ყარაბაღი: ახალი ეტაპი?
გუშინ, 16 მაისს ვენაში სარგსიანსა და ალიევს შორის მინსკის ჯგუფის შუამავლობით გამართული შეხვედრა სომხეთსა და აზერბაიჯანში დღის მთავარ ამბად იქცა. მოლაპარაკებებში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე მხარეებს წარმოადგენდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საქმეებში, ხარლემ დეზირი.
მოლაპარაკებების შედეგები
- თანათავმჯდომარეების მთავარი გზავნილებს წარმოადგენს კატეგორიული უარი კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებაზე და 1994 და 1995 წლებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმებების დაცვის აუცილებლობის აღიარება;
- სერჟ სარგსიანმა და ილხამ ალიევმა დაადასტურეს, რომ ზავის დაცვასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ემხრობიან;
- ორივე პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ ეუთომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტების გამოძიება უნდა დაიწყოს;
- ასევე, მხარეები ეუთოს პირადი წარმომადგენლის ოფისის გაფართოებაზეც აცხადებენ თანხმობას;
- სერჟ სარგსიანის და ილხამ ალიევის შეთანხმებით, წითელი ჯვრის ეგიდით, უგზოუკვლოდ დაკარგულების შესახებ ინფორმაციის გაცვლა გაგრძელდება;
- პრეზიდენტების ორმხრივი თანხმობით, გადაწყდა, რომ ა.წ. ივნისში მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპს გამართავენ იმისთვის, რათა სრულმასშტაბიან დარეგულირებას მიაღწიონ.
‘შეინიშნება პროგრესი საფრანგეთის მიერ უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნასთან დაკავშირებული შეთავაზების თვალსაზრისით. და… აზერბაიჯანის დაჟინებული მოთხოვნა, რომ ივნისში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რომელიც უნდა განისაზღვროს როგორც – ‘ფართომასშტაბიანი’. კიდევ ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ ეს უკვე კარგი დასაწყისია. ეს ადასტურებს, რომ როდესაც საქმეში სამი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთვება, სომხეთსა და აზერბაიჯანს საშუალება ეძლევათ, რეალურ შეთანხმებას მიაღწიონ – ასეთი განცხადება გამოაქვეყნა Carnegie Endowment for International Peace-ის ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, ტომ დე ვაალმა ‘ფეისბუკის’ საკუთარ გვერდზე.
ვენის მოლაპარაკებების დასრულებისთანავე სერჟ სარგსიანმა თვითმფრინავშივე გამართა პრესკონფერენცია. მან განაცხადა: ‘აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ მის ქვეყანას და პირადად მას პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება არ აქვთ გამიზნული. თქვენ კარგად გესმით და ხვდებით კიდეც, რა რეაქცია მექნებოდა ამ განცხადებაზე. აღვნიშნე, რომ ეს კარგია, მაგრამ მსგავსი განცხადებები ნდობას არ იმსახურებს, რადგან ასეთი საუბრები ადრეც ხშირად გამართულა, თუმცა, რეალურად უკვე რამდენიმე წელია, [სამშვიდობო] შეთანხმება არ სრულდება.’
სომხეთის პრეზიდენტი:სერჟ სარგსიანი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი: ილხამ ალიევი
მოლაპარაკებების პარალელურად, ერევანში განიხილებოდა კანონი ‘არწახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ’. 16 მაისს საგარეო ურთიერთობების მუდმივმა საპარლამენტო კომისიამ მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს და, შედეგად, აღნიშნული დოკუმენტი ეროვნული კრების პლენარულ სხდომაზეც კი არ გაუტანიათ.
ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ერევნელი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ აღიარების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუკი დასაკარგი აღარაფერი იქნებოდა.
და მაინც, საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებები ისმოდა. კერძოდ კი ეროვნული კრების საგარეო კავშირების მუდმივი კომისიის თვმჯდომარემ, მმართველი რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა არტაგ ზაქარიანმა განაცხადა:
‘მთიანი ყარაბაღის რესაპუბლიკა, ფაქტობრივად, შემდგარი სახელმწიფოა, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით მომწიფების პროცესშია და არ არის საჭირო ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმა, რაც თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს პარტნიორებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს და საშუალებას არ მისცემს ჩვენს მეგობრებს… მშვიდობიანი მოლაპარაკებების ლოგიკით, საერთაშორისო აღიარების მონაწილედ აქციოს ყველა. ახლა ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ საკითხისკენ უნდა მივმართოთ.’
დღეს დილით, მოლაპარაკებების მომდევნო დღეს ორივე მხარე ყარაბაღის გამყოფ ზოლზე მომხდარი ახალი ინციდენტების შესახებ იუწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა АПА-ს განუცხადა:’კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, 17 მაისს ჯარების გამყოფ ზოლზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურე, ნატიგ ნამიგოღლუ ტაირლი დაიღუპა.’
მომხდარ ინციდენტების შესახებ ავრცელებდა ცნობას სომხეთის ყველა საინფორმაციო სააგენტოც. აღნიშნული მედიაორგანიზაციები მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობებს ეყრდნობოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ‘აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინავე ხაზზე პროვოკაციული და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ჩაიდინეს.’
საინფორმაციო წყაროების მიხედვით, ყველაზე დიდი დაძაბულობა აღინიშნებოდა სამხრეთ-დასავლეთ (ჰადრუთი) და აღმოსავლეთ (მარტუნი) მონაკვეთებში, ‘რის შედეგადაც 17 მაისის ღამეს თავდაცვის არმიის სასწრაფო სამსახურის 20 წლის ჯარისკაცი, ხაჩატურ არუთიუნიანი დაიღუპა.’
ერევანი
სოციალურ ქსელებში
სოციალური ქსელების სომხურ ნაწილში ზემოაღნიშნულ მოლაპარაკებებს აქტიურად განიხილავენ.
ერთ-ერთ პოპულარულ პოსტს ჰქვია ‘როგორ შეაფურთხა ი. ალიევმა სახეში ვენის შეხვედრის ყველა მაღალჩინოსან მედიატორს.’
‘ჩვენ იქ მოლაპარაკებებს გავმართავთ, აქ კი ჩვენს ჯარისკაცებს დახოცავენ! სწორედ ასე მოიქცა ალიევი (სწორედ მისი განკარგულებით ცდილობდნენ, მოლაპარაკების პარალელურად, ყარაბაღში არსებული ვითარების ესკალაცია მოეხდინათ. ამაში ეჭვი არავის ეპარება, მათ შორის, ვისაც კარგად ესმის აზერბაიჯანის შიდა მმართველობის მთელი ფილოსოფია). საინტერესოა, მოჰყვება თუ არა ამ ყველაფერს ის საერთო განცხადება, რომლის ტექსტიც, მედიატორების მტკიცებით, უკვე შეთანხმებულია? როგორი დამოკიდებულება ექნებათ იმ უპატივცემულობის მიმართ, რომელიც ასე ცინიკურად და თავხედურად გამოხატა მათ მიმართ თავად ალიევმა! ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება, თუ რომელმა მხარემ დაარღვია 5 აპრილს ის ზეპირი, ე.წ. შეთანხმება?’
ერთ-ერთი სომეხი მომხმარებლის მიერ აზერბაიჯანულ მედიაში აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისი ბმულის გამოქვეყნებას, ასეთი კომენტარები მოჰყვა:
‘ღამით აზერბაიჯანულ მხარეს დაღუპულ ამ ჯარისკაცს რაც შეეხება, ყველას გირჩევთ… გაარკვიოთ, კონკრეტულად როდის გარდაიცვალა აზერბაიჯანის არმიის ეს ჯარისკაცი. ამ სისხლიან დამალობანას ტანმაღალი და მაღალი ჩინის, ყველაზე მთავარი აზერბაიჯანელი გვეთამაშება.’
სოციალური ქსელების სომხურ ნაწილში ორივე ტენდენცია არსებობს:
1. ‘ომის დაწყების არ უნდა გვეშინოდეს, უნდა ვაღიაროთ ყარაბაღი’;
2. ‘არავითარი ომი! ბრძოლის ველზე ხომ ადამიანები იხოცებიან.’
‘ჩვენი ერი ბრძენია. ხალხმა იცის, როგორ უნდა გადაწყვიტოს პრობლემა, მაგრამ ხელისუფლება ხელს უშლის. ხალხმა იცის, რომ აზერბაიჯანი უნდა ვაიძულოთ, კაპიტულაციას დათანხმდეს. ამ ქვეყანას გაკვეთილი უნდა ჩავუტაროთ, მაგრამ ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და ხალხს უფლებას არ აძლევს, თავად გადაწყვიტოს ეს საკითხი. ოთხდღიანი ომის დროს გაერთიანება არ ნიშნავს, რომ ხალხი ხელისუფლებას ენდობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების (ანუ იმის, რაც ხელისუფლებამ აღუთქვა მოსახლეობას) იმედი აქვთ.’
‘მიკვირს პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებაზე რომ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისი ვაჟებიც ჯარში არიან. მე შვილები არ მყავს, თუმცა არ შემიძლია, სხვისი შვილი ვაიძულო, წავიდეს და იომოს იმისთვის, რაც მშვიდობიანი გზითაც შეიძლება გადაწყდეს. დარწმუნებულები იყავით, რომ ხელისუფლება უკეთ ერკვევა საქმის ვითარებაში – კონფლიქტის სამშვიდობო გზით გადაწყვეტის შანსი რომ არ იყოს, მოლაპარაკებებზე არ წავიდოდნენ.’
ფოტო: სააგენტო PanARMENIAN
ექსპერტთა მოსაზრება
პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის ექსპერტი, პოლიტოლოგი რუბენ მეღრაბიანი
‘ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ ამუშავდეს ის მექანიზმი, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მოქმედებდა. ამ სცენარის მიხედვით, ილხამ ალიევი მოსკოვის წაქეზებით, ჭურჭლის მსხვრევას იწყებს ხოლმე. ყველასდათვის ცხადია, რომ მოსკოვის მხარდაჭერისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების გარეშე, ვერასდროს მოახერხებდა ასეთი მასშტაბების სამხედრო ოპერაციების დაწყებას – რადგან, მოსკოვის გარდა, აზერბაიჯანი ასე არავის შეუიარაღებია.
საზღვარზე აუცილებლად უნდა დაინერგოს მუდმივი მონიტორინგის მექანიზმები. სამხედრო ტექნიკური ზომების გატარებაა საჭირო, რაც მსგავსი შემთხვევების განმეორების ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს.
ასეთ შემთხვევაში, ზავის დარღვევა და ამ ქმედების მოწინააღმდეგესთვის დაბრალება აღარ გამოვა. დარღვევას დასჯით უნდა გაეცეს პასუხი.’
პოლიტიკური ანალიტიკოსი ოვსეფ ხურშუდიანი
‘არწახის აღიარება არსებითად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ რეგიონში დაგეგმილ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. სულაც არაა შემთხვევითი, რომ პრეზიდენტ ობამას მშობლიურმა შტატმა ჰავაიმ მარტის ბოლოს, ზუსტად ბირთვული სამიტის დღეებში (მაშინ, როდესაც სარგსიანი და ალიევი ვაშინგტონში იმყოფებოდნენ) აღიარა არწახი.’
აზერბაიჯანი
სოციალური ქსელები
პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელები თავშეკავებულად შეხვდნენ. აქტუალური საკითხების ნუსხაში სხვა პრობლემებია დღის წესრიგში – წყლის ტარიფის ზრდა და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერის, ბაირამ მამედოვის ნაამბობი იმ წამების შესახებ, რომელიც მან პოლიციის განყოფილებაში გადაიტანა.
შედარებით უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ ფორუმ disput.az-ის მომხმარებლები. ისინი ერთსულოვნებას იჩენენ და აღნიშნავენ, რომ ეს შეხვედრა აზერბაიჯანს დადებით შედეგს არ მოუტანს და ყარაბაღის ტრიუმფალური დაიბრუნება ვეღარასდროს მოხდება.
სახასიათო კომენტარები:
‘სამაგიეროდ, ახლა ჯიბის ანალიტიკოსები ტელევიზორში მოლაპარაკებებზე მიღწეული წარმატებების შესახებ კომენტარების კეთებას ერთმანეთს ასწრებენ… სინამდვილეში კი პრობლემის რეალურად გადაწყვეტის შანსი გავუშვით ხელიდან .’
‘ჯერ არ მსმენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველა გავიგონებთ… ჯერჯერობით ტყუილის ტექსტს ამზადებენ. ვიდრე მოამზადებენ, წავალ, მანქანიდან დროშას ჩამოვხსნი.’
‘ამ შეხვედრიდან არაფერს მოველოდი. რაც უნდა სასტიკად ჟღერდეს, ჩვენს სასარგებლოდ რაიმე მხოლოდ ომის გზით შეიძლება გადაწყდეს. სხვა ყველაფერი უბრალოდ მზაკვრული ხაფანგია.’
‘ახლა სომხური დიპლომატია არწმუნებს დასავლეთს, რომ სომხეთის უარი ‘აღმოსავლეთის პარტნიორობასა’ და სხვა პროექტებზე იმით არის განპირობებული, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას სომხეთის წინააღმდეგ შანტაჟისათვის იყენებს. ანუ სომხებმა რუსების იარაღად წარმოგვაჩინეს, რაც ჩვენი დიპლომატიის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს.’
‘მე საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ ოთხდღიანი ომი ჩვენ მოვიგეთ. სომხები განგებ დაგვნებდნენ, რომ დღევანდელი შედეგი მიგვეღო.’
‘ჰო, რამდენიმე რაიონის დაბრუნების იმედი გვქონდა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მოგვატყუეს.’
ექსპერტთა შეფასება
‘გუშინდელმა მოლაპარაკებებმა, საყოველთაოდ ცნობილი ეტაპობრივი მიდგომის საფუძველზე, კონკრეტული შეთანხმებების მიღწევის შანსი გააჩინა,’ – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა.
ჟურნალისტი შახინ რზაევი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ვენის შეხვედრაზე მხარეები, პირველ რიგში, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყარაბაღის პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. ‘კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ სერგეი ლავროვმა საკუთარი ავტორიტეტი რისკის ქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ რუსეთი მხარეებს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტაში დაეხმარება. ვფიქრობ, მოლაპარაკებების გაყინული პროცესი ამ წლის ბოლომდე დაიძვრება.