მაგიური სიმბოლოები და პოლიტიკური პორტრეტები - ყველაფერი აზერბაიჯანულ ხალიჩებზე
ადრე აზერბაიჯანში ამბობდნენ, რომ ადამიანს ხალიჩა დაბადებიდან სიკვდილამდე სდევს თან, და ეს სულაც არ იყო მეტაფორა… ბავშვები ყრმობიდანვე ხალიჩებზე თამაშობდნენ, ქალიშვილებს მზითევად ხალიჩებს ატანდნენ, ადამიანი მთელ ცხოვრებას ხალიჩების გარემოცვაში ატარებდა და სიკვდილის შემდეგ მის ცხედარს ხალიჩას აფარებდნენ. ამასთან, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანულ სახლებში არც სკამები ჰქონდათ, არც სავარძლები და არც დივნები – ამ ყველაფრის ნაცვლად ხალიჩებს იყენებდნენ.
როგორი ხალიჩები არსებობს
„დაბადების ადგილის“ მიხედვით, აზერბაიჯანული ხალიჩები ოთხ ჯგუფად (იგივე სკოლებად) იყოფა.
თავრიზის სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თავრიზი ირანის იურისდიქციაშია, ეს ქალაქი ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული და ადრე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე თურქული სახელმწიფოების დედაქალაქს წარმოადგენდა. თავრიზში აბრეშუმის მდიდრულ ხალიჩებს ქსოვდნენ. თავრიზული ხალიჩების დამზადებისას, როგორც წესი, პასტელურ ტონებს იყენებდნენ და მდიდრულად რთავდნენ მცენარეული ორნამენტებით.
ყარაბაღული სკოლა – ყარაბაღულ სახლებს თითქმის ფეხბურთის მოედნის ზომის ოთახები ჰქონდა და იმისათვის, რათა იატაკები სრულად ყოფილიყო დაფარული, თითოეული ოთახისთვის ხუთი ხალიჩისგან შემდგარ კომპლექტებს ქსოვდნენ. ყარაბაღული ხალიჩების მთავარიგანმასხვავებელ ნიშნებად მისი მკვეთრი ფერები და ყვავილების ორნამენტები ითვლება. როგორც წესი, ამ ხალიჩებს შალისგან ამზადებენ.
გუბა-შირვანის სკოლა – ამ ტიპის ხალიჩები თავშეკავებულობითა და სიმკაცრით გამოირჩევა, ორნამენტებად კი მეტწილად არა ყვავილების, არამედ მედალიონების გამოსახულებები გამოიყენება. ეს მედალიონები, რომლებიც გუბა-შირვანის რეგიონის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, ერთ, ან რამდენიმე რიგადაა ხოლმე განლაგებული.
ბაქოური სკოლა – ბაქოში მეხალიჩეობა სხვა რეგიონებთან შედარებით ბევრად უფრო სუსტად იყო განვითარებული. როგორც წესი, ბაქოელები თავად არ ქსოვდნენ ხალიჩებს. ისინი სხვა კუთხეებიდან ეზიდებოდნენ ქსოვილებს და ვაჭრობდნენ. ამიტომ შეიძება ითქვას, რომ ამ სკოლას თითქმის არაფერი აქვს საამაყო. თუმცა,სპეციფიკური თავისებურებები ბაქოური ხალიჩებსაც ახასიათებს. აქაური ქსოვილები უბრალო გეომეტრიული ორნამენტებითა და სპეციფიკური ფერებით გამოირჩევა (უნდა აღინიშნოს, რომ ბაქოული ხალიჩების ფერთა გამაში „ოხრა“ ჭარბობს).
|
ეს ყველაფერი საოიან, ანუ „ფაფუკ“ ხალიჩებს შეეხება. თუმცა, არსებობს გლუვი ხალიჩებიც, რომლებიც უფრო მარტივად იქსოვება და ბევრად უფრო პრაქტიკულია. ასეთ ხალიჩებს არამხოლოდ კედლებისა და იატაკების „შესამოსად“, არამედ მარილისა და პურის შესანახი ჩანთების, ტომრებისა და ჩულების დასამზადებლად იყენებდნენ.
რა არ იცით ხალიჩების შესახებ: საუბრობს ხელოვნებათმცოდნე მაჰნურა ალიევა
- ხალიჩები არ უნდა დავახვიოთ რულონებად. არ შეიძლება მათზე ნაფტალინის დაყრა და ქსოვილების მუმიებივით შენახვა. ასეთი მოპყრობით ის სამუდამოდ დაზიანდება. ხალიჩები უნდა გამოიყენონ და გაცვითონ. ამით ხალიჩის ხარისხი უმჯობესდება. თუმცა, ამ ქსოვილების მიმართ უდიერი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს.
- ხშირად ხალიჩებს ისლამური კულტურის ნაწილად მიიჩნევენ, რაც არ არის სწორი. ეს ქსოვილები მონოთეიზმამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა და აზერბაიჯანულ ხალიჩებზე ხშირად შეხვდებით დრაკონების სტილიზებულ გამოსახულებებს, ზოროასტრიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებსა და სხვა სიმბოლოებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ისლამთან და გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება კიდეც ამ სწავლებას. გამონაკლისს მხოლოდ ლოცვისთვის განკუთვნილი სპეციალური ხალიჩა წარმოადგენს.
- აზერბაიჯანელები უცხოელებზე ბევრად უფრო ხშირად ყიდულობენ ანტიკვარულ ხალიჩებს. იმიტომ რომ უცხოელებისათვის ხალიჩის საზღვარგარეთ გატანა საკმაოდ რთულია. იმპორტირებისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო, 50 წლის, ან უფრო ძველი ხალიჩების გატანა კი საერთოდ იკრძალება.
- ხელით ნაქსოვი ხალიჩა უბრალოდ მდიდრული ახირება კი არა, კარგი კაპიტალდაბანდებაცაა – ინვესტიცია, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ოქროს და დროთა განმავლობაში მისი ღირებულება იზრდება.
- ხალიჩების ქსოვის წესები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, შედარებით მცირე ხნის წინ იქნა შემუშავებული. ადრე ფეიქრები მეტწილად იმპროვიზაციას მიმართავდნენ მუშაობისას, ამიტომ თითოეული ხალიჩა მათი განწყობის, ცხოვრებისეული მოვლენების გამომხატველი შეიძლებოდა, ყოფილიყო.
თავად მაჰნურა ალიევა დღემდე მისტირის ერთ ძველ ხალიჩას, რომელიც დაკარგა:
«როდესაც მშობლებთან ვცხოვრობდი, ოჯახში ერთი ძველი, გახუნებული, მაგრამ ძალიან ლამაზი ხალიჩა გვქონდა. ერთხელ შინ დაბრუნებულს ბებიამ მითხრა, რომ ვიღაც გადამყიდველები იყვნენ მოსულები, რომლებსაც ის ძველი ქსოვილი მისცა, სამაგიეროდ კი ორი ახალი ხალიჩა მიიღო. ახალი ხალიჩები ვნახე, თავზარი დამეცა – მანქანით დამზადებული საშინელი ქსოვილების ნაჭრები ძალიან განვიცადე. ბებიას კი მიაჩნდა, რომ ეს სარფიანი გარიგება დავდეთ».
ხალიჩა ბარაკ ობამასათვის
სანუბარ ნაბიევა შეკვეთით ქსოვს ხალიჩებს. გალერეები გასაყიდ ტრადიციულ ხალიჩებს უკვეთავენ, მსხვილ კომპანიებს საკუთარი ლოგოებით დამშვენებული პატარა ხალიჩების შეძენა სურთ, სტუდენტები კი სადიპლომო ნამუშევრის მოქსოვას ითხოვენ ხოლმე (აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი არსებობს).
მის მიერ ნაქსოვ ხალიჩებს შორის აღსანიშნავია ბარაკ ობამასა და მისი ოჯახის ჯგუფური პორტრეტი, რომ აღარაფერი ვთქვათ დმიტრი მედვედევსა და „მეზობელი ქვეყნების“ სხვა პოლიტიკოსებზე. აზერბაიჯანში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, სტუმრად ჩამოსულ მაღალჩინოსნებს მათივე გამოსახულებით დამშვენებულ ხალიჩებს ჩუქნიან ხოლმე.
ხშირად უკვეთავენ ხალიჩებს, რომლებზეც ძველი აღმოსავლური მინიატურები, პოეტ ნიზამის ნაწარმოებების სცენები და ბიბლიური სცენებია გამოსახული (მაგალითად, ედემის ბაღში მყოფი ადამი და ევა, რომლებსაც ეთიკის ნორმების დაცვით გამოსახავენ, ან მოსე, რომელსაც ხელში ათი მცნების ფილები უჭირავს).
ერთი შეხედვით, ამ ხელობაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფეიქარს ნამდვილად არ ეტყობა, რომ სამუშაო სიხარულს ანიჭებს:
«მინდა, თურქეთში ჩავიდე და მასწავლებელი გავხდე. მათ პასუხს ველოდები. აქ ხალიჩის მქსოველს ვერ აფასებენ. მოდიან და მეუბნებიან, რომ ძალიან კარგი ხალიჩა უნდათ, მაგრამ როდესაც ფასს უსახელებ, ძვირიაო, გეუბნებიან და გევაჭრებიან. არადა საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, რომელსაც ფეიქარი ხელით ასრულებს. ამას გარდა, ფინანსურმა კრიზისმაც იქონია გავლენა – ამჟამად გაცილებით უფრო ნაკლებ შეკვეთას ვიღებ, ვიდრე ადრე.»
ხალიჩა, როგორც დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალება
თანამედროვე აზერბაიჯანელისთვის “მეშჩანობის” კლასიკურ სიმბოლოს კედელზე გაკრული ხალიჩა წარმოადგენს. ოთახის მორთულობის ეს ელემენტი ძალიან პოპულარული იყო 80-იან და 90-იან წლებში, მაგრამ მოგვიანებით კედლის ხალიჩები ისეთივე სიმძაფრით შეიძულეს, როგორც ადრე უყვარდათ. თუმცა, ამ მიდგომას ყველა არ იზიარებს.
«არ მესმის, რატომ თვლიან სიმახინჯედ კედელზე გაკრულ ხალიჩას. რატომ უნდა ითქვას მასზე უარი იმ შემთხვევაში, თუკი ლამაზია და ინტერიერს უხდება?»
– კითხულობს 21 წლის აზიზა მუსტაფაზადე, რომლიც მეხალიჩეობის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელია ბაქოში.
მეხალიჩეობა აზიზას გარდატეხის ასაკის პრობლემების გადატანაში დაეხმარა, შემდეგ კი მის პროფესიად იქცა:
«დეპრესიასთან საბრძოლველად სხვა მოზარდები როკს უსმენდნენ, მე კი ხალიჩებს ვქსოვდი და ეს რეალურად მეხმარებოდა. დღემდე დასვენებისა და მოდუნების საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის. თუნდაც სამსახურის შემდეგ. თუმცა, შესაძლოა, ვინმეს უცნაურადაც მოეჩვენოს ეს ყველაფერი, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ სამსახურშიც ხალიჩების ქსოვით ვარ დაკავებული».
სანუბარ ნაბიევაც ადასტურებს, რომ ხალიჩის ქსოვა ადამიანს აწყნარებს. პირადად მას ყველაზე მეტად ის ხმა ამშვიდებს, რომელიც თვალის გამოყვანისას ისმის.
«ბაქოში ხალიჩა სუვენირადაა ქცეული, მაგრამ ბევრ სოფელში დღემდე სახლისთვის ქსოვენ. ეს საქმე ბევრმა ქალმა იცის. ხალიჩებს არამხოლოდ ოსტატები, არამედ რიგითი ადამიანებიც ამზადებენ, – ამბობს მქსოველი, -ზაფხულში იშვიათად ქსოვენ ხალიჩებს, იმიტომ რომ წელიწადის ამ მონაკვეთში ბევრი სხვა სამუშაო აქვთ ბაღებსა და მინდვრებში. მაგრამ როგორც აცივდება, დაზგებთან სხდებიან და მეტწილად პრაქტიკულ, იატაკზე დასაფენად ვარგის ხალიჩებს ქსოვენ».