ყურძენი ნახევარ ფასად
მეღვინეობით განთქმულ სომხეთში ყურძენი საკრალური ხილია. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ეს სფერო აღარ არის შემოსავლიანი და ყოველ წელს სულ უფრო იზრდებს მის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. კრიზისის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ არ არის გამორიცხული, სომხური მევენახეობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა საერთოდ დაიკარგოს.
გასაგები ენით აუხსნას ვინმემ
ალაშკერტის მკვიდრი, არარატ მოვსისიანი სოფლის მეურნეობის ტექნიკასა და 4 ჰექტარის ფართობის მიწას ფლობს. იგი უკვე 25 წელია, რაც ოჯახთან ერთად მიწათმოქმედებითაა დაკავებული. ერთი შეხედვით მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ფული იშოვოს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ არარატმა კარგად იცის თავის საქმესთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი, ბოლო წლებში ის მხოლოდ ზარალს ნახულობს და ამიტომ ყოველ გაზაფხულზე ახალ კრედიტს იღებს ბანკიდან. უკვე მესამე წელია, ასე გრძელდება.
არმავირის რაიონში მოვსისიანების ოჯახის მსგავს მდგომარეობაში მევენახეობის კიდევ 8500 მეურნეობაა.
კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი სასუქის, ქიმიკატებისა და საწვავის გაძვირებაა. არც ისე დიდი ხნის წინათ, როდესაც ეს ყველაფერი 2-3-ჯერ იაფი ღირდა, მოსავლიან წელს სომეხ მევენახეს ერთი ჰექტარიდან 1 მილიონი დრამის შემოსავლის მიღება შეეძლო. დღევანდელი კურსით ეს, დაახლოებით, 2 ათასი დოლარია.
არარატ მოვსისიანი ბრაზობს, რომ ქვეყანაში არ არის მცოდნე აგრონომი, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ყურძნის რეალურ თვითღირებულებას დაუთვლის. “ვინმემ უნდა აუხსნას ხელისუფლებას, რომ ყურძნის ფასში ვაზის ჩარგვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯები, საწვავი, მიწის გადასახადი და ამ ყველაფრისთვის აღებული კრედიტის პროცენტიც შედის!”
ფასზე ვერ შეთანხმდნენ
სახელმწიფოს, ფერმერებსა და ღვინის მსხვილ კომპანიებს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმაზე, თუ რა ფასი უნდა ჰქონდეს ყურძენს, რამდენი უნდა იწარმოოს და როგორ უნდა გამოვიდეს კრიზისიდან ეკონომიკის ეს სფერო. აღსანიშნავია, რომ ყურძნის ტექნიკური სახეობების ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით, 1,5ჯერაა შემცირებული, სუფრის ყურძენის ფასი კი ბაზრის ფასზე 3-4ჯერ უფრო დაბალია.
ეს იმიტომ ხდება, რომ ფასებს ყურძნის შემსყიდველი კომპანიები კარნახობენ. სახელმწიფო ამ პროცესში არ ერევა. ჩასაბარებელი ყურძნის ფასი საბაზრო ფასზე ერთ-ნახევარჯერ ნაკლები, ანუ 150 დრამია, რაც 30 ცენტს უდრის.
მაგალითად, ასეთ ფასად ყიდულობს ყურძენს კონიაკის მწარმოებელი ცნობილი კომპანია “არარატი”.
“გლეხები კმაყოფილები უნდა იყვნენ ამ ფასით, – განაცხადა ქარხნის დირექტორმა, იგორ არაქელიანმა, – წელს ხომ კარგი მოსავალი გვაქვს! ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქარხანას შეეძლო ფასი დაეწია, მაგრამ, ამის ნაცვლად, კეთილი ნება გამოვავლინეთ და ფასი არ შეგვიმცირებია.
უშაკერტის მკვიდრ ნორიკ ავეტისიანს ქარხანამ პატივი დასდო და მისგან 10 ტონა ყურძენი შეიძინა. ამ გარიგების საფუძველზე, ნორიკმა “არარატისგან” 1,5 მილიონი დრამი (3000 დოლარზე ოდნავ მეტი) მიიღო.
თუკი ამ თანხას სარწყავი წყლის, გაზაფხულზე აღებული კრედიტისა და ქიმიკატების ფასს გამოვაკლებთ, მაშინ გამოვა, რომ ოჯახის იმ წევრებიდან, რომლებიც ვენახში არიან დასაქმებულები, თითოეული თვეში დაახლოებით 15 ათას დრამს (30 დოლარს) გამოიმუშავებს.
იმედი, რომ პროდუქტი ექსპორტზე გავა: მცირე
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი თითქმის ორჯერ შემცირდა.
თუმცა, სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი მაინც მიიჩნევს, რომ ის ყურძენი, რომელსაც ღვინის კომპანიები არ იყიდიან (დაახლოებით 90 ათასი ტონა), შესაძლოა, ექსპორტზეც გავიდეს.
ან ადგილზე მაინც გაიყიდოს.
მევენახეების პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი ექსპორტის შემცირებაა.
ზემოაღნიშნული ორივე ამოცანა ერთობ რთული შესასრულებელია. ასეთი რაოდენობის ყურძნის სომხეთში რეალიზაცია ძალიან ძნელია. კიდევ უფრო რთულია იმის მტკიცება, რომ აღნიშნული პროდუქტი რუსეთში გაიყიდება. გლეხები მინისტრები არ არიან. ისინი ხედავენ, რომ რუბლი გაუფასურებას განაგრძობს და იმპორტიორების დიდი ნაწილი შესყიდვებისაგან თავს იკავებს.
მინისტრი არ იბნევა. ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ არის დრო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე დიდი დრო რჩება.