.
რუსეთს არ გაუუქმებია საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვისა და პრემიერმინისტრ მედვედევის ბაქოში დაგეგმილი ვიზიტები, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო. თუმცა, მოლაპარაკებები, ძირითადად, ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხებოდა.’
ინფორმაცია ერევნიდან
დადასტურებული წყაროს ცნობა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, დღეს ღამით და დილით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთზე უწესრიგო სროლები აღინიშნა. სულ 17-ჯერ ისროლეს. გამოიყენებოდა ცეცხლსასროლი იარაღი (მათ შორის, მსხვილკალიბრიანი) და ნაღმმტყორცნები. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, სომხეთის არმიის მოწინავე ქვედანაყოფებმა ‘თავშეკავება გამოავლინეს.’
მთიან ყარაბაღთან გამყოფ ზოლზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ზოგიერთ უბანზე ცეცხლის შეწყვწეტის შეთანხმება ირღვეოდა. კერძოდ კი აზერბაიჯანის მხრიდან აღინიშნა სროლები სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით. ისროლეს 60 მმ კალიბრის ნაღმმყორცნებით (სულ ორი ნაღმი) და AH -17-ის ტიპის ყუმბარმტყორცნებით (სულ 14 ჭურვი). მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ‘საპასუხო ქმედებებისგან მეტწილად თავს იკავებდნენ.’
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ისიც აღნიშნა, რომ ‘მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დღევანდელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის მხარეს გამყოფი ზოლის მიდამოში გარდაცვლილთა გვამების ძიების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა.’
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ერთი მოსამსახურის ბედი გაურკვეველი რჩება. მისი ძებნის პროცესში სომხეთის მხარეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაც ეხმარება.
ათ აპრილს ერევანში მდუმარე მსვლელობა გაიმართა. პროცესიის მონაწილეები ყვავილებითა და სანთლებით ერევნის ცენტრიდან ქალაქის გარეუბნისკენ – ერაბლურისკენ დაიძრნენ. ერაბლური ის ადგილია, სადაც ყარაბაღის ომის მონაწილე სომეხი გმირები დაკრძალეს.
ფეისბუკში შექმნილია გვერდი, რომელიც 2 აპრილს განახლებული სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპულ ადამიანებს ეძღვნება. ამ გვერდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმროს და თანადგომა გამოუცხადოს დაჭრილებსა და იმ ადამიანებს, რომელთა ახლობლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
9-10 აპრილს, სტეფანაკერტსა და ბაქოში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ერევანში იმყოფებოდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან დიპლომატებს უამრავი ადამიანი დახვდათ, რომლებიც არწახთან ერთობის აღმნიშვნელ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და აზერბაიჯანის ხელისუფლების მამხილებელი პლაკატები ეკავათ. დემონსტრანტები მთიანი ყარაბაღის აღიარებას ითხოვდნენ.
სომხეთის ხელმძღვანელობასთან გამრთული მოლაპარაკების შემდეგ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა პრესკონფერენცია მოაწყვეს. ერევანში ელოდნენ, რომ მინსკის ჯგუფის წევრები გააკრიტიკებდნენ აზერბაიჯანს, როგორც გამყოფ ზოლზე სამხედრო მოქმედებების დამწყებს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
რუსმა თანათავმჯდომარემ, იგორ პოპოვმა აღნიშნა, რომ მათ მანდატში ‘არ შედიოდა იმის გამოკვლევა, თუ ვინ დაიწყო პირველმა და ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი’. მათი ამოცანა იყო, მხარეებს სიტუაციის სტაბილიზაციაში დახმარებოდნენ და ‘მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვათ.’
კონფლიქტის დარეგულირებაზე მსჯელობისას თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ახალი დოკუმენტი არ არსებობს და მოლაპარაკებების მაგიდასთან იმ წინადადებებზე საუბრობენ, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილება. პოპოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წინადადებები სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა:
• ძალის არგამოყენებას;
• ერების თვითგამორკვევის უფლებას;
• ტერიტორიულ მთლიანობას.
გარდა ამისა, პოპოვის თქმით, გეგმის ექვსი ელემენტიდან ორი (ტერიტორიების დაბრუნება და ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა) ჯერ კიდევ აქტუალურია. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ‘ეს ორი პრინციპი უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთი მთლიანი, და ერთი მეორეს წინ არ უნდა დააყენონ.’
ჟურნალისტებთან საუბრისას თანათავმჯდომარეებმა დაადასტურეს, რომ გარკვეულ ეტაპზე ყარაბაღი მოლაპარაკების პროცესს უნდა დაუბრუნდეს.
მათ შეშფოთება გამოთქვეს ადამიანის უფლებათა შელახვის იმ ფაქტებზე, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში აღინიშნა. ‘ჩვენ ვნახეთ ფოტოები და მომხდარის შესწავლა ‘წითელი ჯვრის’ წარმომადგენლებს დავავალეთ. ეს საკითხი ჩვენი ყურადღების მთავარ ობიექტს წარმოადგენს’, – განაცხადა ამერიკელმა თანათავმჯდომარემ, ჯეიმზ უორლიკმა.
შუამავლებმა განაცხადეს, რომ საკითხის განხილვას საკუთარ დედაქალაქებში გააგრძელებენ და დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კიდევ შეიკრიბებიან, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში დაბრუნდებიან.
პრესკონფერენციის შემდეგ ერევნის ცენტრში საპროტესტო მიტინგი ჩატარდა. შეკრებილები საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ კი ეუთო-ს მინსკის ჯგუფს, სთხოვდნენ, მხარეებს შორის ტოლობის ნიშნის დასმისგან თავი შეეკავებინათ.
გევორგ ყაზარიანის ფოტო
9 აპრილის საღამოს პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისა და სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის შეხვედრა გაიმართა. როგორც ქვეყნის მეთაურის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პირისპირ საუბრის ინიციატორი სომხეთის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელმაც სარგსიანი თავის კერძო სახლში მიიღო. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი მხოლოდ ბოლო დროს მომხდარ სამხედრო ესკალაციას, მოლაპარაკებების პროცესსა და ამ გამოწვევების წინაშე საერთოეროვნული ერთობის აუცილებლობას შეეხო.
ერევნის ცენტრში გაიმართა ღია საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით ‘ჩემს ჯარისკაცთან’, რომელშიც სომხეთის ეროვნული ფილარმონიის ორკესტრი, ეროვნული აკადემიური კაპელა და არა გევორქიანის ეროვნული ინსტრუმენტების ანსამბლი მონაწილეობდნენ. 1,5-საათიანი კონცერტის დროს შეგროვებული თანხა სამხედრო მოქმედებების დროს დაზარალებული შვიდობიანი მოქალაქეებისა და დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად გადაიგზავნება. ასევე, თანხის ნაწილი დანგრეული შენობა-ნაგებობებისა და სხვა კონსტრუქციების აღდგენასაც მოხმარდება.
სოციალურ ქსელებში
პირველი ტრენდი: რუსეთი უწესოდ თამაშობს.
ფეისბუკის სომეხი მომხმარებლები რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრის განცხადებას განიხილავდნენ. მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვაზე უარი სიტუაციას არ გააუმჯობესებს და მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს, რადგან ‘ეს ადგილი ცარიელი არ დარჩება – სხვა ქვეყნებისგან იყიდიან იარაღს და ეს იმ იარაღის მომაკვდინებელ ძალას არ შეამცირებს.’
‘როგოზინი წერს: ‘აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან.’ პრინციპში მართალია: უბრალოდ, აზერბაიჯანი თავდასხმითი ხასიათის სტრატეგიული პარტნიორია, სომხეთი კი – თავდაცვითი.’
‘ ბარემ ატომური ბომბიც მიჰყიდეთ აზერბაიჯანს, კარგად გადაგიხდით, თან – ნაღდი ფულით.’
მეორე ტრენდი: სომხეთს მოკავშირეები არ ჰყავს.
‘არსებობს ერთი მარტივი ჭეშმარიტება – ჩვენ არ გვყავს მეგობრები. ვერავის დავყრდნობით და იმედებს ვერავის დავუკავშირებთ. მარტო ვართ და სწორედ ესაა ჩვენი უპირატესობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ვწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ.’
მესამე ტრენდი: აზერბაიჯანულ მედიას მოსახლეობა მიზანმიმართულად და მეთოდურად შეჰყავს შეცდომაში.
‘აზერბაიჯანული პრესა თავის ხალხს მორიგი გამარჯვებებით ახარებს. ახლა მათ ფიზული აიღეს. ველოდებით ფოტოებს აზერბაიჯანის არმიის მიერ გათავისუფლებული ლენინგრადიდან და სპეცდანიშნულების ბრიგადის მიერ ჩამქვრალი კრაკატაუს ვულკანიდან.’
სომეხი მომხმარებლები ამ ყალბ ფოტოს განიხილავდნენ:
‘ფეისბუკის’ სომხური ნაწილი განიხილავდა აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებულ სტატიასაც, რომელშიც ცნობილი ტელეწამყვანი ნაზენი ოვანისიანი წარმოდგენილია, როგორც ‘სნაიპერი ქალი’.
‘ნუთუ შეიძლება ცნობილი ჟურნალისტის, ნაზენი ოვანისიანისთვის სნაიპერობის დაბრალება ახლა, როდესაც ასე ადვილია ნებისმიერი ინფორმაციის ინტერნეტში გადამოწმება? აზერბაიჯანული პროპაგანდა ქვის ხანის მომხმარებელზე აკეთებს ორიენტაციას.’
მეოთხე ტრენდი: უნდა დავიცვათ სომეხი მომხმარებელი დეზინფორმაციის გამავრცელებელი აზერბაიჯანული საიტებისგან.
‘ვხვდები, რომ ეს კანონს არ შეესაბამება, მაგრამ თუკი ამ ვებგვერდებს რეალური ზიანი მოაქვს, იქნებ მივმართოთ ყველა პროვაიდერს, რომ ეს გვერდები სომხეთის ტერიტორიაზე დაბლოკონ?’
მეხუთე ტრენდენცი: სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ყველაზე ღირებულ ინფორმაციას დოკუმენტური კადრები შეიცავს.
‘ფეისბუკის’ მომხმარებლები ‘სტუდია ბარს მედიას’ მიერ მომზადებულ ფილმს აზიარებდნენ.
‘აი, ასე უნდა წარმოადგინო ფრონტზე შექმნილი მდგომარეობა, ასე უნდა უამბო მაყურებელს არმიისა და სამხედრო მოქმედებების შესახებ. რეალობის წარმოსაჩენად ადამიანები, ნამდვილი მოქმედი პირები უნდა აჩვენო.’
მეექვსე ტრენდი: ჰენრიხი ჩვენთანაა.
ფეხბურთის მოყვარულები დორტმუნდის ‘ბორუსიის’ ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის მიერ ‘ლივერპულთან’ მატჩის შემდეგ ფეისბუკში გაკეთეთებულ უკანასკენელ ჩანაწერს აზიარებდნენ: ‘დღეს, თამაშის დროს მხოლოდ ჩემს სამშობლოზე ვფიქრობდი Armenia.’
ფეხბურთის მოყვარულებმა შენიშნეს, რომ მხითარიანი მოედანზე სომხეთის დროშის ფერებში გაწყობილი სამკლაურით გავიდა.
ექსპერტთა შეფასებები
მიმომხილველ აკოფ ბადალიანის სტატიიდან, რომელიც Lragir.am-ზე გამოქვეყნდა:
‘ორიოდე კვირის წინ რუსულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს იმ შეიარაღების ჩამონათვალი, რომელიც [სომხეთს] უნდა გადასცემოდა. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანი საპროტესტო ნოტით გამოვიდა, რომელშიც რუსეთისგან იმის გარანტიას ითხოვდა, რომ აღნიშნული იარაღი აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული.
ვიდრე პუტინი ალიევს ორჯერ არ ესაუბრა ტელეფონით, რუსეთი რამდენიმე დღის განმავლობაში დუმდა. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა განცხადება. ზახაროვას თქმით, მას იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანი ‘გაგებით მოეკიდება’ ამ საკითხს, რადგან რუსეთმა სომხეთის წინაშე მოკავშირის ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ზახაროვამ ისიც აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდებისას ისინი რეგიონში ძალთა ბალანსის დაცვის ამოცანას ითვალისწინებენ.
ეს ბაქოსთვის მიცემული აშკარა გარანტია იყო. ფაქტობრივად, რუსეთმა აზერბაიჯანს მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა და, ამასთან, სომხეთისთვის რაიმე გარანტია არ მიუცია, მაგრამ იმის მოლოდინი აქვს, რომ აზერბაიჯანი გაუგებს.
რუსეთმა აშკარად უთხრა აზერბაიჯანს, რომ შეუძლია, არაფერზე ინაღვლოს, რადგან სომხეთისათვის იარაღის მიწოდების შეთანხმებები ბაქოს ნერვიულობის საბაბს არ აძლევს.
ბაქოში კარგად გაიგეს რუსეთის მხარის გზავნილი. მიხვდნენ, რომ სომხეთს იარაღი არ მიუღია და არც მიიღებს. ეს ინფორმაცია აზერბაიჯანს რუსეთის ვიცეპრემიერმა როგოზინმა გადასცა ბაქოში ვიზიტის დროს. აზერბაიჯანმა რუსეთისგან სომხეთისათვის თანამედროვე იარაღის არმიწოდების გარანტია მიიღო და, შესაბამისად, შეტევისთვის დაიწყო მზადება.
რუსეთის მხარემ აზერბაიჯანს მისცა იმის გარანტია, რომ სომხეთის მხარე სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას მარტო ვერ გაუწევს. რუსეთმა აზერბაიჯანს აცნობა, რომ სომხეთს რუსული შეიარაღება არ მიუღია, რითაც ბაქოს ‘მწვანე შუქი’ აუნთო ბლიცკრიგის ჩასატარებლად.
რუსეთის ბოლო ქმედებები ადასტურებს იმას, რომ ეს იყო ერთად დაგეგმილი კამპანია, რომლის მიზანიც იყო – ‘ტერიტორიები, სამშვიდობოების სანაცვლოდ.’ ამ პროექტს ამერიკული გეგმის ჩანაცვლება შეეძლო. შეერთებულ შტატებს კონფლიქტის ზონაში მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა სურს.
რუსეთმა და აზერბაიჯანმა მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს – სომხეთის ადამიანური რესურსი. როგორც ჩანს, რუსეთში დიდი ხნის ანტისომხურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და მედროვე-ექსპერტებმა მეტროპოლია დაარწმუნეს, რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობის რესურსი ნულს გაუტოლდა.
რუსული პროპაგანდა ფაქტობრივად ‘მიზანს აცდა’, რადგან რუსულ-აზერბაიჯანული კამპანია (ყოველ შემთხვევაში, მისი ‘ელვისებურობა’ მაინც) ჩაფლავდა.
რუსულ-აზერბაიჯანული გეგმის მიხედვით, ბლიცკრიგს არწახის თავდაცვის ზღუდე უნდა გაერღვია, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა, რომ აზერბაიჯანმა რუსული იარაღით რამდენიმე ათეული სომეხი ჯარისკაცი მოკლა, რითაც სომხეთში რუსეთის პოზიციები შეასუსტა.’
სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ვაგრამ ტერ-მათევოსიანის სტატიიდან:
‘აუცილებლად უნდა მოეწეროს ხელი ახალ საზავო ხელშეკრულებას. 1994 წლის საზავო რეჟიმი ანაქრონიზმად იქცა, რომელიც 22 წლის წინათ სრულიად განსხვავებულ პირობებში დაიდო და სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ამის აღიარება არ სურდათ, აღნიშნულმა ზავმა ძალიან მალე ამოწურა თავი.
ამ ზავს ყავლი მაშინ გაუვიდა, როდესაც პირველი ჯარისკაცები დაიხოცნენ, როდესაც დივერსიული გასვლები ჩაატარეს და როდესაც სნაიპერების ომი არ წყდებოდა. მომლაპარაკებლების იმედები მხოლოდ მხარეების გონივრულობას ეფუძნებოდა.
სტეფანაკერტმა მოლაპარაკების მაგიდასთან კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს. ამას არა სომხური მხარის პრინციპულობა, არამედ კონფლიქტოლოგიის კლასიკური თეორია ითხოვს. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკება აზრს კარგავს. სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელები წელიწადში ერთხელ ხვდებიან, ერთმანეთს არამეგობრულად უყურებენ, დაჟინებით საუბრობენ აშკარა, ცხად გარემოებებზე და საკუთარ დედაქალაქებში შედეგის გარეშე ბრუნდებიან. კონფლიქტის მოგვარების უფლებამოსილება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს გადაულოცეს. მინსკის ჯგუფი კი პრეზიდენტების შეხვედრას მიღწევად მიიჩნევს. მოლოდინებსა და რეალობას შორის აშკარა სხვაობაა.
ამას გარდა, სომხეთის საელჩო რუსეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კულტურული კავშირები, სომხური წარმოშობის ცნობილი ადამიანები და მთლიანად სომხობა დღისით და ღამით უნდა გმობდეს აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვის ფაქტს. ბიზნესგარიგების ფორმით აზერბაიჯანის თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფა პარტნიორული ურთიერთობების ლოგიკაში არ ჯდება.’
JAMnews–ის დოსიე:
• JAMnews-ის მიერ მომზადებული 7 აპრილის მოვლენების მიმოხილვა, რომელსაც კონფლიქტის მხარეთა ოფიციალური წყაროები ავრცელებენ, ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ იძლევა პასუხს კითვაზე – თუ რომელმა მხარემ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, და რომელმა იმოქმედა საპასუხოდ. ამ კითხვას ჯერჯერობით ვერც საერთაშორისო წყაროები პასუხობენ.
• შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღის გამო, 1991 – 1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა დე–ფაქტო დამოუკიდებელ რესპუბლიკად არსებობს, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, მათ შორის – არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას მოითხოვს.
• ეუთო-ს მინსკის ჯგუფი – ეუთო-ს წევრი ქვეყნების კავშირი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გზების ძიების პროცესს ხელძღვანელობს, 1992 წელს შეიქმნა. 2016 წლის დასაწისიდან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან: იგორ პოპოვი (რუსეთის ფედერაცია), 2014 წლის ივლისიდან პიერ ანდრე (საფრანგეთი), და 2013 წლის 6 აგვისტოდან ჯეიმზ უორლიკი (აშშ). მინსკის ჯგუფში შემდეგი ქვეყნებია წარმოდგენილი: ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთი და თურქეთი, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი.
სტატიაში გამოთქმული აზრები და გამოთქმები, ასევე ტერმინოლოგია, მხოლოდ ავტორს ეკუთვნის, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.
გამოქვეყნებულია 11.04.2016